მსოფლიოს თასის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა შოთა ჩოჩიშვილის სახელობის აკადემიაში ღია ვარჯიში ჩაატარა. ამასთან, სპორტსმენებმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილსაც უმასპინძლეს. შემდეგ კი სამინისტროსა და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელები თბილისის მერიაში გაემგზავრნენ, სადაც ქალაქის მერთან, გიგი უგულავასთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
მერიაში ჟურნალისტებს ევროპის ძიუდოს კავშირის სპორტული დირექტორი პაველ იასემოვსკიც შეხვდა. მან ქართველი და უცხოელი მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის 26-27 იანვარს სემინარი ჩაატარა.
"თბილისის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი სულ უფრო პოპულარული ხდება, რაზეც ჩამოსული ქვეყნების რაოდენობა ნათლად მეტყველებს. შეჯიბრებაზე 50-მდე ქვეყნის უძლირესი სპორტსმენები გამოვლენ და იმედი მაქვს, რომ ქარველი გულშემატკივარი არ მოიწყენს, ჩვენი ძიუდოისტები კი მედლებით და თასებით გაგვახარებენ. ნაკრებმა მსოფლიოს თასის წინ ნაყოფიერი მომზადება გაიარა და ცხადია წარმატებასაც ველით" – განაცხადა ვარძელაშვილმა.
გიგი უგულავამ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"ჩვენი დედაქალაქი ნელ-ნელა იმკვიდრებს კარგი ორგანიზატორი ქალაქის იმიჯს, სადაც შესაძლებელია მაღალი დონის ტურნირების ჩატარება. მინდა, ქართველ ძიუდოისტებს მსოფლიოს თასზე წარმატება ვუსურვო, მით უმეტეს, რომ ეს წელი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ზაფხულში ოლიმპიური თამაშები ელით, აქ მოპოვებული სარეიტინგო ქულები უთუოდ გამოადგებათ. 2015 წელს თბილისმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უნდა უმასპინძლოს. მანამდე ჩასატარებელ ტურნირებზე კი, სათანადო გამოცდილება უნდა დავაგროვოთ".
ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს – 28 იანვარს მედლები საწყის სამ წონით კატეგორიაში: 60, 66 და 73 კილოგრამებში გათამაშდება. 29 იანვარს კი ჩემპიონ-პრიზიორები 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან.
ბოლო მონაცემებით, ტატამზე 44 ქვეყნის ნაკრების წევრები გავლენ. ქართული გუნდი კი ტრადიციულად, ოთხი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. ჩემპიონები ოქროს მედლების გარდა 100-100 სარეიტინგო ქულასაც გამოიმუშავებენ, ვერცხლის მედალოსნებს 60 ქულა ერგებათ, ბრინჯაოსნებს – 40. უქულოდ წინასწარ ეტაპზევე დამარცხებული ძიუდოისტებიც კი არ დარჩებიან.
სპორტის სასახლეში წინასწარი შეხვედრები დილის 11 საათიდან დაიწყება, ხოლო გადამწყვეტი ბრძოლები სავარაუდოდ 17 საათის შემდეგ გაიმართება.
საქართველოს ნაკრების გამოცდილ კანდიდატთაგან ტურნირს ამირან პაპინაშვილი (60 კგ), გიორგი ბაინდურაშვილი (81 კგ), ირაკლი ცირეკიძე, ლევან ჟორჟოლიანი და დავით ლორიაშვილი (სამივე 100 კგ) დააკლდებიან. ამ სიაში იყო ვარლამ ლიპარტელიანიც (90 კგ), მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და ჭიდაობა გადაწყვიტა. შეგახსენებთ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თბილისის მსოფლიოს თასზე აქტიურ სპორტს უბრუნდება დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური. ამრიგად, სავსებით შესაძლებელია, გულშემატკივრებმა 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის ორი უმთავრესი კანდიდატის ურთიერთდაპირისპირება კვირას იხილონ.
დასასრულ, საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა:
60 კგ
ბეთქილ შუკვანი
პაატა მერებაშვილი
იოსებ ნიჟარაძე
ვაჟა მარგველაშვილი
66 კგ
შალვა ქარდავა
ლაშა შავდათუაშვილი
დავით ასუმბანი
სანდრო იაკობაშვილი
73 კგ
ნუგზარ ტატალაშვილი
ამბაკო ავალიანი
ზებედა რეხვიაშვილი
თენგიზ პაპოშვილი
81 კგ
ავთანდილ ჭრიკიშვილი
ლევან წიკლაური
დავით კარბელაშვილი
ბექა ღვინიაშვილი
90 კგ
ვარლამ ლიპარტელიანი
ზურაბ ზვიადაური
ლაშა გურული
გიორგი ნოზაძე
100 კგ
ირაკლი ქობლიანიძე
ონისე ბუღაძე
ბექა ბერძენიშვილი
ალექსანდრე მსხალაძე
+100 კგ
ზვიად ხანჯალიაშვილი
ლაშა გუჯეჯიანი
ადამ ოქრუაშვილი
ლევან მატიაშვილი
ოთარ მაღლაკელიძე







