ინტერვიუები

11:09 | 2.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლუიშ ფიგუ: "პორტუგალია და ესპანეთი მუნდიალის სამაგალითო მასპინძელ-ორგანიზატორები იქნებიან"

დღეს ციურიხში, ფიფას შტაბ-ბინაში მსოფლიოს 2018 და 2022 წლების საფეხბურთო ჩემპიონატების მასპინძელთა ვინაობას შევიტყობთ. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, გამარჯვების საკმაოდ დიდი შანსი პორტუგალიასა და ესპანეთს აქვთ, რომელთაც ერთობლივად სურთ მუნდიალის ჩატარება. 2 პირენული სახელმწიფოს განაცხადი წონადია. ესპანელებს ხომ ოლიმპიური თამაშებიც მიუღიათ, პლანეტისა და კონტინენტის პირველობებიც, პორტუგალიაში კი 2004 წელს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდა. ამ ქვეყნების საორგანიზაციო კომიტეტმა ელჩად ლეგენდარული ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ აირჩია, რომლის ავტორიტეტის ძალიან ეიმედებათ პირენელ გულშემატკივრებს. ლისაბონის “სპორტინგის”, “ბარსელონას”, მადრიდის “რეალის”, მილანის “ინტერის” ყოფილი შუახაზელი აქტიურადაა ჩაბმული სადღეისოდ დანიშნულ კენჭისყრაში წარმატების მოსაპოვებლად, მსოფლიოს 2001 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ინტერვიუში ქომაგთათვის ბევრ სხვა საინტერესო საკითხზეც საუბრობს.  
- ლუიშ, გულშემატკივარს გააცანით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც აქტიური საფეხბურთო კარიერა შეწყვიტეთ...
- ამჟამად მილანის “ინტერის” საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების მენეჯერი გახლავართ. აქტიურ მონაწილეობას ვიღებ კლუბის მიერ უეფას ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობის საორგანიზაციო საკითხთა გადაჭრაში, ვმონაწილეობ და გუნდის ინტერესს ვიცავ მნიშვნელოვანი ტურნირების წინ ჩატარებულ კენჭისყრისას. ამასთან, აქტიურად ვმონაწილეობ კლუბის მიერ ორგანიზებულ მოზარდთა დაცვის სოციალურ პროექტში. ეს პროექტი პლანეტის მასშტაბით ბავშვთა დახმარებას და სწორ გზაზე დაყენებას ემსახურება.
- მალე “ინტერი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში ჩაებმება. გუნდი პირველად მიიღებს მონაწილეობას ესოდენ მნიშვნელოვან და პრესტიჟულ გათამაშებაში. რა მიზანს ისახავს “ნერაძური” არაბთა გაერთიენებულ საემიროებში ჩასატერებელ შეჯიბრებაში?
- “ინტერს” პირველად მიეცა თავის წარმოჩენის საშუალება ესოდენ მნიშვნელოვან საკლუბო-საფეხბურთო ფორუმზე და ყველა ღონეს იხმარს საიმისოდ, პირველობა რომ მოიპოვოს. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამარჯვება ჩვენი პრიორიტეტული ამოცანაა. თუ ეს შევძელით, მართლაც ფანტასტიკური წელი გამოგვივა. “ინტერს” საკლუბო ტიტულები და წოდებები არ აკლია, მიმდინარე წლის მიწურულს კი შეეცდება კიდევ ერთი უპრესტიჟულესი თასით შეავსოს კლუბის მუზეუმი. იმედია, გუნდი დასახულ მიზანს მიაღწევს და ტიფოზებს კიდევ ერთ დაუვიწყარ გამარჯვებას აჩუქებს.
- “ინტერს” ჩემპიონთა ლიგა თქვენმა თანამემამულემ ჟოზე მოურინიომ მოაპოვებინა, მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან კი გუნდის სათავეში რაფა ბენიტესი ჩადგა. როგორ გგონიათ, შეძლებს ესპანელი სპეციალისტი მოურინიოს სრულფასოვნად შეცვლას?
