საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 1 მედლით დაასრულა. 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე სოსო ჯაბიძემ ევროდებიუტი ბრინჯაოთი აღნიშნა. ქართული შვიდეულის დანარჩენი 6 წევრიდან უმეტესობამ მხოლოდ ჩასათვლელი ქულების მოპოვება შეძლო და საქართველო გუნდურ ჩათვლაში მე-5 ადგილზე გავიდა.
ბეგი დარჩიამ აზერბაიჯანში გადახალისებული შემადგენლობა ჩაიყვანა. ტრავმებისა და პირადი მიზეზების გამო ხალიჩაზე გასვლა დავით ნედინაძემ (60 კგ), მანუჩარ ცხადაიამ (66 კგ), მანუჩარ კვირკველიამ (74 კგ), ბადრი ხასაიამ (84 კგ) და რამაზ ნოზაძემ (96 კგ) ვერ შეძლეს და ამხელა დანაკლისის გათვალისწინებით, ქართული გუნდისგან დიდ წარმატებას არც არავინ ელოდა.
ჯაბიძე საქმეში ორდღიანი შეჯიბრის მეორე დღეს ჩაერთო. კენჭისყრამ იგი პირდაპირ მერვედფინალში ჩასვა, სადაც ესტონელ არდო არუსაარს სამსეტიან დაძაბულ ბრძოლაში აჯობა. მეოთხედფინალში კი უმთავრეს ფავორიტთან დამარცხდა. ოლიმპიური და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, რუსი ასლანბეკ ხუშტოვი ამჯერადაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, ქართველი მოჭიდავე კი რეპეშაჟში გადაერთო სადაც ჯერ აზერბაიჯანელი საბუჰი ჰუმბატოვი ჩამოიცილა, შემდეგ პოლონელი ანდრეი დებერნი.
გუშინვე, აზერბაიჯანულ ხალიჩაზე არსენ კახაბრიშვილი (84 კგ) და დიმიტრი ჯავახიშვილიც (120 კგ) გავიდნენ. კახაბრიშვილი მერვედფინალში, გერმანელ იან ფიშერთან დამარცხდა და სულ მალე, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგა, რადგან ფინალამდე მისვლა ვერც ამ გერმანელმა შეძლო. ჯავახიშვილის მეოთხედფინალში მძლეველმა, თურქმა რიზა კაიაალპმა კი შემდეგი მეტოქეც ჩამოიცილა და ქართველ მძიმეწონოსანს დამამშვიდებელი ეტაპის გზა გაეხსნა, მაგრამ რეპეშაჟის პირველსავე წრეში დამარცხდა.
პირველ დღეს ხალიჩაზე ლაშა გოგიტაძე (55 კგ), რევაზ ლაშხი (60 კგ), ანტონ მამაგეიშვილი (66 კგ) და გენადი გოგიშვილი (74 კგ) გავიდნენ.
გოგიტაძესა (55 კგ) და მამაგეიშვილს (66 კგ) ფინალის გზა მეოთხედფინალში, რუსმა მოწინააღმდეგეებმა გადაუღობეს. ლაშა გერმანელ ოლივერ რანგესა და სერბ კრისტიან ფრისს საკმაოდ იოლად, ორ-ორ სეტში გაუსწორდა და მეოთხედფინალში ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ ნაზირ მანკიევთან უშანსოდ დამარცხდა. ამ უკანასკნელმა ფინალშიც გააღწია. გოგიტაძე კი რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც რუმინელ ვირგილ მუნტეანუს ადვილად აჯობა. ხოლო “ბრინჯაოს ფინალში” უნგრელ პეტერ მოდოშთან დამარცხდა.
მამაგეიშვილმა ჩემპიონობაზე ფიქრი ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტთან, ევროპის მოქმედ ჩემპიონ ამბაკო ვაჩაძესთან მარცხით დაასრულა. რუსეთის სახელით მოჭიდავე ქართველმა 2 სეტში იმარჯვა. შემდეგ კი კიდევ 2 მეტოქე ჩამოიცილა და ევრო-დუბლი შეასრულა. ანტონმა კი დამამშვიდებელ ეტაპზე ნორვეგიელ მარიუს თომესენს სძლია და გადამწყვეტ შეხვედრაში, გოგიტაძის მსგავსად ისიც უნგრელ მეტოქესთან, ტამაშ ლორენცთან დაიჩაგრა. ძირითად ბადეში, ვაჩაძესთან დაჭიდებამდე მამაგეიშვილმა მოლდოველი ტუდორ გაივანი და პოლონელი ტომაშ სვიერსკი დატოვა უმედლოდ.
