Time-ის ჟურნალისტი კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავს, ლიონელ მესის შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. როგორც ყოველთვის, არგენტინელი ამჯერადაც მორიდებული იყო, თუმცა ზოგიერთი ისეთი რამ თქვა, რაზეც აქამდე ღიად არ საუბრობდა.
- როგორ აფასებთ თქვენს წარმატებას?
- არ ვიცი. ყოველი წლის დასაწყისში, ჩემს თავს მიზნად ყველა ტურნირში გამარჯვებას ვუსახავ. მნიშვნელობა არ აქვს, რას მივაღწიე გასულ წლებში. ყოველთვის წინ ვიყურები, რადგან გაჩერებისა და ფიქრის დრო არაა. ამ ყველაფერზე პენსიაზე გასვლის შემდეგ დავფიქრდები.
- როგორ იხსნებოდა თქვენი ნიჭი?
- ვერ აგიხსნით. ყოველწლიურად ვვითარდებოდი და ტექნიკაც მიუმჯობესდებოდა. გამიმართლა, რომ ფეხბურთელი გამოვედი. თანაც, ყოველთვის ბრწყინვალე კოლექტივში ვმუშაობდი. პეპ გვარდიოლამ ტაქტიკა მასწავლა, რაც ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო. მისი დამსახურებაა, რომ “ბარსელონა” ბრწყინვალედ თამაშობს, როცა ბურთს ფლობს. გარდა ამისა, გვარდიოლამ უბურთოდ სწორი თამაში გვასწავლა.
- თქვენ მშვიდი ცხოვრების წესი გაქვთ...
- ბავშვობიდან ასეთი ვარ. ფეხბურთი ძალიან მიყვარდა და მთელ დროს სწორედ სპორტის ამ სახეობას ვუთმობდი. როდესაც საღამოობით სასეირნოდ მპატიჟებდნენ, ყოველთვის უარს ვამბობდი, რადგან მეორე დილით ვარჯიში მქონდა.
- რა მსხვერპლი გაიღეთ იმისთვის, რომ ფეხბურთელი გამხდარიყავით?
- ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთ წარმატებას მივაღწევდი. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვიცოდი, რომ მსურდა პროფესიონალი ფეხბურთელი ვყოფილიყავი. რა თქმა უნდა, ეს დიდ მსხვერპლს მოითხოვდა. დავტოვე არგენტინა, ჩემი ოჯახი, მეგობრები და წამოვედი ახალი ცხოვრების დასაწყებად. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ოცნება ამეხდინა. არ დავდიოდი კლუბებში და სხვა ისეთ ადგილებში, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ერთობოდნენ.
- როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ლა მასიაში (“ბარსელონას” ბავშვთა გუნდის სკოლა –რედ.)?
- ძალიან გამიმართლა, რომ აქ მოვხვდი. არგენტინიდან მარტო ჩამოვედი, ნათესავი არავინ მახლდა. სხვა ბავშვებმა ადაპტაციის პროცესი გამიადვილეს. იქ მყოფი თითქმის ყველა ბავშვი სხვა ქვეყნიდან იყო ჩამოსული, ამიტომ, ერთმანეთს განსაკუთრებულად ვეხმარებოდით. შემიძლია გავიხსენო არაერთი დაუვიწყარი მომენტი, რომელიც იქ ყოფნისას გადამხდა.
- როგორ ემზადებით მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისთვის?
- მუნდიალისთვის ისევე ვემზადები, როგორც თითოეული მატჩის წინ. ჩემთვის ყოველი შეხვედრა ფინალის ტოლფასია.
- როგორ იღებთ იმ ზეწოლას, რომელსაც არგენტინის ნაკრებში თამაშისას განიცდით?
- ზეწოლა ყველა მატჩშია. ამ დღეში ყველა ის ფეხბურთელია, ვინც არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობს. ახლა უკვე ვიცი, რომ მთავარია, მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდში სრული ურთიერთგაგება და ერთიანობა იყოს.
- კრიშტიანუ რონალდუსთან დაპირისპირებებში, თითქმის ყოველთვის გამარჯვებული რჩებით...
- ასე არ ვფიქრობ. თავი სხვა ფეხბურთელებისთვის არასდროს შემიდარებია. მინდა კარიერის თითოეული წლით სიამოვნება მივიღო, გავიზარდო როგორც ადამიანი და როგორც ფეხბურთელი. რონალდუ რომ არ ყოფილიყო, იგივეს გავაკეთებდი, რასაც ახლა ვაკეთებ.
- რას ფიქრობთ რონალდუზე?
- კრიშტიანუ რამდენადაც კარგი ფეხბურთელია, იმდენად კარგი ადამიანია. პორტუგალიელი “რეალისთვის” ბევრს აკეთებს. მას მატჩის ბედის გადაწყვეტა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შეუძლია.
- გაღელვებთ თუ არა რონალდუს გოლები?
- არა. “რეალის” თამაში მაღელვებს, ისიც იმიტომ, რომ ჩვენი უმთავრესი კონკურენტია. რონალდუს გოლები ჩემზე არ მოქმედებს.
- რას გრძნობთ, როცა თქვენი გუნდი მარცხდება?
- ცუდად ვხდები. ალბათ, ეს ნანახიც გექნებათ. ჩვეულებრივ, მარცხის შემდეგ საუბრის სურვილი არ მიჩნდება. ასეთ დროს, ჩემს თავს ვუღრმავდები და ვფიქრობ, რა დავაშავე? რა გავაკეთე არასწორი?
- წაგება დიდ ხანს გამახსოვრდებათ?
- მხოლოდ მომავალ მატჩამდე მახსოვს. საბედნიეროდ, ხშირად ვთამაშობთ და წაგებულ შეხვედრაზე იშვიათად ვფიქრობ.
- რას გრძნობთ, როდესაც თანამემამულეები თქვენს ნაკრებში გარჯას აკრიტიკებენ?
- ძალიან განვიცდი, მტკივნეული მოსასმენია. ზოგჯერ ისეთ რამეებს ამბობენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია. ვცდილობ, ისე ვითამაშო, როგორც “ბარსელონაში”. ყველაფერს ვაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული.
- თქვენ 12 წლის ასაკიდან ბარსელონაში ცხოვრობთ. როგორია თქვენი დამოკიდებულება არგენტინის მიმართ?
- ყოველთვის არგენტინელად დავრჩები. მეამაყება, რომ იქ დავიბადე. მიუხედავად ამისა, ბარსელონა ჩემი მეორე სახლია. აქაურმა ხალხმა ჩემთვის ყველაფერი გააკეთა. ვიმეორებ, რაც არ უნდა მოხდეს, არგენტინელი ვიქნები!
- როგორ დახვედრას გიწყობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში?
- ეს დაუჯერებელია. ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ ყოველი ახალი ჩასვლისას, მათი დახვედრით გაკვირვებული ვრჩები. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ესპანეთისა და არგენტინის საზღვრებს გარეთ, ამდენი ადამიანი მქომაგობდა.
- რას იტყვით “ბარსელონაში” თანაგუნდელების შესახებ?
- ლა მასიაში ბევრი რამ გვასწავლეს: თავმდაბლობა, მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა. პატივს ვცემთ ყველას, განურჩევლად სოციალური სტატუსისა და თანამდებობისა.
- როგორ ფიქრობთ, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე კრიტიკოსებს დაადუმებთ?
- იმედია, თასს არგენტინა დაისაკუთრებს. თუკი ასე არ მოხდა, უძლური ვიქნები. მოსამზადებლად დიდი დრო გვაქვს.
მოამზადა ირაკლი ჯაფარიძემ









