ინტერვიუები

15:43 | 27.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი: “კოპა ამერიკას მოგებას ურუგვაის ვუძღვნი”

არგენტინის სტადიონებზე ჩატარებული მორიგი კოპა ამერიკის გათამაშება მეტად წარმატებული აღმოჩნდა ურუგვაის ნაკრებისა და “ლივერპულის” თავდამსხმელის, ლუის ალბერტო სუარესისთვის. მისი “სელესტა” სარეკორდოდ, მეთხუთმეტედ გახდა სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ჩემპიონი, თავად სუარესს კი, ტურნირის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი “ოქროს ბურთი” გადაეცა. სუარესს “ლივერპულის” ოფიციალური ვებგვერდი დაუკავშირდა, კოპა ამერიკის ჩემპიონობა მიულოცა და არაა გასაკვირი, შემდგომში ფეხბურთელისა და ჟურნალისტის დიალოგი საკლუბო თემებით რომ გაგრძელდა.
- უპირველესად, კოპა ამერიკის მოგებას გილოცავთ. მკითხველსაც გადმოეცით განცდა, რომელიც ფინალში პარაგვაის დამარცხების შემდეგ დაგეუფლათ...
- ამ ტრიუმფს ჩემ ქვეყანას ვუძღვნი. ვიცი, როგორ გავახარეთ ურუგვაელი ხალხი. მთელი ტურნირის განმავლობაში ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი ვიყავით და ოსტატობასთან ერთად, ეს კომპონენტი აუცილებელია წარმატების მისაღწევად. პარაგვაელებთან გადამწყვეტ შეხვედრას რაც შეეხება, საწყისი წუთებიდანვე მეტოქეს ჩვენი ძალა ვაჩვენეთ, 2 გატანილი გოლის შემდეგ კი ყველა მიხვდა, მოგებას ხელიდან რომ არ გავუშვებდით. კარგახნიანი პაუზის შემდეგ ურუგვაიმ კოპა ამერიკა მოიგო! იმ მომენტში დედამიწაზე ჩემზე და პარტნიორებზე უფრო ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა.
- თქვენმა წარმატებამ ლივერპულელი ფანებიც გაახარა. მაინც რით განსხვავდება “ლივერპული” იმ გუნდებისგან, რომლებშიც უწინ გიხდებოდათ გამოსვლა?
- მოდით, ერთი წუთით დავივიწყოთ, რა უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების კლუბში მოვხვდი. ჩემი აზრით, “ლივერპულის” განსაკუთრებულობა იმ ატმოსფეროშია, რომელიც “ენფილდსა” და მთლიანად მერსისადულ ქალაქშია შექმნილი. კლუბში მოხვედრილი ნებისმიერი მოთამაშე ლამის მყისიერად ხდება განსაკუთრებულ ფეხბურთელად.  თავს ბედნიერ ადამიანად ვთვლი, რადგანაც ისეთ ბრწყინვალე ადამიანთან და მწვრთნელთან მიწევს მუშაობა, როგორიც კენი დალგლიშია. ვიცოდი, “კინგ კენი” რა მნიშვნელობის ფიგურაა “ლივერპულისთვის”, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი დონის მენეჯერი რომ იქნებოდა. მან ჩემი საფეხბურთო თვისებები ახლებურად წარმოაჩინა, რის შემდეგაც საკუთარ თავსა და გულშემატკივარს დავუმტკიცე, რეალურად რისი გაკეთებაც შემიძლია საფეხბურთო მინდორზე.
- ბავშვობაში თუ გსმენოდათ რაიმე “ლივერპულზე”?
- რასაკვირველია. ადრეული ასაკიდან ფეხბურთთან დაკავშირებული ყველაფერი მაინტერესებდა და ცხადია, “ლივერპულითაც” დავინტერესდი. “ენფილდზე” ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი თამაშობდა, განსაკუთრებით წინახაზელები მსურს გამოვყო. როდესაც ბავშვობაში ბურთს დავსდევდი, თავს ენფილდელთა ფორვარდად წარმოვიდგენდი ხოლმე.
- ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის ფინალი თუ გაქვთ ნანახი?
- ეს შეხვედრა ცოცხლადაც მაქვს ნანახი და მის ჩანაწერსაც საკმაოდ ხშირად ვუცქერ. ამგვარი მატჩები დავიწყებას არასდროს მიეცემა. “ლივერპულმა” თავისი უტეხი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა, არაფერს ვამბობ ოსტატობაზე! არცაა გასაკვირი – 2005 წელს გუნდში ქარიზმატული ვარსკვლავები თამაშობდნენ. ისინი დაძაბულობის ზღვარზე ამტკიცებდნენ თავიანთ უმაღლეს კლასს.
- ინგლისის პრემიერლიგას სწრაფად გაუშინაურდით. ბევრისთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა...
- ერთი ჩემპიონატიდან მეორეზე გადართვა იოლი ამბავი ნაღდად არაა. კარგად ვიცოდი, პრემიერლიგაში გადასვლის დღიდან ჩემ თამაშს გამადიდებელი შუშით რომ დააკვირდებოდნენ. გითხრათ ნამდვილი, პრემიერლიგური სტარტი წინ ცოტათი მეც შიშის გრძნობა დამეუფლა. ამასთან, საკუთარ თავს “ვანუგეშებდი”, თუკი სხვაგან კარგად თამაშობდი, ინგლისში რა ღმერთი გაგიწყრება-მეთქი. სირთულეები კი ახალ ქვეყანაში გადასვლას თან ყოველთვის ახლავს – ახალი ენა და ქვეყნის კულტურა უნდა აითვისო, გუნდს გაუშინაურდე. თავს პროფესიონალად ვთვლი, ამიტომაც, ინგლისურ პრემიერლიგასთან იოლი ადაპტაცია მეტწილად მოსალოდნელიც იყო.
- ზემოთ კენი დალგლიშზე ისაუბრეთ. ოდნავ უფრო ვრცლად ხომ ვერ მოგვითხრობთ “ლივერპულის” დამრიგებელზე?
- ყველაზე მთავარი ისაა, რომ დალგლიში ნდობას უცხადებს ფეხბურთელებს. თითოეულმა ჩვენთაგანმა მშვენივრად იცის, რა დონის ფეხბურთელი იყო “კინგ კენი” წარსულში, რა დამსახურება აქვს მას ენფილდელთა დამრიგებლის რანგში. დალგლიშს დიდ პატივს ვცემთ და მის ყოველ სიტყვას ხალისით ვასრულებთ.