რევაზ ლაშხი ჩემპიონატში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთო. საბერძნეთის სახელით მოასპარეზე არტურ ჩაცატუროვს უპრობლემოდ გასცდა, მაგრამ მოულოდნელად, რუმინელ ეუსებიუ იანკუ დიაკონუსთან ვეღარას გახდა და რადგან დიაკონუც სწრაფადვე დამარცხდა, ქართველმა მესამე ადგილის შანსიც დაკარგა.
პირველ წრეში კენჭისყრამ გენადი გოგიშვილიც დაასვენა. შეჯიბრი მან მომავალ ჩემპიონთან, ბელარუს ალექსანდრ კიკინოვთან წაგებით გახსნა. რეპეშაჟის პირველსავე წრეში კი მომავალ ბრინჯაოსანთან, უკრაინელ დმიტრო პიშკოვთან წაიფორხილა.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები 27 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა. ყველაზე მეტი – 52 ქულა რუსეთმა მოაგროვა. მეორე-მესამე პოზიციები 38-ქულიანმა თურქეთმა და უკრაინამ გაინაწილეს, მეოთხე შედეგი კი აზერბაიჯანმა აჩვენა. მასპინძლებმა ქართველებს 4 ქულით გაუსწრეს.
ევროპის ჩემპიონატი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ბაქო. 17-18 აპრილი
55 კგ
1 ელჩინ ალიევი (აზერბაიჯანი)
2 ნაზირ მანკიევი (რუსეთი)
3 ვუგარ რაგიმოვი (უკრაინა)
3 პეტერ მოდოში (უნგრეთი)
5 ლაშა გოგიტაძე (საქართველო)
60 კგ
1 ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი)
2 კონსტანტინ ბალიცკი (უკრაინა
3 ზაურ კურამაგომედოვი (რუსეთი)
3 ტონიმირ სოკოლი (ხორვატია)
7 რევაზ ლაშხი (საქართველო)
66 კგ
1 ამბაკო ვაჩაძე (რუსეთი)
2 იონ იულიან პანე (რუმინეთი)
3 სტივ ჟენო (საფრანგეთი)
3 ტამაშ ლორინცი (უნგრეთი)
5 ანტონ მამაგეიშვილი (საქართველო)
74 კგ
1 ალექსანდრ კიკინოვი (ბელარუსი)
2 ელვინ მურსალიევი (აზერბაიჯანი)
3 დმიტრო პიშკოვი (უკრაინა)
3 პეტერ ბაკში (უნგრეთი)
24 გენადი გოგიშვილი (საქართველო)
84 კგ
1 ნაზმი ავლუჩა (თურქეთი)
2 ალექსეი მიშინი (რუსეთი)
3 მელონინ ნუმონვი (საფრანგეთი)
3 იან ფიშერი (გერმანია)
10 არსენ კახაბრიშვილი (საქართველო)
96 კგ
1 ასლანბეკ ხუშტოვი (რუსეთი)
2 ტიმოფეი ძეინიჩენკა (ბელარუსი)
3 სოსო ჯაბიძე (საქართველო)
3 ჩენს ილდემი (თურქეთი)
120 კგ
1 რიზა კაიაალპი (თურქეთი)
2 რადომირ პეტკოვიჩი (სერბეთი)
3 იოჰან მაგნუს ეურენი (შვედეთი)
3 მინდაუგას მიზგაიტისი (ლიტვა)
9 დიმიტრი ჯავახიშვილი (საქართველო)
გუნდური ჩათვლა
1 რუსეთი 52
2 თურქეთი 38
3 უკრაინა 38
4 აზერბაიჯანი 31
5 საქართველო 27
6 ბელარუსი 26
7 უნგრეთი 25
8 რუმინეთი 19
9 ხორვატია 17
10 საფრანგეთი 16
ოთარ მაღლაკელიძე







