უკრაინის დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის განვლილ ტურში, მარიუპოლის “ილიჩივეცმა” შინ სიმფეროპოლის “ტავრია” 5:1 დაამარცხა და მასპინძლებიდან ერთი გოლი საკუთარ ანგარიშზე ლევან მახარაძემ ჩაიწერა. 20 წლის ფეხბურთელი ამპლუით მცველია და უკრაინაშია დაბადებულ-გაზრდილი. მას “დნიპროს” ახალგაზრდულ გუნდში უთამაშია და ბოლო ორი წელია “ილიჩივეცში” ირიცხება. გთავაზობთ ინტერვიუს მახარაძესთან, რომელიც მარიუპოლელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩამოართვა.
- განვლილი მატჩის შესახებ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა?
- მთავარი იყო, რომ მატჩისთვის კარგად მოვმზადებულიყავით, პირველივე წუთიდან გვებრძოლა და ყურადღება არ მიგვექცია იმ ფაქტისთვის, რომ ჩვენ პირველ ადგილზე ვართ, ხოლო მეტოქე სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში. ასეც მოვიქეცით და იოლად გავიმარჯვეთ.
- გოლები არცთუ ხშირად გაგაქვს, რადგან ამპლუით ცენტრალური მცველი ხარ და ეს შენი პირდაპირი მოვალეობა არაა, მაგრამ ამის მიუხედავად, განვლილ მატჩში გაიტანე. ვარჯიშებზე სტანდარტულ სიტუაციებს ამუშავებთ?
- როდესაც მცველად თამაშობ, გოლის გატანის შესაძლებლობა ხშირად არ გაქვს და ყოველთვის სასიამოვნოა როცა გაგაქვს. რა თქმა უნდა, ვარჯიშებზე სტანდარტულ მდგომარეობებს ვამუშავებთ.
- სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ყოფნა როგორ გრძნობებს იწვევს?
- ცხადია, ეს ყველას გვახარებს, მაგრამ წინ ბევრი მატჩი გველის. თუ პირველ ადგილს შევინარჩუნებთ, შედეგით ყველა კმაყოფილი ვიქნებით.
- შენთვის ფეხბურთში კერპი ვინ არის?
- ჯონ ტერი.









