ძიუდო

17:10 | 26.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანი ისევ მსოფლიოს თავშია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა დიუსელდორფის “დიდი პრიზის” ჩემპიონობით 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერობა უფრო მეტად გაიმყარა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გუშინ გამოაქვეყნა განახლებული რეიტინგსია, რომლის მიხედვითაც ლიპარტელიანს 1668 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს, კუბელ ესლეი გონსალესს 370 ქულით უსწრებს. მესამე ადგილს კი, 1240 ქულით საბერძნეთისა და ილიას ილიადისის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაური იკავებს.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საერთაშორისო ტატამზე დაბრუნებულ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილს 66 კილოგრამში გასალიდერებლად გერმანულ “დიდ პრიზზე” ერთი გამარჯვება დააკლდა. ამჟამად ლაშას ანგარიშზე 1072 ქულაა, იგი მეორე პოზიციაზეა და პირველადგილოსან ფრანგ დავიდ ლაროსს 48 ქულითღა ჩამორჩება. შეგახსენებთ, დიუსელდორფში ქართველმა ძიუდოისტმა მე-5 ადგილი და 60 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
განახლებულ რეიტინგში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. ქართველი გულშემატკივრებისთვის გამორჩეულად საინტერესო კი მათ შორის ავთანდილ ჭრიკიშვილის (81 კგ) მე-3 ადგილამდე დაწინაურებაა. ჭრიკიშვილმა გერმანულ ტურნირზე ოქროს მედალთან ერთად 300 ქულაც მიიღო, სულ 976 დაუგროვდა და რეიტინგის მეორეადგილოსანს, ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერამდე 50 ქულა აშორებს. ამ წონის ერთპიროვნული ლიდერი კი უხვტიტულა სამხრეთკორეელი ჯაე-ბუმ კიმია 1578 ქულით. შეგახსენებთ, კიმს ბოლო “დიდ პრიზზე” ლევან წიკლაურმა ნახევარფინალში და რეპეშაჟში გაუშვა, თავად კი საბოლოოდ ვერცხლის პრიზიორი გახდა და 180 ქულაც შეიმატა, რითაც 50-ეულს მიღმა ყოფნას თავი დააღწია და ამჟამად 27-ე ადგილს იკავებს.
უმსუბუქეს წონაში – 60 კილოგრამში მსოფლიოს ათეულში ორი ქართველი ძიუდოისტია. ამირან პაპინაშვილი 910 ქულით უზბეკ რიშოდ სობიროვთან მესამე ადგილს ინაწილებს, ბეთქილ შუკვანმა კი ოდნავ დათმო პოზიციები და 800 ქულით მე-7 საფეხურზე დგას.
მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა გერმანული ვერცხლით მე-5 პოზიცია შეინარჩუნა. ამასთან, 64 ქულითღა ჩამორჩება მეოთხეადგილოსან რუსს, ალექსანდრ მიხაილინს, მაგრამ უახლოეს მდევარს, იაპონელ მასარუ მომოსეს, რომელთანაც გერმანულ ფინალში დამარცხდა, ჩამორჩენის გვარიანად შემცირების საშუალება მისცა. ოქრუაშვილს 906 ქულა აქვს, მომოსეს - 860.
ყველაზე უსიამოვნო სურათი 73 კილოგრამშია, სადაც ქართველთაგან საუკეთესორეიტინგიანი ნუგზარ ტატალაშვილი 250 ქულით მხოლოდ 30-ე ადგილზეა. მას 18 ქულით და სამი საფეხურით ჩამორჩება ზებედა რეხვიაშვილი.
100 კილოგრამში კი საუკეთესო ოცეულში ის ქართველი ძიუდოისტები არიან, რომლებმაც შარშან აქტიური სპორტული კარიერის დასრულება გადაწყვიტეს. მე-13 ადგილზე მყოფმა ლევან ჟორჟოლიანმა სეზონის ბოლოს განაცხადა, რომ ტატამზე გასვლას აღარ აპირებდა და მალევე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცეპრეზიდენტად დაინიშნა. მე-15-ადგილოსანმა ირაკლი ცირეკიძემ კიდევ უფრო ადრე გადადო კიმონო გვერდზე და ქართველ გულშემატკივრებს ოფიციალურად ერთი თვის წინ, თბილისის სპორტის სასახლეში დაემშვიდობა.
ახლახან ჟორჟოლიანმა გადაწყვეტილება შეცვალა და ნაკრებში ბრუნდება. სწორედ ამის გათვალისწინებით დავწერეთ 73 კილოგრამი ყველაზე წარუმატებელ ქართულ წონად. სხვაგვარად კი 100-ში უფრო ცუდი სიტუაცია იქნებოდა. ნაკრების კანდიდატთაგან ყველაზე წინ – 37-ე ადგილზე ალექსანდრე მსხალაძეა.
უახლოეს შაბათ-კვირას საერთაშორისო ტურნირების მარათონი პოლონეთში გაგრძელდება, ვარშავული “ევროპის ღია ტურნირით”, რომლის ჩემპიონ-პრიზიორობაც 100, 60 და 40 ქულად ფასობს.
საქართველოს ნაკრები კი მომავალ ტურნირზე ნაწილობრივ გადახალისებული შემადგენლობით ჩავა.

