ინტერვიუები

10:16 | 3.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვი არჩევანის სიწორეში ბალაკთან საუბარმა დაარწმუნა

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი გერმანიის ეროვნული  ნაკრები, უკრაინა-პოლონეთში გასამართი ევრო-2012-ის საგზურისთვის ბრძოლას იწყებს. A ჯგუფში, სადაც გერმანელთა მეტოქეები თურქეთი, ბელგია, ავსტრია, ყაზახეთი და აზერბაიჯანი არიან, იოახიმ ლიოვის შეგირდები ფავორიტებად ითვლებიან. გერმანელები შესარჩევის სტარტს დღეს ბრიუსელში აიღებენ, სადაც ბელგიას შეხვდებიან, ხოლო 7 სექტემბერს, კიოლნში აზერბაიჯანელებს უმასპინძლებენ. მომავალი მატჩების წინ, ლიოვი ჟურნალისტებს შეხვდა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ნაკრების კაპიტნად ბალაკი რჩება.   
- ბოლო პერიოდში, ნაკრების კაპიტნის თაობაზე ბევრს საუბრობდნენ. შეგიძლიათ თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება გაამხილოთ?
- არჩევანი მიხაელ ბალაკზე შევაჩერე. ის უკვე დიდი ხანია ნაკრებშია და ამ დროის განმავლობაში, გუნდს დიდი სარგებლობა მოუტანა. რაიმეს შეცვლის აზრს ვერ ვხედავ.
- გადაწყვეტილების მისაღებად, ბევრი დრო დაგჭირდათ...
- ეს, სიმართლეა. უბრალოდ, თავად მიხაელთან დალაპარაკება მინდოდა. ჩვენი საუბარი დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა და ამის შემდეგ, საკუთარ არჩევანში ეჭვი უკვე აღარ მეპარებოდა.  
- კაპიტნობის პრეტენდენტები ფილიპ ლამი და ბასტიან შვაინშტაიგერიც იყვნენ...
- მართალია. ისინი ჩვენი გუნდის საკვანძო ფეხბურთელებად რჩებიან. ლამი, რომელმაც სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კაპიტნის მოვალეობას თავი საუცხოოდ გაართვა, ნაკრებს უახლოეს შეხვედრებშიც უკაპიტნებს.  
- ბალაკი საბოლოოდ ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა. მისი დაბრუნების იმედი როდის გაქვთ?
- მიხაელს მძიმე ტრავმა ჰქონდა და ჯერ კონდიციები ბოლომდე არ აღუდგენია. როგორც კი გამოჯანმრთელდება, მაშინვე კაპიტნის სამკლავურს გაიკეთებს.  
- აგვიხსენით, რა ხდება მეკარის პოზიციასთან დაკავშირებით?
- მანუელ ნოიერმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მაღალ დონეზე ითამაშა და მისი შეცვლის მიზეზს ვერ ვხედავ. რენე ადლერი და ტიმ ვიზე, მისი შემცვლელები იქნებიან.
- არ თვლით, რომ გერმანიაში მეკარეების პრობლემა მაინც დგას?
- ეს პრობლემა არ არსებობს. ამის თქმა ზუსტად შემიძლია. ჩვენ, ერთბაშად, მსოფლიოს დონის სამი მეკარე გვყავს. დღესდღეობით, კარში ადგილს ნოიერს ვანდობ.  
- გერმანია ჯგუფის ფავორიტად ითვლება, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყების წინ, მაინც ხომ არ ნერვიულობთ?
- ფავორიტებად იმიტომ გვთვლიან, რომ სამხრეთ აფრიკაში კარგად გამოვედით. თუმცა, საკვალიფიკაციო ეტაპი ცალკე მარათონია და ფეხბურთელებმა ფავორიტის სტატუსი უნდა დაამტკიცონ. ამისთვის, ყოველ შეხვედრაში კონცენტრირებულნი უნდა იყვნენ.
- აზერბაიჯანთან და ბელგიასთან შეხვედრებში, გერმანიის ნაკრების წინაშე რა ამოცანა დგას?
- ჩვენ 6 ქულის მოპოვება გვინდა, მაგრამ მეტოქეების შეუფასებლობა არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ ბელგია, რომელსაც ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები მრავლად ჰყავს, მოტივირებული იქნება და ბრძოლას გაგვიმართავს.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.139251