ფეხბურთი

15:18 | 20.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერთა დაპირისპირება მილანში

იტალიის სერია ა-ს მესამე ტური დღეს “ჩეზენა”-“ემპოლის” მატჩით გაიხსნება, მოგვიანებით კი დღის და მთლიანად ტურის უმთავრესი დაპირისპირება  მილანში შედგება, სადაც ლიდერები “მილანი” და “იუვენტუსი” გაარკვევენ ურთიერთობას.

“ჩეზენა” – “ემპოლი”

20 სეტემბერი, “დინო მანუცი,” 20:00 საათი

“ჩეზენამ” სეზონი მოგებით დაიწყო. “დინო მანუციზე” პირველ ტურში “პარმა” დაამარცხა ალეხანდრო როდრიგესის თაურით. გოლი 35 წლის ფრანკო ბრიენზას პასს მოჰყვა. ვეტერან ცაციას 2005 წელს იტალიის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. მარჩელო ლიპი ორჯერ ენდო.

ჩრდილო-იტალიელები მეორე ტურში რომში ჩავიდნენ. პიერპაოლო ბისოლის მოთამაშეებმა “ლაციოსგან” სამი ბურთი მიიღიეს, თუმცა თავად არ გაუტანიათ. ამ დროისთვის “ჩეზენა” მე-12 ადგილზე იმყოფება.

ჩეზენელთა სასტარტო შემადგენლობაში იტალიელები თამაშობენ. გამონაკლისი ესპანელი ალეხანდრო როდრიგესია. “ესპანიოლის” აღზრდილი “ჩეზენაში” მესამე სეზონს ატარებს.

დღევანდელ შეხვედრაში “ჩეზენას” კაცოლა, ტაბანელი, მაგნუსონი, პულცეტი და დეფრელი დააკლდება,

ქულის გარეშეა ლევან მჭედლიძის “ემპოლი.”გუნდს გოლი არ გაუტანია და შესაბამისად მე-20 ადგილზე იმყოფება.

პირველ ტურში “ფრიულიზე” დი ნატალეს დუბლით წააგეს. ემპოლელთა შეტევის ხაზში “მილანის” ყოფილი მოთამაშე 22 წლის სიმონე ვერდი, გამოცდილი ფრანსეკო ტავანო და ლევან მჭედლიძე მოქმედებდნენ. მათ ფლანგებიდან “ფიორენტინას” ყოფილი მოთამაშე მატიას ვეცინო და დანიელე კროკე ეხმარებოდნენ.

გოლის გატანა მეორე ტურში მოახერხეს, თუმცა საკუთარ კარში. “ნაპოლის” ყოფილი მეკარის ლუიჯი სეპეს ავტოგოლით რუდი გარსიას გუნდმა “კარლო კასტელანიზე” მოიგო.

“ემპოლს” ერთადერთი დანაკლისი აქვს ქართველი ფორვარდის ლევან მჭედლიძის სახით. სავარაუდოდ, 24 წლის მოთამაშე მე-4 ტურში მზად იქნება მოედანზე გასასვლელად.

გუნდის განაცხადში ვერ ხვდება ირაკლი შეყილაძე. შესაძლოა მჭედლიძის დანაკლისი შეყილაძემ შეავსოს და სათადარიგოთა შორის ვიხილოთ.

 

მილანი – იუვენტუსი

20 სექტემბერი, “ჯუზეპე მეაცა,” 22:45 საათი

“ჩეზენასა” და “ემპოლის” მატჩის დასრულების შემდგომ ლიდერთა თამაში დაიწყება მილანში. ორი ტური შემდეგ ექვს-ექვსი ქულა – ასეთია “მილანისა” და “იუვენტუსის” შედეგი.

ფილიპო ინძაგი ორი წელი ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა, ზაფხულში “მილანის” ძირითად გუნდში დააწინაურეს და თუ განვლილი თამაშებით ვიხელმძღვანელებთ, კარგი მწვრთნელის რეპუტაციას ნელ-ნელა იძენს. პიპოს გარდა, გუნდში ახალი მოთამაშეებიც მივიდნენ. დიეგო ლოპესის, ალექსისა და მენეზის დამატება გაძლიერებას ნიშნავს.

პირველ ტურში “ლაციოს” მოუგეს. ხსენებულმა ალექსმა მატჩის ბოლოს საკუთარ კარში გაიტანა, თუმცა მანამდე ჰონდას, მუნტარისა და მენეზის თერთმეტმეტრიანით აიღეს ალბანელი მეკარის ეტრიტ ბერიშას კარი. “მილანმა” პირველი და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა.

მოგებას მოგება მოჰყვა, თუმცა უფრო გახსნილ და დრამატურ შეხვედრაში. “ენიო ტარდინიზე” მილანელთა კარში ოთხი გოლი გავიდა, თუმცა “პარმამ” ხუთი მიიღო. დუბლი შეასრულა მენეზმა, მეორე დღეს კი ინტერნეტ-სივრცე მისმა საოცარმა გოლმა მოიცვა. მენეზის მხარი ბონავენტურამ, ჰონდამ და დე იონგმა აუბეს.

ინძაგი ცდილობს მოთამაშეებმა გახსნილი და შემტევი ფეხბურთი ითამაშონ, თუმცა ასეთ ვითარებაში ხარისხი უმნიშვნელოვანესია. “მილანი” ყველა თამაშს ვერ მოიგებს, მაგრამ გულშემატკივარს თვალსასეირო ფეხბურთს შესთავაზებს.

დღევანდელ მატჩში დანაკლისით ითამაშებენ მასპინძლები. “ჯუზეპე მეაცაზე” ვერ ვიხილავთ ტრავმირებულ მონტოლივოს, ალექსს, დიეგო ლოპესს და საპონარას, დისკვალიფიცირებულია ბონერა.

ბოლო მატჩი ტურინელებმა ჩემპიონთა ლიგაზე გამართეს. ტევესის დუბლით “მალმიოს” ქულის მოპოვების შანსი დაუკარგეს და უდანაკარგოდ მოვიდნენ დღემდე.

სეზონი ტურინელებმა ვერონაში მოგებით დაიწყეს, თუმცა “კიევოს” კარში გოლი ვერ გაიტანეს. “მფრინავმა ვირებმა” ავტოგოლი საწყის წუთებში გაიტანეს, დარჩენილი დრო უგოლოდ გაილია.

ლიხშტაინერის პასით კარლოს ტევესმა პირველი გოლი “უდინეზესთან” გაიტანა. არგენტინელმა გოლს საგოლე პასიც მოაყოლა, როცა მარკიზიომ საბოლოოდ გატეხა სტუმრები.

ტურინელებს ანდრეა პირლო და მარონე დააკლდებიან.

დიმა შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094341