საქართველო-ალბანეთის მატჩის 74-ე წუთი იყო, როცა ჯანო ანანიძე ლევან ყენიამ შეცვალა. გულშემატკივრები ოვაციით შეხვდნენ 21 წლის ნახევარმცველის მინდორზე შესვლას. ყენიას ხომ 2009 წლის ოქტობრის შემდეგ არათუ ნაკრებში, კლუბშიც კი არ უთამაშია. კოჭისგან გაწვალებული ფეხბურთელი ისევ მოედანზეა, ისევ თამაშობს. ყენია სულ რამდენჯერმე შეეხო ბურთს, თუმცა მისგან ალბანეთთან განსაკუთრებულ თამაშს არც არავინ ელოდა – ჯერ ფორმაში უნდა შევიდეს.
ყენია მატჩის შემდეგ ირგვლივ შემოკრებილ ბავშვებს ავტოგრაფებს ურიგებდა და ეტყობოდა, რაღაც განსაკუთრებულ ემოციებში გახლდათ.
ლევანმა "მსოფლიო სპორტთან" საუბარში თქვა:
- ძალიან გახარებული ვარ. რაც მთავარია, მოედანზე ვიყავი და თამაშში მონაწილეობა მივიღე. ორწელიწადნახევრის შემდეგ, ეს ჩემი პირველი თამაში იყო. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, მართლაც სასიამოვნო დღეა ჩემთვის.
- შიშის მომენტი ხომ არ გქონდათ თამაშისას?
- ოდნავ მქონდა, მაგრამ მალე ყველაფერი გაივლის. დრო მჭირდება ფორმაში შესასვლელად. რაც მთავარია, სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. დღეს მეტყობოდა კიდეც, რომ ფორმაში ჯერ არ ვარ. ბურთს წესიერად არც შევხებივარ, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად წარიმართება.
- რაც ვარჯიში დაიწყეთ, გრძნობთ, რომ ნელ-ნელა უმატებთ?
- დიახ. არადა, იყო დრო, ფეხბურთისთვის თავის დანებებას ვაპირებდი. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავი.
ილია ნანობაშვილი









