ინტერვიუები

10:49 | 13.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლობჟანიძის პირველი გადამწყვეტი პენალტი

უკრაინის თასის მეოთხედფინალურ მატჩში “დნიპროსა” და “ზარიას” შორის ნახევარფინალისტის გამოსავლენად, პენალტების სერია გახდა საჭირო, გადამწყვეტი დარტყმის შესრულება კი, დნეპროპეტროვსკელთა ქართველ მცველს, უჩა ლობჟანიძეს მოუწია. მოედანზე შეცვლაზე შესულმა ლობჟანიძემ, მიცემული შანსი გამოიყენა და “დნიპროც” შემდეგ ეტაპზე გავიდა. არადა, სრულიად შესაძლებელი იყო, რომ ის, შეხვედრის ანტიგმირი გამხდარიყო. კერძოდ, ერთ-ერთ ეპიზოდში, მან თავით დაუბრუნა მეკარეს ბურთი, რომელიც კინაღამ კარში აღმოჩნდა. საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. “დნიპროს” ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ლობჟანიძემ აღიარა, რომ მსგავს თამაშში, პენალტი პირველად დაარტყა.    
- თერთმეტმეტრიანის ნიშნულს რომ უახლოვდებოდით, რას გრძობდით? მითუმეტეს, იცოდით, რომ თქვენს დარტყმაზე ნახევარფინალის საგზურის ბედი იყო დამოკიდებული.
- ვაღიარებ, რომ მსგავს სიტუაციაში პირველად აღმოვჩნდი და ცოტა ვნერვიულობდი. კარგია, რომ ყველაფერი გამომივიდა.
- ადრე თუ დაგირტყამთ პენალტი?
- დიახ, მაგრამ მხოლოდ ბავშვობაში. მაშინ, წარმატებული ცდებიც მქონდა და წარუმატებელიც.
- ხუანდე რამოსმა არჩევანი თქვენზე რატომ შეაჩერა? თავად გქონდათ დარტყმის სურვილი, თუ მწვრთნელმა დაგავალათ?
- მწვრთნელმა მკითხა, მზად ვიყავი თუ არა, რომ პენალტი მეხუთეს დამერტყა. მე დადებითად ვუპასუხე.  
- სათადარიგოთა სკამიდან, რამდენად რთული იყო ჩართვა თამაშში, რომელიც გუნდისთვის მძიმედ მიმდინარეობდა?
- ფეხბურთში იოლად არაფერი მოდის. საბრძოლო განწყობა მქონდა, რადგან ვმარცხდებოდით, არადა, გამარჯვება გვჭირდებოდა. მწვრთნელმა მოედანზე შეტევის გასაძლიერებლად შემიყვანა – რაც შეიძლებოდა ხშირად უნდა წავსულიყავი წინ და თავდამსხმელები გადაცემებით მომემარაგებინა. როდესაც უმცირესობაში დავრჩით და ანგარიში გავათანაბრეთ, მითხრეს, რომ კონცენტრაცია დაცვითი ფუნქციების შესრულებაზე მომეხდინა.   
- რა მოხდა იმ ეპიზოდში, როდესაც კინაღამ ავტოგოლი გაიტანეთ?
- მეკარის კარნახი ვერ გავიგე და ამავე დროს, მისთვის თავით ბურთის “დაგდება” მინდოდა.
- რა გაიფიქრეთ, როდესაც დაინახეთ ბურთი კარისკენ როგორ მიგორავდა?
- სასიამოვნო მომენტი ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ პარტნიორებიდან ვინმე დამაზღვევდა.
- ახალი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ, თქვენი, როგორც განაპირა მცველის ფუნქციები, რამდენად შეიცვალა? ხუანდე რამოსი ახალს რაიმეს გთხოვთ?
- ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ამპლუის ფეხბურთელების მიმართ მას რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს. ნებისმიერი განაპირა მცველი, დაცვითი ფუნქციების შესრულების გარდა, საკუთარი გუნდის შეტევებშიც უნდა ერთვებოდეს.  
მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174657