საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ლევან მატიაშვილი (+100 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. რეზო წულუკიძე (90 კგ), გურამ თუშიშვილი (100 კგ) და როსტომ ხახალეიშვილი (+100 კგ) კი ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.
მატიაშვილი ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად უკრაინელ მიკიტა დიბრინს დაუპირისპირდება. სწორედ დიბრინმა გამოთიშა ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას ხახალეიშვილი, რომელიც რეპეშაჟის ფინალში კიდევ ერთ უკრაინელს, ანდრეი კოლესნიკს შეხვდება. წულუკიძის მეტოქე ჰოლანდიელი მაქს დე ვრეეზეა, ხოლო თუშიშვილის – ფრანგი ნაბილ მაჩტრუ.
დღესვე ტურნირში ლაშა ტაველური (90 კგ) და გიორგი ქავთარაძეც (100 კგ) ჩაერთნენ, მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, ხორვატიის ქალაქ პორეჩში ევროპის ჩემპიონატი მესამე დღეა მიმდინარეობს. გუშინწინ და გუშინ ვაჟებში მედლების 5 კომპლექტი გათამაშდა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ანგარიშზე 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა.
ოთარ მაღლაკელიძე







