ინტერვიუები

14:32 | 15.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: “ტოტი მსოფლიოს საფეხბურთო მეფეა”

 

“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი, ლუის ენრიკე ახალი სეზონიდან “რომას” გაუძღვება. 41 წლის სპეციალისტმა, 8 ივნისს “ჯალოროსისთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და საქმიანობასაც ენერგიულად შეუდგა.



- “ბარსელონა B”-დან საკუთარი სურვილით წახვედით და გადადგომისას განაცხადეთ, გარკვეული ხნით სამწვრთნელო საქმისგან უნდა დავისვენო. ამის შემდეგ, მოულოდნელად “რომას” დამრიგებლობას დათანხმდით. რამ განაპირობა თქვენ მიერ “მგლების” მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე თანხმობის მიცემა?
- რომაელთა ხელმძღვანელობის წინადადება ჩემთვის მოულოდნელი და ფრიად სასიამოვნო იყო. ნებისმიერი სპეციალისტისთვის პატივია, სათავეში ჩაუდგეს ესოდენ დიდი ტრადიციის მქონე გუნდს. სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ “ბარსელონაში” მუშაობისას რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ყველას უარით ვისტუმრებდი, აი, რომაელებს კი უარი ვერ ვუთხარი. კლუბის უფროსობას მხოლოდ სამადლობელი სიტყვებით უნდა მივმართო – მათ “რომას” განვითარების ახალი გეგმა შეიმუშავეს და მის სარეალიზაციოდ მე მიმიწვიეს. კლუბის მესვეურებმა თამამი ნაბიჯი გადადგეს. ჩემი სახით, გუნდის დამრიგებლად ახალგაზრდა სპეციალისტი მიიწვიეს. კარგად მესმის, რომ იოლად გადასაწყვეტი საქმე არ გახლდათ და ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რათა “რომას” ხელმძღვანელებისა და გულშემატკივრების იმედი გავამართლო.

- როგორი განწყობით შეუდექით ახალ საქმიანობას?
- რომში ჩამოსვლის დღიდან დიდი სითბო ვიგრძენი. მოხარული ვარ, ამგვარ ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება რომ მომეცა. თავს შემდეგი ამოცანის გადაჭრა დავუსახე მიზნად – “ბარსელონაში” მოთამაშეობისას და მწვრთნელობისას შეძენილი გამოცდილება “რომას” უშურველად მოვახმარო და გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო. გუნდის ქომაგებს დღესვე შემიძლია დავპირდე, რომ მოძრავ, შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ და როგორც შედეგით, ასევე ლამაზი ასპარეზობით, მათ გახარებას შევეცდებით. სამუშაო მართლაც ბევრია, იმედია, მაგრამ მუხლჩაუხრელი გარჯა სასურველ შედეგს მალე გამოიღებს. არაფერს დავიშურებთ საიმისოდ, “რომამ” სერია A-ს პირველსავე მატჩში რომ გაიბრწყინოს, გულშემატკივრებს კი სიამაყის გრძნობა განვაცდევინოთ.
- “რომა” “ბარსელონას” სათამაშო სტილის გადმოღებას ხომ არ აპირებს?
- “ბარსა” ჩემი საყვარელი გუნდია და ობიექტურად, სადღეისოდ პლანეტაზე საუკეთესოცაა, მაგრამ არ მგონია, სწორი იყოს თუნდაც მისი პაექრობის მანერის კოპირება. “რომაში” განსხვავებული ფსიქიკისა და სტილის ფეხბურთელები ირიცხებიან, ამიტომაც, ჩვენეულ საასპარეზო ტაქტიკას შევიმუშავებთ. უმთავრესი კი ისაა, რომ “ჯალოროსი” მინდორზე მხოლოდ მოსაგებად გავა.
- რომელ ფეხბურთელებს დაეყრდნობით?
- მეგობრული კოლექტივი უნდა შევკრათ, რომელშიც თავისი ადგილი ყველას ექნება. ლიდერებს რაც შეეხება, უპირველესად, ფრანჩესკო ტოტი მსურს გამოვყო. ჩესკო არა მარტო რომის, მსოფლიოს საფეხბურთო მეფეა. მწვრთნელისთვის ბედნიერებაა, როცა გუნდში ამგვარი უნიკალური ტალანტის მქონე ფეხბურთელი ჰყავს. იგივე შემიძლია ვთქვა ჩვენ ვიცე-კაპიტან დანიელე დე როსისა და სიმონე პეროტაზე. ტოტის მაგავსად, ისინი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის სამაგალითონი არიან. სიამოვნებით ვიმუშავებ მირკო ვუჩინიჩთანაც. მიყვარს მისებრ ნიჭიერ ფეხბურთელებთან საწვრთნელ მინდორზე ურთიერთობა.
- “ბარსელონაში” ბევრი სეზონი გაქვთ გატარებული და გუნდის ერთგული გულშემატკივრებისთვის დღემდე გუნდის ერთ-ერთ სიმბოლოდ რჩებით. ამიტომაც კატალონიიდან თქვენი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი და აუხსნელი ნაბიჯი გამოდგა...
- ადრე თუ გვიან, “ბარსაში” გავაგრძელებ მუშაობას. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოსტზე. მაგრამ, თუკი ასე არ მოხდა, ჩემი საყვარელი გუნდის ერთ რიგით ფანად მიგულეთ. “ბარსა” და ფეხბურთი სიცოცხლის ბოლომდე ერთნაირად მეყვარება.



გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09724