60 კგ
1 ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია)        1288
2 არსენ გალსტიანი (რუსეთი)        994
3 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)        910
3 ამირან პაპინაშვილი            910
5 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)        890
7 ბეთქილ შუკვანი                800
61 გიორგი მესაბლიშვილი            120
88 პაატა მერებაშვილი            66
145 ვაჟა მარგველაშვილი            16

66 კგ
1 დავიდ ლაროსი (საფრანგეთი)        1120
2 ლაშა შავდათუაშვილი            1072
3 მასაში ებინუმა (იაპონია)        990
4 იუნ-ჰო ჩო (სამხრეთ კორეა)        980
5 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია)        764
33 შალვა ქარდავა                250
82 თორნიკე თათარაშვილი        80
111 ტრისტან ფეიქრიშვილი            42
117 სანდრო იაკობაშვილი            38
127 დავით ასუმბანი            28
176 ვანიკო თოთლაძე            12
188 გიორგი მკალავიშვილი        10
264 გიორგი შოშიაშვილი        1

73 კგ
1 რიკი ნაკაია (იაპონია)            1174
2 დექს ელმონი (ჰოლანდია)        1052
3 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)        1010
4 მანსურ ისაევი (რუსეთი)            1008
5 ცაგაანბ. ჰაშბაატარი (მონღოლეთი)    744
30 ნუგზარ ტატალაშვილი            250
33 ზებედა რეხვიაშვილი            232
86 ამბაკო ავალიანი                76
94 თენგიზ პაპოშვილი            70
207 არსენ მაჭარაშვილი            12
207 გიორგი პაპუნაშვილი            12
280 ზურაბ ნოზაძე                2

81 კგ
1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)        1578
2 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია)    1026
3 ავთანდილ ჭრიკიშვილი            976
4 ვახიო იმამოვი (უზბეკეთი)        872
5 ოლე ბიშოფი (გერმანია)            806
27 ლევან წიკლაური            302
77 ლაშა ზურაბიანი                80
100 ბექა ღვინიაშვილი            60
177 პაატა ღვინიაშვილი            18
188 დავით კარბელაშვილი            16
195 იასონ ჩილინდრიშვილი        12

90 კგ
1 ვარლამ ლიპარტელიანი            1668
2 ასლეი გონსალესი     (კუბა)        1298
3 ილიას ილიადასი (საბერძნეთი)        1240
4 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი)        982
5 მასაში ნიშიამა (იაპონია)        870
13 ზვიად გოგოჭური            370
121 ლაშა ტაველური            40
139 ზურაბ ზვიადაური            32
147 ბექა ღვინიაშვილი            20
191 ლაშა გურული                7

100 კგ
1 რამზიდინ საიდოვი (უზბეკეთი)        1042
2 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)        976
3 ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი)        960
4 ტემუულენ ბატულგა (მონღოლეთი)    952
5 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)            890
13 ლევან ჟორჟოლიანი            524
15 ირაკლი ცირეკიძე            488
37 ალექსანდრე მსხალაძე            194
56 ბექა ბერძენიშვილი            120
56 დავით ლორიაშვილი            120
77 ლაშა გურული                62
125 ნოდარ მეტრეველი            22
128 ირაკლი ქობლიანიძე            20
154 გიორგი ნოზაძე                14

+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი)        1690
2 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)        1266
3 რაფაელ სილვა (ბრაზილია)        1154
4 ალექსანდრ მიხაილინი (რუსეთი)    970
5 ადამ ოქრუაშვილი            906
44 ზვიად ხანჯალიაშვილი            160
53 ნოდარ მეტრეველი            121
86 ლევან მატიაშვილი            44
87 გიორგი ზაქარიაძე            42
118 ონისე ბუღაძე                16
132 ლაშა გუჯეჯიანი            8

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.104791