არავინ იცის, საქართველოში რატომ გაჩნდა ლუდით ცუდი ადამიანებისა და დაუჯერებელი ამბების დალოცვის ტრადიცია. მითუმეტეს, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ლუდი, სულაც, წმინდა სასმელად ითვლებოდა.
დღეს ბევრმა დაანება თავი ლუდით ცუდი ხალხის დალოცვას, თუმცა ფაქტია, რომ ლუდის სადღეგრძელოები ქართული რეალობის განუყოფელი ნაწილია და რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, ამ ფენომენს გვერდს მაინც ვერ ავუქცევთ. მაინც მგონია, რომ რაკი საქართველო ღვინის ქვეყანაა, უბრალოდ, მიუღებელია, ლუდით იმის დალევა, რაც ღვინით ისმევა. ლუდით კარგი სადღეგრძელოები ხომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის გარდა, არსად ისმებოდა სხვა კუთხეში. ამიტომაცაა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ გვაქვს და ალბათ, კიდევ კარგა ხანი გვექნება ლუდის სადღეგრძელოები...
ლუდის სადღეგრძელოებით დაინტერესებისას, თვალში გეცემათ განსხავვება თბილისურ, კახურ, ქუთაისურ და სხვა კუთხის სადღეგრძელოებს შორის. ეს განსხვავებები, უმეტესად, სადღეგრძელოების თემატიკას ეხება. მაგალითად, ქუთაისური სადღეგრძელოების დიდი ნაწილი სიდედრებზეა, კახელები უმეტესად ცუდ მეზობლებსა და ძუნწ ხალხს ლოცავენ, თბილისურ სადღეგრძელოებს კი, თემატიკის მრავალფეროვნების მიუხედავად, ძალიან ადვილად ამოიცნობთ.
ალბათ, თქვენც დაჰკვირვებიხართ, რომ ლუდით ნათქვამ სადღეგრძელოებში ფეხბურთი ხშირად ფიგურირებს. ყველას გაგონილი გექნებათ ლეგენდარული სადღეგრძელოები: ”ეს იმ კაცს გაუმარჯოს, თბილისში, ეროვნული სტადიონის გვერდით რომ ცხოვრობს და მოსკოვის ”ცეესკას” გულშემატკივარიაო”... ანდა, ”ეს იმას გაუმარჯოს, ბაბუა მსოფლიო ომში გერმანელებმა რომ მოუკლეს და გერმანიის ნაკრების სიყვარულის გამო, ნათესავები მოიმდურაო”.…
სადღეგრძელოები ყველანაირია, ყველაფერზეა და ნებისმიერ მოვლენას შეიძლება მოიცავდეს და თუკი მოვინდომებთ, ჩვენც შეგვიძლია ამ ფენომენში ”საკუთარი წვლილი” შევიტანოთ. მითუმეტეს, რომ ფეხბურთი ამის საშუალებას ძალიან კარგად იძლევა. დასაწყისისათვის ესენი იყოს:
”ეს იმ მწვრთნელს გაუმარჯოს, ყველა თამაშს რომ აგებს, მაგრამ მაინც ბედნიერი სახე აქვსო”.
”იმ არგენტინელს გაუმარჯოს, ცოლი რობინიოსთან რომ უღალატებს და აპატიებს - კიდევ კარგი ალდაირი მაინც არ ყოფილაო“.
”ეს იმ დევიდ ბექჰემს გაუმარჯოს, ცოლი იატაკის საწმენდი ჯოხით რომ გამოეკიდება. ეს ლოგინის ქვეშ შეძვრება და ცოლს ეტყვის: ამ სახლში მე ვარ უფროსი, მინდა გამოვალ და მინდა არაო...~
”იმ ქართველ კაცს გაუმარჯოს, დათო ყიფიანის დაბადების დღეს ბიჭი რომ ეყოლება და კლას-იანს დაარქმევს – ჰოლანდია ჩემი ტკივილიაო”.
”ეს ”ლაციოს” იმ ფანს გაუმარჯოს, გულზე რომ არწივი ახატია და სახლში ცოლი ჩაგრავს”.
”ეს იმ კაცს გაუმარჯოს, რობერტო კარლოსი მხოლოდ ”ანჟიში“ გატარებული პერიოდით რომ გაახსენდება“.
~ეს იმ კაცს გაუმარჯოს, კლაუს ტოპმიოლერს მწვრთნელს რომ ეძახის და "ზაპოროჟეცს" – მანქანას~.
”ეს იმ ქართველ კაცს გაუმარჯოს, 17 მარტს ”ბორჯღალოსნებთან” რუსეთის ნაკრებს რომ უგულშემატკივრებს – ერთხელ მაგათაც ხომ უნდა მოიგონო”.
...და განსხვავებული - ”გემი ჩაიძირება შუაგულ ოკეანეში. მარტო ლარისა რიკელმე და ერთი ქართველი კაცი გადარჩებიან, რომელთაც ოკეანე უკაცრიელ კუნძულზე სხვადასხვა ადგილზე გამორიყავს, ტანსაცმლის გარეშე. ლარისას შერჩება მხოლოდ თოფი, ქართველ კაცს კი ქუდი. ივლიან, ივლიან და ბოლოს ერთმანეთს შეხვდებიან. კაცი შიშველ ლარისას რომ ნახავს, ფეხებშუა ქუდს აიფარებს. ლარისა ეგრევე თოფს შემართავს - ხელები მაღლაო. აწევს ხელებს საწყალი კაცი. ქუდი კი ადგილზე დარჩება. ეს იმ ძალას გაუმარჯოს, ქუდი რომ ადგილზე დატოვა!~.
ლუდით ასეთი ტიპის სადღეგრძელოებს, ქართველების გარდა, ვერც ერთი ხალხის კულტურაში ვერ ნახავთ. ალბათ, სწორედ ამიტომაც ვართ ასეთი უცნაური ხალხი. უბრალოდ ასეთები ვართ და მორჩა!
ლევან სეფისკვერაძე







