ნახიჭევანის ტურნირზე 6 ტური მიილია, ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი კი მიხეილ მჭედლიშვილს (2640) და ლევან ფანცულაიას (2556) გააჩნიათ, რომლებიც 4.0-4.0 ქულით, შესაბამისად, მე-11 და მე-13 ადგილებზე იმყოფებიან.
3.5 ქულით 25-ე პოზიცია უკავია ზურაბ ჯავახაძეს (2448), ხოლო ბაჩანა მორჩიაშვილი (2377) და გიგა ყუფარაძე (2489) 3.0.3.0 ქულით, 32-ე და 34-ე საფეხურებზე არიან.
ამ დროისთვის, აზერბაიჯანულ ტურნირს 3 ლიდერი ჰყავს, რომელთა აქტივიც 4.5-4.5 ქულაა: იგორ კურნოსოვი (რუსეთი, 2649). ელტაჯ საფარლი (აზერბაიჯანი, 2644) და ალექსანდრ ხალიფმანი (რუსეთი, 2614).
მე-7 ტურში ფანცულაია თეთრი ფიგურებით ბელარუს სერგეი ჟიგალკოს (2656) ეთამაშება, ხოლო მჭედლიშვილი შავებით რუს ალექსანდრ შიმანოვს (2639) დაუპირისპირდება.
ნახიჭევანის ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 1 მაისს დასრულდება. საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 10 ათასს მიიღებს, სულ კი თანხა 30 მოწინავეზე გადანაწილდება.







