“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის პირადი მდივანი ლინ ლეფინი, რომელმაც შოტლანდიელ სპეციალისტთან მეოთხედი საუკუნე გაატარა, კლუბის ოფიციალურ საიტს ესაუბრა. მისი თქმით, 70 წლის ფერგიუსონი უდიდესი პიროვნებაა და უკეთეს “ბოსს” უბრალოდ ვერც კი ინატრებდა.
- რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე სერ ალექს ფერგიუსონმა მასთან პირველი შეხვედრისას?
- ახლაც კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც ის “ოლდ ტრაფორდზე” პირველად მოვიდა. ნორმან დევისი, რომელიც იმ დროს გუნდის ეკიპირებაზე იყო პასუხისმგებელი, ოფისში შემოვიდა და გვითხრა, რომ შოტლანდიიდან ფეთქებადი ხასიათის და დიდი რეპუტაციის მქონე სპეციალისტი ჩამოვიდა. ჯოს და ნორმანს, იმ პერიოდისთვის არაერთი მენეჯერი ჰყავდათ გამოცვლილი, რომლებიც მოდიოდნენ და მიდიოდნენ, ამიტომ, ამ ფაქტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ, მე კი, ჩემთვის გავიფიქრე: “ღმერთო ჩემო!”. როდესაც ის და არჩი კიბეებზე ამოდიოდნენ, მაშინ გავიგე მე პირველად ფერგიუსონის ხმა და მისი ტემბრი სასიამოვნოდ მეჩვენა. ის შემოვიდა, ყველას გაგვეცნო, ძალიან მშვიდად გამოიყურებოდა და არაფრით ჰგავდა იმ ბიჭს, როგორიც გაზეთების ფურცლებიდან დაგვიხატეს. მან კარგად იცოდა, რომ ურთულესი სამუშაო ელოდა და გუნდში მხოლოდ იმისთვის იყო მიწვეული, რომ ნებისმიერი საშუალებით ჩემპიონატი მოეგო. თავიდანვე ჩანდა, რომ ის მართლაც ამისთვის მოვიდა “მანჩესტერში”.
- რას იტყვით მის შესახებ, როგორც უფროსზე?
- ულაპარაკოდ, ის უდიდესი “ბოსია”! ის ჩვენზე არასდროს აკეთებს დროის ეკონომიას და მუდამ ზრუნავს თავის ქვეშევრდომებზე. ეს მისი ის თვისებაა, რომლის შესახებაც ხალხმა არაფერი იცის. ის ძალიან კეთილგანწყობილია ასაკოვანი ადამიანების, ავადმყოფი ბავშვების მიმართ, რომლებიც კარინგტონში მოდიან. კარგად ექცევა ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომელთაც რჩევა ჭირდებათ. კლუბში მომუშავე ყველა პიროვნებას, ის ისე ექცევა, როგორც ოჯახის წევრს. ფერგიუსონი მუდამ ამას ამბობს: “ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ”. ახლახან მისი ორი ძველი სკაუტი გარდაიცვალა და ძლიერ განიცადა. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომელთან ერთადაც ფერგიუსონი თავიდანვე მუშაობდა. მათი გარდაცვალება მან გულთან ახლოს მიიტანა, რადგან მუდამ ლოიალურები იყვნენ კლუბის მიმართ. ის მუდამ ზრუნავს იმ ხალხზე, ვინც გარშემო არიან.
- მართალია, რომ მას ახლაც უყვარს ოფისში სიმღერა?
- (იცინის) დიახ, ის მუდამ მღერის. ნებისმიერი დილა რომელიმე სიმღერით იწყება. ბევრ ჩვენგანს მისი სიმღერა არც მოგვისმენია, რადგან, როგორც წესი, ის ოფისში დილის შვიდ საათზე მოდის, მაშინ, როდესაც დანარჩენი პერსონალი ცხრის ნახევარზე ადრე არ მოდის. ვფიქრობ, ფერგიუსონი სიმღერას მაშინათვე იწყებს, როგორც კი ბაზის კარს გასცდება და ფიქრობს, რომ ჩინებული მომღერალია (იცინის).
- ვინაა მისი საყვარელი შემსრულებელი?
- ძალიან მოსწონს სინატრა და იმ ეპოქის სხვა მომღერლები. საერთოდ სხვადასხვა ჟანრის მუსიკა უყვარს. გულგრილი არაა სხვადასხვა შოუებისა და მიუზიკლების მიმართ. მისი სახლი სავსეა სხვადასხვა ჟანრის დისკებით.
- გაოცდით, როდესაც გადადგომის შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა?
- არა, რადგანაც ფერგიუსონი მუდამ მეუბნებოდა, რომ გადადგომა ახალგაზრდების საქმეა, რომელთაც მერე შეუძლიათ წავიდნენ და სხვა საქმეს მოჰკიდონ ხელი. მე ვუპასუხე, რომ სამაგიეროდ, გადადგომის შემდეგ შევძლებდით ყველა იმ საქმის გაკეთებას, რომლებსაც ოფისში ყოფნის და მუშაობის გამო ვერ ვაკეთებდით, მან კი მიპასუხა: “არა. თუ ისეთ რთულ სამუშაოს ამდენის ხნის განმავლობაში აკეთებ, როგორც ჩვენ, უბრალოდ არ შეგიძლია ამ ყველაფრის ასე მარტივად მიტოვება”. მე მაინც მგონია, რომ ის მართალია. დარწმუნებული ვარ, ყოველ დილით იმ განცდით იღვიძებს, რომ მისი კლუბით ცხოვრება მშვენიერია და სწორედ ამიტომ მოდის ყოველ დილით ოფისში 7 საათზე. ის მთლიანად კლუბშია ჩაფლული. ფერგიუსონი მუდამ დილა ადრიან დგება იმ ბავშვივით, რომელსაც სკოლაში აგვიანდება. აი ასეთი დამოკიდებულება აქვს სამუშაოს მიმართ. თავისი ენთუზიაზმით ჩვენც დაგვაავადმყოფა. არ ყოფილა დილით შემთხვევა, რომ სამსახურში წასვლა დამზარებოდა. პირიქით, სულ ვფიქრობ, ნეტა დღეს რა მოხდება-თქო, რადგან აქ ყველა დღე ერთმანეთისგან განსხვავებულია.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა









