ინტერვიუები

13:48 | 11.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: “გვარდიოლა “ბარსელონას ფერგიუსონია”

28 მაისს, ლონდონის “უემბლიზე” ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩი ჩატარდება. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში, ერთმანეთის პირისპირ ის კლუბები წარსდგებიან, რომლებიც გულშემატკივართა სოლიდური ნაწილის აზრით, ამას ყველაზე მეტად იმსახურებდნენ. პეპ გვარდიოლას “ბარსელონასა” და სერ ალექს ფერგიუსონის “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირებას მთელი საფეხბურთო სამყარო უდიდესი ინტერესით ელის. ამ მატჩთან დაკავშირებით, ესპანურმა ”სპორტმა” ინტერვიუ “ბარსას” ყოფილ კაპიტანს, ლუის ენრიკეს ჩამოართვა, რომელსაც ფერგიუსონის გუნდის წინააღმდეგ საჩემპიონთალიგო შეხვედრა აქვს ჩატარებული.

- “ბარსას” ურთულესი ამოცანის ჩაბარება მოუწევს. ამასთან, გუნდის ქომაგები მისგან მხოლოდ გამარჯვებას ითხოვენ და მოელიან. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია “ბარსელონას” მიერ ლონდონში “მანჩესტერ იუნაიტედის” ძლევა?
- მე თუ მკითხავთ, ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს. ცხადია, ძალიან მსურს, რომ თასი კიდევ ერთხელ “ბარსამ” მოიგოს, მაგრამ ფერგიუსონის გუნდთან ურთულესი თამაში გვექნება.
- ფინალში ყველაზე მეტად რომელი ფეხბურთელის გეიმედებათ?
- “ბარსელონაში” ბევრი უმაღლესი კლასის მოთამაშეა და მოწინააღმდეგისთვის ხიფათის შექმნა, პრაქტიკულად, ყველა ფეხბურთელს შეუძლია, მაგრამ გულახდილად თუ ვიტყვი, კამპ ნოუელთა მთავარი ფიგურა პეპ გვარდიოლაა. მას 25 წელი აქვს გატარებული “კამპ ნოუზე”, ამიტომაც ხოსეპს “ბარსელონას ფერგიუსონს” ვუწოდებდი. ისე კი, ძალიან საინტერესო იქნება გვარდიოლასა და ფერგიუსონის სამწვრთნელო ჭიდილი. 2009-ში პეპმა სერ ალექსს აჯობა, ვნახოთ, რა მოხდება წლეულს...
- როგორ გაიხსენებთ 1998 წელს “იუნაიტედთან” ორ დაპირისპირებას?
 - “ოლდ ტრაფორდზე” ჩატარებული პირველი მატჩი 3:3 დასრულდა. პირველ ტაიმში მანჩესტერელებმა წნეხში მოგვაქციეს. ამან ჩვენი მცველები ცოტათი აანერვიულა და მათაც შეცდომა დაუშვეს. ლაფსუსით მშვენივრად ისარგებლა დევიდ ბექჰემმა და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში თამაში გავათანაბრეთ. 71-ე წუთზე პენალტი გავიტანე. ეს ერთადერთი თერთმეტმეტრიანია, რომლის რეალიზებაც ჩემი ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში შევძელი. თუმცა, სულ ორი დარტყმა მაქვს შესრულებული. ერთი პენალტი “კამპ ნოუზე” “ჰერკულესთან” “გავმაზე”. “ოლდ ტრაფორდს” თუ დავუბრუნდებით, მოგახსენებთ, მთელი 90 წუთის განმავლობაში მანჩესტერელი ფანები არ გაჩერებულან და სიმღერით ამხნევებდნენ საკუთარ კერპებს. ვფიქრობ, ლონდონშიც “იუნაიტედს” აქტიური მხარდაჭერა ექნება.
- მეორე შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ იასპარეზეთ...
- ის მატჩიც 3:3 დასრულდა. არადა, რომ მოგვეგო, მეოთხედფინალში გავიდოდით. იმ ტურნირის ფინალის შეხსენება კი არავის სჭირდება. “მანჩესტერ იუნაიტედმა” სწორედ “კამპ ნოუზე” მოუგო მიუნხენის “ბაიერნს”.
- 2008 წელს “ბარსელონას” მეორე გუნდს ჩაუდექით სათავეში. მაშინ ასეთი ფრაზა წარმოსთქვით – შინ დავბრუნდიო. თერთმეტწლიანი პაუზის შემდეგ, გუნდი სეგუნდა დივიზიონში დააბრუნეთ, წელს კი, გუნდი ძალიან წარმატებით გამოვიდა და ფარმ-კლუბს აკრძალული რომ არ ჰქონდეს პრიმერა დივიზიონში გადასვლა, “ბარსა II” უძლიერესთა რიგებშიც მოახერხებდა დაწინაურებას. ამის მიუხედავად, კონტრაქტის დასრულებამდე გუნდიდან წასვლა გადაწყვიტეთ. რატომ?
- ყოველთვის მსურდა დამემტკიცებინა, რომ მაღალი კლასის ფეხბურთელი ვიყავი და ვფიქრობ, ჩემი ხანგრძლივი სამოთამაშეო კარიერის განმავლობაში, ეს მოვახერხე კიდეც. მწვრთნელობას კი მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, “კამპ ნოუზე” დაბრუნება პეპ გვარდიოლამ რომ მთხოვა. ახლაც პრიმერა დივიზიონის რამდენიმე კლუბი დამრიგებლობას მთავაზობს, მაგრამ ჯერჯერობით, სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელებაზე არ ვფიქრობ. ვნახოთ, რა მოხდება სამომავლოდ, ამჯერად კი, თავს ვიკავებ მწვრთნელის კარიერის განახლებისგან.
- “ბარსელონაში” ბევრი სეზონი გაქვთ გატარებული და გუნდის ერთგული გულშემატკივრებისთვის დღემდე გუნდის ერთ-ერთ სიმბოლოდ რჩებით. არ გსურთ, კლუბის გამგეობაში რომელიმე პოსტზე მუშაობის დაწყება?
- ჩემი ოცნებაც ესაა. იმედია, ადრე თუ გვიან “ბარსაში” გავაგრძელებ მუშაობას. თუკი ასე არ მოხდა, ჩემი საყვარელი გუნდის ერთ რიგით ფანად მიგულეთ. “ბარსა” და ფეხბურთი სიცოცხლის ბოლომდე ერთნაირად მეყვარება.


გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099799