- ლივერპულს როგორ შეეწყვეთ?

- პირველი შთაბეჭდილება ხშირად მცდარია. ლივერპულის შემთხვევაში ასე ნაღდად არაა. ქალაქით ჩამოსვლისთანავე მოვიხიბლე და დღემდე აღტაცებული ვარ მერსის ნაპირებზე განფენილი ქალაქით. ზუსტად იგივე აზრის არიან ჩემი ოჯახის წევრებიც. თავისუფალ დროს ახლობელ ადამიანებთან ერთად ულამაზესი ქალაქის პარკებში, სკვერებსა და კაფეებში ვატარებ.
- რა სხვაობას ხედავთ ჰოლანდიურ და ინგლისურ ფეხბურთს შორის?
- ამ ქვეყნების პირველობები ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება. ჰოლანდიის უპირველესი საფეხბურთო ლიგა ჩემთვის ერთგვარი ტრამპლინი გამოდგა. ნიდერლანდებში რომ არ მეთამაშა, ინგლისურ პრემიერლიგაში ვერც მოვხვდებოდი და ნისლიან ალბიონზე ადაპტირებასაც ვერ შევძლებდი. ჰოლანდიური ფეხბურთის მადლობელი კი ყოველთვის ვიქნები. აქ ჩემი ოსტატობა დავხვეწე, გამოცდილება და საკუთარი თავისადმი რწმენა შევიძინე. სწორედ ამსტერდამის “აიაქსში” დავრწმუნდი, უმაღლეს დონეზე წარმატებით თამაში რომ შემეძლო. ინგლისურ ფეხბურთს რაც შეეხება, აქ უფრო მაღალი ტემპი და მაღალი ინტენსივობის მატჩებია. პირველიდან ბოლო წუთამდე მაქსიმალური ყურადღებითა და კონცენტრაციით თამაშია აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოწინააღმდეგე დაგსჯის.

გოჩა კაჭარავა




 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156509