ინტერვიუები

10:51 | 25.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი: "სანამ გვარდიოლა "ბარსაშია", "კამპ ნოუზე" არ გადავალ"

“აიაქსის” ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა გასულ კვირას “ამსტერდამ არენაზე” მიმდინარე ჰოლანდიური ერედივიზიონის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში ეინდჰოვენის პსვ-ს გარემარბ ოტმან ბაკალს ლავიწის ძვალის სიახლოვეს უკბინა. ამის გამო სამხრეთამერიკელი მინდვრიდან არ გაუძევებიათ, თუმცა, ინციდენტის ჩანაწერის ხილვის შემდეგ ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა “აიაქსის” მიერ ფორვარდის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯა ადექვატურ სასჯელად არ ჩათვალა და სუარესს უფრო მკაცრი განაჩენი გამოუტანა – გასული ზაფხულის მუნდიალის ნახევარფინალისტი ამსტერდამელთა უახლოეს 7 შეხვედრას გამოტოვებს. ლუის სუარესს ვერდიქტის გასაჩივრება დღეს საღამომდე შეუძლია, მაგრამ არ გვგონია, მან აპელაციით მიმართოს ბენილუქსელთა საფეხბურთო ხელმძღვანელობას და ასეც რომ მოხდეს, საეჭვოა, ჰოლანდიელთა ფედერაციაში ურუგვაელის აღსარებამ ვინმეს გული მოულბოს და დისკვალიფიკაციის ვადა შემცირდეს.
ამასობაში კი სუარესმა გუშინწინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი მატჩი ჩაატარა მადრიდის “რეალთან” და სწორედ ჰოლანდიის დედაქალაქში ჩასულმა AS-ის კორესპონდენტმა ჩამოართვა ინტერვიუ აიაქსელთა სამხრეთამერიკელ მეგოლეს. ჟურნალისტისა და ფორვარდის დიალოგის თქვენ სამსჯავროზე გამოტანამდე კი შეგახსენებთ, რომ ლუის ალბერტო სუარესმა პროფესიული კარიერა ურუგვაის 42-გზის ჩემპიონ, მონტევიდეოს “ნასიონალში” დაიწყო. 19 წლის ლუისმა ურუგვაის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა და ევროპას მიაშურა. “გრონინგენში” ერთწლიანი ბურთაობის შემდეგ სუარსმა თავი “აიაქსში” 7.5 მილიონ ევროდ ამოჰყო და სწორედ ამსტერდამში წარმოჩინდა სრულად ურუგვაელი თავდამსხმელის საბომბარდირო თვისებები. გასულ სეზონში სუარესმა 49 გოლი გაიტანა, ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლის წოდებასთან ერთად ქვეყნის თასიც მოიპოვა, ნიდერლანდებისა და “აიაქსის” წლის უძლიერეს ფეხბერთელად აღიარეს.
- რა მოხდა პსვ-სთან მატჩის დროს, რატომ უკბინეთ ბაკალს?
- ბაკალმა ძალიან გამამწარა და რაღაც მომენტში თავი ვერ გავაკონტროლე. ეინდჰოვენელებთან შეხვედრის ჩანაწერს ყურადღებით თუ მიადევნებთ თვალს, დაინახავთ ბაკალმა თამაშის მსვლელობისას მინიმუმ 7-ჯერ მაინც დაუნდობლად რომ ჩამარტყა ფეხში. რაც მოხდა, მოხდა. ოტმანს უკვე ვესაუბრე და მომხდარის გამო მოვუბოდიშე კიდეც. თავის მხრივ, ბაკალმაც უხეში თამაშისთვის პატიება მთხოვა. მე მგონი, ინციდენტი ამოწურულია და მასზე შემდგომი საუბრის სურვილი არ მაქვს. საერთოდ ყოველთვის ვაკონტროლებ საკუთარ ემოციას და ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ნერვების მოთოკვას ვახერხებ. ბოლო ხანს, ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, დროს ლამის მხოლოდ გზაში ვატარებ, დავიღალე და გარკვეულწილად ამითაც აიხსნება ეს უსიამოვნო ეპიზოდი.
- გულშემატკივართა სოლიდური ნაწილი გაკვირვებულია, დღემდე “აიაქსში” რომ ასპარეზობთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე მაღალ დონეზე ითამაშეთ, 23 წლის ასაკში 130 გოლი გაქვთ გატანილი. არ დადგა დრო, კარიერა შედარებით უფრო მაღალ დონეზე გააგრძელოთ?
- საიდუმლო არავისთვისაა, ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატი კლასით მინიმუმ 5-6 ქვეყნის ეროვნულ პირველობას რომ ჩამოუვარდება. ბევრს იმაშიც ეპარება ეჭვი, რომ უფრო მაღალ დონეზე ამჟამინდელი შედეგიანობის ნახევარსაც ვერ ვაჩვენებ. ყოველმხრივ შევეცდები, ეს ადამიანები საპირისპიროში დავარწმუნო. ოღონდ ჯერ ამსტერდამელებთან ერთად ერედივიზიონი უნდა მოვიგო, მომავალი ზაფხულიდან კი თვისობრივად ახალ საფეხურზე მსურს ასვლა. ცხადია, უფრო სოლიდურ კლუბში გადასვლას ვგულისხმობ.
- ესპანურ პრიმერა დივიზიონში გამოსვლის სურვილი თუ გაქვთ?
- რა თქმა უნდა, მაქვს. პირენეს ნახევარკუნძულზე ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატი ტარდება და არა მარტო მასში მონაწილეობაზე, არამედ წარმატებით თამაშზეც ვოცნებობ.
- ჰოლანდიურ და ესპანურ გაზეთებს თუ ვერწმუნებით, თქვენი გადაბირების სურვილი მადრიდის “რეალსაც” აქვს და “ბარსელონასაც”. ადასტურებთ ესპანური გრანდების ინტერესს?
- სანამ ხოსეპ გვარდიოლა “კამპ ნოუზე” მუშაობს, “ბარსელონაში” ჩემი ფეხი არ იქნება. ისე არ გამიგოთ, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და ძლიერი კლუბის ან მისი წარმატებული დამრიგებლის საწინააღმდეგო მქონდეს რაიმე, უბრალოდ ჩემი პირადი აგენტი გვარდიოლას ძმაა და საფეხბურთო-სატრანსფერო ეთიკა მოითხოვს თავი შორს დავიჭიროთ კატალონიის დედაქალაქისგან.
- მადრიდის “რეალზე” რას გვეტყოდით?
- ახალი რაღა უნდა მოგახსენოთ გუნდზე, რომლის რიგებს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები იცავენ და სათავეში “განსაკუთრებული” მწვრთნელი უდგათ. ამ შემთხვევაში ჟოზე მოურინიოს დავესესხე, თუმცა, საკუთარი თავის მისეულ შეფასებას სრულად ვიზიარებ. სატელიტური მაუწყებლობის მეშვეობით “რეალის” უამრავი მატჩი მაქვს ნანახი და გუნდი ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩვენთან დაპირისპირების დროს მადრიდელი ფეხბურთელები უკვე მომავალ “კლასიკოზე” ფიქრობდნენ, მოურინიომაც ოპტიმალური შემადგენლობა არ დაგვიპირისპირა, მაგრამ თავადაც ხომ იხილეთ, რა დღეში ჩააგდო “აიაქსი” კასტილიელთა “სამეფო კლუბმა”.
- მასმედიელთა ცნობით, თქვენი საკუთარ რიგებში ხილვის სურვილი “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურსაც” აქვთ. ისიც ითქვა, რომ ჩრდილოლონდონელები მზად არიან თქვენ სანაცვლოდ 29 მილიონი გირვანქა გაიღონ...
- სატრანსფრო საკითხებზე ჩემი აგენტი მუშაობს და რამდენადაც ვიცი, არც ტურინის “იუვენტუსია” ლუის სუარესისადმი გულგრილი. “ტოტენჰემს” რაც შეეხება, ამ გუნდში სიამოვნებით ვითამაშებდი, მაგრამ უაით ჰართ ლეინელთა დამრიგებელ ჰარი რედნაპს ჩემი გადაბირება იანვრიდან სურს, მე კი ზაფხულამდე “აიაქსში” მინდა თამაში. ამასთან, სახელფასო სახის (სუარესი ყოველკვირეულად 105 ათას გირვანქას ითხოვს - რედ) სირთულესაც წავაწყდით.
 

გოჩა კაჭარავა




 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170896