ინტერვიუები

15:07 | 16.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლორან ბლანი: “სურვილი არ მაქვს, ნაკრებში ახალი ზიდანები და ბარტეზები გამოჩნდნენ”

საფრანგეთის ნაკრები ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრისგან ყურადღების ნაკლებობას არასდროს განიცდიდა, ხოლო მას შემდეგ, რაც “სამფეროვანთა” ეროვნული გუნდი კიდევ ერთხელ, ამჯერად ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მოხვდა საქართველოს ნაკრებთან ერთად, ლორან ბლანის გუნდისადმი ჩვენი ინტერესი კიდევ უფრო გამძაფრდა. გთავაზობთ ინტერვიუს საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, რომელსაც ფიფას ვებგვერდის ჟურნალისტი გაესაუბრა.
- უკვე წელია, რაც საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხართ. შეგიძლიათ აგვიხსნათ სანაკრებო დონეზე მუშაობის უმთავრესი მომენტი და რით განსხვავდება ის საკლუბო დამრიგებლობისგან?
- სანაკრებო დონეზე მუშაობა, როგორც წესი, დიდი ხნით არ გრძელდება ხოლმე. ჩემი აზრით, არასწორია, ბოლომდე ჩავუღრმავდე სანაკრებო მწვრთნელის საქმიანობის სპეციფიკას. მიზნად გუნდის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაყვანა დავისახე და მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. საამისოდ კი დიდი მოცულობის სამუშაოა ჩასატარებელი. როდესაც კლუბში საქმიანობ, მოთამაშეები ყოველდღიურად მწვრთნელის განკარგულებაში არიან და დამრიგებელს საშუალება აქვს, ფეხბურთელებს რჩევა-დარიგება რეგულარულად მისცეს, მათ წინსვლას ხელი შეუწყოს. ნაკრების დამრიგებელს კი ამგვარი შესაძლებლობა ნაკლებად აქვს. ავიღოთ მაგალითად, ჩილესთან ამასწინდელი დაპირისპირება (მატჩი 1:1 დასრულდა-რედ). ფეხბურთელები ორშაბათს შუა დღისას შეიკრიბნენ, თამაში კი ოთხშაბათს, საღამოს 9 საათზე დაიწყო. რა უნდა მოასწროს მწვრთნელმა დროის ამ შედარებით მოკლე პერიოდში? ბიჭებს მხოლოდ დასვენების საშუალება და რამდენიმე ტაქტიკური სახის დავალება მივეცი. საფრანგეთის ეროვნული გუნდის დამრიგებლობის პერიოდში დავრწმუნდი, რომ სანაკრებო დონეზე მუშაობა უფრო რთულია, ვიდრე კლუბის გაძღოლა. ნაკრები არცთუ ბევრ მატჩს ატარებს და ყოველ მათგანში გულშემატკივრები მოგებას ითხოვენ.
- ეს მოთხოვნა არარეალურად გეჩვენებათ?
- წარმოუდგენელია, რომელიმე, თუნდაც ყველაზე ძლიერმა ნაკრებმა ყველა მატჩი მოიგოს. თანაც, შეუძლებელია, მოკლე ხანში ბრძოლისუნარიანი კოლექტივი შეიკრას. სადღეისოდ, საფრანგეთის ნაკრები გარდამავალ პერიოდშია და სამწუხაროდ, “სამფეროვნები” მსოფლიოსა და ევროპაში საუკეთესოთა რიგებში არ ვართ.
- ცოტა ხნის წინათ განაცხადეთ, რომ ნაკრების ბირთვი უკვე განსაზღვრული გაქვთ. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს პროცესი უკვე დასრულებულია?
- გუნდის ჩამოყალიბების პროცესი ერთჯერადი აქტი არაა, იგი მუდმივად მიმდინარეობს და პრაქტიკულად არასდროს სრულდება. თუმცა, გარკვეული ტურნირების წინ ნაკრები საბრძოლო მზადყოფნაში უნდა მოვიყვანოთ. ამჟამად, ფეხბურთის ფედერაციისა და ჩემი უმთავრესი საზრუნავი გუნდის ევროპის ჩემპიონატისთვის სრულფასოვნად მომზადებაა. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია დარჩენილ დროში დაგეგმილი შეხვედრები წარმატებით დავასრულოთ და შეძლებისდაგვარად, მეტი მატჩი მოვიგოთ.
- იქნებ დაგვისახელოთ ფეხბურთელები, რომლებიც საფრანგეთის ნაკრების ძირითად ბირთვს წარმოადგენენ...
- ბირთვი 5-6 მოთამაშისგან შედგება და გულშემატკივარს მისი გამოცნობა არ გაუჭირდება. თუმცა, ძირითადში ადგილი გარანტირებული არავის აქვს. შესაძლოა, წამყვანი მოთამაშეების ადგილი თანდათან ახალგაზრდებმა და იმ ფეხბურთელებმა დაიკავონ, რომლებიც კონკრეტული მატჩის წინ საუკეთესო ფორმაში იქნებიან.
- ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ მადრიდის “რეალის” ახალწვეულ მცველს, რაფაელ ვარანს ყველა შესაძლებლობა აქვს საიმისოდ, “ახალი” ლორან ბლანი რომ გახდეს...
- წარსულით ცხოვრება შეუძლებელია, ამიტომაც, არავითარი სურვილი არ მაქვს, ნაკრებში ახალი ზიდანები და ბარტეზები გამოჩნდნენ. ფეხბურთი დინამიკურად ვითარდება და მუდმივად მომავალზე უნდა ვიფიქროთ. სადღეისოდ ფრანგულ ფეხბურთში რამდენიმე ნიჭიერი მოთამაშე გამოჩნდა, თუმცა, ჯერ ნაადრევია, რომელიმე მათგანს ზიზუს მომავალი ვუწინასწარმეტყველოთ. საამისოდ მათ ჯერ საკლუბო დონეზე უნდა გაიბრწყინონ. თქვენ მიერ ნახსენებ რაფაელ ვარანს რაც შეეხება, მისი ნიჭიერება უდავოდ ყურადღებამისაქცევია. პრინციპში, უკვე ასეც მოხდა – აბა, მადრიდის “რეალში” როგორ მოხვდებოდა! ვიმედოვნებ, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მას სათანადო სათამაშო პრაქტიკა და აქედან გამომდინარე, თავის გამოჩენის საშუალება ექნება. თუმცა, ვეჭვობ, მოურინიომ იგი წელსვე ჩასვას ძირითად შემადგენლობაში.

გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.12785