შარშან, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეშვიდედ გახდა, სებასტიან ლოებმა (ფოტოზე) განაცხადა, რომ 2011 წლის სეზონის დასრულებისთანავე, თავის კარიერას დაასრულებდა. თუმცა, ახლახანს პრესაში გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ლოებმა გადაიფიქროს და თავისი სახელოვანი კარიერა „ფოლკსვაგენში“ გააგრძელოს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში მომავალი სეზონიდან ჩაერთვება.
როგორც ირკვევა, ამ ვარაუდს რეალური საფუძველი ჰქონდა - გერმანულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ პირველივე სეზონისთვის გიგანტური ბიუჯეტი აქვს გამოყოფილი, რაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ გუნდში საუკეთესო პილოტები მიიწვიოს. ინტერნეტით გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ვოლფსბურგელების შეთავაზება სახელოვან ფრანგს წასვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეაცვლევინებდა. უფრო მეტიც, ინგლისურმა ავტორიტეტულმა გამოცემა „ავტოსპორტმა“ დააკონკრეტა, რომ ლოებს გადასაფიქრებლად 15 მილიონი ევრო შესთავაზეს.
მაგრამ სანამ ამ ინფორმაციას სხვა გამოცემებიც აიტაცებდნენ, ფრანგმა სასწრაფოდ განაცხადა, რომ ის „ფოლკსვაგენთან“ მოლაპარაკებას არ აპირებს, რადგან საკუთარი გეგმები აქვს და მათ შეცვლაზე არც უფიქრია. თუმცა, ორაზროვნად კი განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, იასპარეზებს თუ არა მომავალ სეზონში.
ამასთან, „სიტროენ მოტორსპორტის“ დირექტორი ოლივიე კესნელი ამბობს, რომ თუ ლოები მაინც გადაწყვეტს დარჩენას, მასთან მოლაპარაკების პრიორიტეტი ფრანგულ კომპანიას ექნება და არა სხვას. შეგახსენებთ, რომ თავისი შვიდივე ტიტული ლოებმა სწორედ „სიტროენის“ მანქანებით მოიპოვა.
„მეეჭვება, მას გადაწყვეტილი ჰქონდეს, თუ რას იზამს მომავალ სეზონში. ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. რა თქმა უნდა, მან იცის, რომ „სიტროენში“ კარი ღია აქვს. შეიძლება კარიერა შეწყვიტოს, ან ლე მანის რბოლებში გადავიდეს და არც ისაა გამორიცხული, რომ „ფოლკსვაგენში“ გადავიდეს. რატომაც არა! ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. მაგრამ რას გადაწყვეტს, ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია. და გარწმუნებთ, ეს თავადაც არ იცის“ - ამბობს კესნელი.
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ







