ინტერვიუები

19:00 | 29.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლოთარ მათეუსი: “კლინსმანი მთავარი მწვრთნელი ფორმალურად იყო, ნაკრებს ლიოვი ხელმძღვანელობდა”


ლოთარ მათეუსი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. მსოფლიოსა და ევროპის პირველობათა ჩემპიონი, ბუნდესლიგის შვიდგზის გამარჯვებული და სერია A-ს ჩემპიონი, ორჯერ - უეფას, სამჯერ კი გერმანიის თასების მფლობელი, 5 მუნდიალის მონაწილე, მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე სარეკორდო რაოდენობის, 25 მატჩის მონაწილე, ევროპის პირველობების დასკვნითი სტადიის ოთხგზის მონაწილე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების რიგებში ჩატარებული 150 შეხვედრის მქონე მოთამაშე, ამჟამად, ბულგარელთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელია. ალემანთა ლეგენდარული ფეხბურთელი, პოპულარულ გერმანულ გამოცემა “ბილდთან” საუბრისას საკუთარ პოზიციასა და თვალსაზრისს გვიზიარებს.

- ბოლოხანს გერმანულ ბუნდესლიგაში ერთბაშად რამდენიმე სამწვრთნელო როტაცია მოხდა. ახალი სეზონიდან ბევრ კლუბს სხვა დამრიგებელი ეყოლება. პრესის ფურცლებზე ამა თუ იმ კლუბის დამრიგებლად სხვადასხვა კანდიდატურების დანიშვნის საკითხს განიხილავენ. თქვენი გვარი კანდიდატთა შორის არ ფიგურირებს. რატომ?
- ამაზე პასუხს კლუბების ხელმძღვანელები უფრო გაგცემენ. ახლო წარსულში “ჰერტა”, “ჰანოვერი”, “ნიურნბერგი” მეპატიჟებოდნენ, მაგრამ მათი წინადადებები ჩემთვის მისაღები არ იყო. ამიტომაც, ბულგარეთში ვამჯობინე სადამრიგებლო კარიერის გაგრძელება.
- სანაკრებო დონეზე მუშაობა ნებისმიერი სპეციალისტისთვის პრესტიჟულია. უნგრეთის ეროვნული გუნდის შემდეგ ბულგარელთა ნაკრები ჩაიბარეთ. გერმანიის ეროვნული გუნდის დრო როდის მოვა?
- ჩემი შესაძლებლობების მჯერა, მაგრამ ბუნდესნაკრების სადავეების ჩაბარება დღის წესრიგში არ დგას.
- იმიტომ ხომ არა, იოაჰიმ ლიოვმა გერმანიის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი 2014 წლამდე რომ გაახანგრძლივა?
- დიახ, ასეა. თანაც, ლიოვი საკუთარ მოვალეობებს მშვენივრად ასრულებს. ბოლო 6-7 წელია, რაც ნაკრებს ის აყალიბებს. კლინსმანი მთავარი მწვრთნელი მხოლოდ ფორმალურად იყო, ნაკრებს იოაჰიმი ხელმძღვანელობდა.  
- 21 მარტს 50 წელი შეგისრულდათ. რა უსურვეთ საკუთარ თავს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით?
- მოგვიანებით მშვიდი ცხოვრება, 26 მარტს კი, შვეიცარიასთან ევროშესარჩევი მატჩის მოგება. სამწუხაროდ, ჩემი ერთ-ერთი მასწავლებლის, ოტმარ ჰიტცფელდის დამოძღვრილი შვეიცარიელების ძლევა ვერ შევძელით (მატჩი 0:0 დასრულდა).
- კარგა ხანია, გერმანის მსოფლიოსა და ევროპის პირველობების არ მოუგია. როდის მოვახერხებთ ტიტულის მოპოვებას?
- საამისო პოტენციალი გვაქვს. უბრალოდ, ევროპისა და პლანეტის ბოლო ჩემპიონატებზე ესპანელებს ფანტასტიკური გუნდი ჰყავდათ. სამაგიეროდ, ჩვენ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელების თაობა გვეზრდება, ამიტომაც, ბუნდესნაკრებს ბრწყინვალე პერსპექტივა აქვს.
- გერმანიის ეროვნულ გუნდში დებიუტი 19 წლისას გქონდათ. ნაკრების ამჟამინდელი მოთამაშეებიდან ლოთარ მათეუსს რომელი გაგონებთ?
- კარგად ვაკვირდები გერმანელ მოთამაშეებს და შემიძლია, მინიმუმ 20 ახალგაზრდა, ტალანტით აღსავსე ფეხბურთელი დაგისახელოთ. ამჯერად მხოლოდ ოთხი მათგანით შემოვიფარგლები. ტყუპ ბენდერებს, შმელცერსა და გიოტცეს წინ დიდი საფეხბურთო მომავალი აქვთ. ერთსაც გეტყვით, სადღეისოდ ისინი უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე მე მათ ასაკში.
- ამას რით ხსნით?
- ამჟამად, მოსამზადებელი პირობები გაცილებით უკეთესია, ვიდრე სამი ათეული წლის წინათ. მე სოფლიდან მოვხვდი  გლადბახში, მიუნხენსა და მილანში. იმხანად, ევროპაში ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ სასაზღვრო სისტემა მუშაობდა, არც ინტერნეტი გვქონდა და მობილურ სატელეფონო კავშირსაც მოკლებული გახლდით. როდესაც 1988 წელს იტალიაში გადავედი, მეჩვენებოდა, ცხრა მთას იქით გადავბარგდი.  
- სწორედ “ინტერში” ჩამოყალიბდით მსოფლიოს დონის ფეხბურთელად. ამ კატეგორიის თანამედროვე გერმანელ მოთამაშეებს ხომ ვერ დაგვისახელებდით?
- შვანშტაიგერი უდავოდ ასეთი კატეგორიის ფეხბურთელთა შორისაა. ამავე დონის მოთამაშეა ტომას მიულერი, რაც მან სამხრეთ აფრიკის მუნდიალზეც დაამტკიცა. მადრიდის “რეალში” გადასვლის შემდეგ, იოზილმა ამ მიმართულებით იწყო სვლა. მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ ნოიერი მიმაჩნია. იგი უკვე მინიმუმ წელია, კასილასსაც ჯობნის და ბუფონსაც.
- რამდენადაც გვახსოვს, თავის დროზე “რეალი” თავისთან გეპატიჟებოდათ...
- ეს 1991 წელს იყო. მადრიდელები მზად იყვნენ,რომ ჩემ სანაცვლოდ “ინტერისთვის” 18 მილიონი გერმანული მარკა გადაეხადათ, მაგრამ მილანელთა მაშინდელმა პრეზიდენტმა ასეთი რამ მითხრა: ვისაც პიკასოს ნახატი აქვს, ის მას არასდროს შეელევა, ლოთარ, შენ ჩემი პიკასო ხარ. არადა, “რეალში” თამაში გულით მწადდა.
- 50 წლის გახდით. ცხოვრების გზას რომ გადახედოთ, რას შეცვლიდით?
- ოთხჯერ ვიქორწინე და არ ერთ ჯვრისწერას არ ვნანობ. საერთოდ, ქორწინება ფეხბურთივითაა – არასდროს იცი, როგორ დასრულდება. თავს მეოჯახე ადამიანად ვთვლი, რომელსაც შინ სითბო სჭირდება.
- პროფესიული თვალსაზრისით არაფერს ნანობთ?
- ადამიანური ასპექტით, 2000 წელს ნიუ იორკში წასვლა წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ სამოთამაშეო თვალსაზრისით - ვიზარალე. “ბაიერნში” რომ დავრჩენილიყავი, ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდი. სწორედ ისაა ერთადერთი ტიტული, რომლის მოგებაც ვერ მოვახერხე. “ბაიერნთან” სასამართლო პროცესსაც ავარიდებდი თავს და მიუნხენში გამოსამშვიდობელ მატჩსაც გამიმართავდნენ. მაშინ “კეთილმოსურნეების” რჩევებს ავყევი. ასე რომ არა, შესაძლოა, დღესაც “ბაიერნში” ვყოფილიყავი.
- ყველაზე კარგად რომელი საფეხბურთო მომენტები გახსენდებათ?
- ვამაყობ იმ ფაქტით, რომ ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში გერმანიის ნაკრების წევრი გახლდით – 10 გადატანილი ოპერაციისა და ბერტი ფოგთსთან კონფლიქტის მიუხედავად. თუმცა, სადღეისოდ ფოგთსთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. ყველაზე კაშკაშა მომენტი კი 1990 წლის მუნდიალი იყო – შვებულებისას მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი.  
- ნაკრების იმდროინდელი დამრიგებლისგან, ფრანც ბეკენბაუერისგან რა ისწავლეთ?
- ცოტ-ცოტა ყველა მწვრთნელისგან (ჰაინკესი, ლატეკი, ტრაპატონი, დერვალი, რიბეკი, ფოგთსი, ჰიტცფელდი) ვისწავლე, ფრანც ბეკენბაუერს კი მწვრთნელად არასდროს მივიჩნევდი. კაიზერ ფრანცი ჩემთვის ერთდროულად დამრიგებელიც იყო, მეგობარიც და მშობლის დარი ადამიანიც.


მოამზადა გოჩა კაჭარავამ

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089488