ინტერვიუები

14:54 | 10.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი: “ძალიან ამაყი ვარ”

ფიფას ოფიციალურ საიტზე “ოქროს ბურთის” ზედიზედ მესამედ მომგები არგენტინელი ვარსკვლავის, ლიონელ მესის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

- მიშელ პლატინის შემდეგ პირველი ხარ, ვინც ეს აღიარება ზედიზედ 3-ჯერ მოიპოვა. რას გრძნობთ?
- სამი “ოქროს ბურთი” ძალიან მეამაყება. მითუმეტეს, ეს ჯილდო უკანასკნელ სამ წელში მოვიპოვე. ერთის მოგება ურთულესია, სამზე რომ აღარაფერი ვთქვა. უბედნიერესი ვარ. წლევანდელმა ჯილდომ ისევე გამახარა, როგორც პირველმა.
- “ოქროს ბურთი” ხავი ერნანდესს მიუძღვენით. როგორც ფიქრობთ, ის მომავალშიც დაგითმობთ ამ პრიზს თუ თავადაც მოიპოვებს?
- ხავი ბრწყინვალე ფეხბურთელია. მას ბევრჯერ უთქვამს, რასაც ჩემზე ფიქრობს. ჩემი აზრი მის შესახებ არც მე დამიმალავს. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. უპირველესად, ტიტულებზე წინ მეგობრობას ვაყენებთ.
- ჯერ მხოლოდ 24 წლის ხართ. თქვენი საუკეთესო თამაში უკვე ვნახეთ თუ მომავალში გველის უკეთესი მესის ხილვა?
- იმედია, ასეთ ფორმას შევინარჩუნებ და გაუმჯობესებასაც შევძლებ. მინდა ბევრი გუნდური ტიტული მოვიგო. ვისურვებდი, ჩემი კარგი თამაშით არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად წარმატებას მიმეღწია.
- როგორ ფიქრობ, არგენტინის ნაკრებში ბევრი გაქვს დასამტკიცებელი?
- დიახ. მინდა სამშობლოს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. იმედია, ერთ დღეს, არგენტინის ნაკრებთან ერთად მნიშვნელოვან პრიზს მოვიგებ.
- რა მხრივ შეგიძლიათ განვითარება? ანუ, რომელი სათამაშო კომპონენტის გაუმჯობესება გჭირდებათ?
- ალბათ, საშემსრულებლო ოსტატობის მომატებას ვისურვებდი. ფიფას გალა-დაჯილდოებაზე უკვე მეხუთედ ვარ და იმედია, აქ კიდევ ბევრჯერ მოვხვდები.
- როდისმე გიფიქრიათ იმაზე, რომ მოკლე დროში ბევრს მიაღწიეთ?
- სიმართლე გითხრათ, არა. უმაღლეს დივიზიონში თამაშზე ვოცნებობდი, მაგრამ ამდენ რამეს თუ მივაღწევდი, ვერ წარმომედგინა.
- როგორია იყო ისეთი საღამოს ყურადღების ცენტრში, როგორიც დღესაა? (ინტერვიუ ჩაწერილია უშუალოდ გალა-დაჯილდოვების შემდეგ. –რედ.) გარშემო ფეხბურთის ვარსკვლავები არიან. ისინი, ვისაც ბავშვობაში აღმერთებდით...
- (წითლდება). უბრალოდ, მე მინდა ფორმა შევინარჩუნო და სპორტის ამ სახეობით სიამოვნება მივიღო. იმედია, აღმასვლას განვაგრძობთ.
- რა არის თქვენი მიზანი 2012 წელს?
- იგივე, რაც ყოველი წლის დასაწყისში: მოპოვებული თასების კიდევ ერთხელ მოგება. ვიცით, რომ ეს ყოველწლიურად უფრო და უფრო რთული ხდება.
 
მოამზადა ირაკლი ჯაფარიძემ
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094409