საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა ბუდაპეშტური ევროპირველობა იოლი გამარჯვებით გახსნა. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ევროპის ჩემპიონი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს ორ წუთში ორი ვაზარი შეუსრულა.
დავით ლორიაშვილისთვის (100 კგ) კი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი საწყის ეტაპზევე დასრულდა. მისთვის დაუძლეველი ბარიერი რუსეთის ნაკრების წევრი ადლან ბისულტანოვი აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა ჯერ ვაზარი აიღო, მე-4 წუთზე კი გამარჯვება ლორიაშვილის მეოთხე შიდოთი გაიფორმა.
ცოტა ხანში საქმეში მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი ჩაერთვება, რომელიც მეორე წრეში ბელარუს ალექსანდრ ვახავიაკს დაეჭიდება, ხოლო ლიპარტელიანის მეტოქე მერვედფინალში ჰოლანდიელი გიიომ ელმონი იქნება.