- ახალი სეზონიდან “ინტერმა” სხვა ცხოვრება დაიწყო. მოხარულები ვართ, გუნდის სადავეები ხელთ ისეთ გამოცდილ და მაღალი კლასის მწვრთნელს რომ უპყრია, როგორიც რაფა ბენიტესია. გავიხსენოთ მისი ადრეული მოღვაწეობა. სულ რამდენიმე სეზონი მოძღვრავდა იგი “ვალენსიას” და “მესტალიაზე” გუნდის ყველა დროის საუკეთესო დამრიგებლად აღიარეს. შეგახსენებთ იმასაც, რომ რაფამ “ლივერპულს” 20 წელზე მეტხნიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა ევროპის უპირველესი საკლუბო ტურნირი. ამიტომაც სრული საფუძველი გვაქვს იმედი ვიქონიოთ, რომ ბენიტესი “ინტერსაც” ნაყოფიერად უხელმძღვანელებს.
- რადგან მწვრთნელებზე ვსაუბრობთ, მოგვახსენეთ, როგორ შეხვდით პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავკაცად თქვენი ყოფილი პარტნიორის პაულუ ბენტუს დანიშვნას?
- პაულუს ძალიან კარგად ვიცნობ. წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ნაკრებში გვერდიგვერდ ვთამაშობდით. იგი მაღალი რანგის პროფესიონალია და გამარჯვებულის მენტალიტეტით დაჯილდოვებული ადამიანი. პორტუგალიის ნაკრებში ახალი ერა დაიწყო, რომელიც გულშემატკივარს ბევრ სასიხარულო მომენტს განაცდევინებს.
- მწვრთნელობაზე არ ფიქრობთ? ლუიშ ფიგუს ცოდნა, გამოცდილება და ავტორიტეტი ნებისმიერ გუნდსა და ნაკრებს დიდად გამოადგება...
- ვფიქრობ, საამისო დრო ჯერ არ დამდგარა. გულახდილად მოგახსენებთ – ძალიან მომწონს ის საქმიანობა, რომელსაც ამჟამად ვეწევი და უახლოეს პერიოდში მწვრთნელობას არ ვაპირებ. სხვა გეგმები მაქვს განსახორციელებელი.
- იქნებ გაგვანდოთ, რომელი?
- “ინტერში” მეტად მნიშვნელოვანი თანამდებობა მიკავია და კლუბის საკეთილდღეოდ თუ განსავითარებლად ძალ-ღონეს არ ვიშურებ. ამასთან დიდ სიამოვნებას მგვრის ადამიანთათვის გაწეული დახმარება. ამის განსახორციელებლად “ინტერსაც” ვეხმარები და საკუთარი საქველმოქმედო ფონდიც დავაარსე. დახმარების ხელს ვუწვდი ხელმოკლე ახალგაზრდებს, მათ უკეთესი ცხოვრების დაწყებაში შეძლებისდაგვარად ვეხმარები და ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემი მეოხებით ადამიანებს სიცოცხლის ხალისი ემატებათ. მერწმუნეთ, ამაზე დიდ სიხარულს ფეხბურთელობის დროსაც კი ვერ ვიღებდი.
- პორტუგალიისა და ესპანეთს ერთობლივი ძალით მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა სურთ. ამ 2 ქვეყნის მიერ შექმნილი მუნდიალის მასპინძლობისთვის ბრძოლის საორგანიზაციო კომიტეტმა თქვენ საკუთარ ელჩად დაგასახელათ. როგორ გგონიათ, პირენულ დუეტს მუნდიალის ჩატარებას ანდობენ?
- ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა ნებისმიერი ერისა და ქვეყნისთვის უდიდესი პრივილეგიაა და საამაყო საქმე. პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ესპანეთსა და პორტუგალიას ყველაფერი აქვთ საიმისოდ, მსოფლიო საფეხბურთო ფორუმის მასპინძლობას თავი პირნათლად რომ გაართვან. ორივე სახელმწიფოს მაღალი რანგის სპორტული ტურნირების ჩატარების მდიდარი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, გამარჯვების შემთხვევაში, პორტუგალია და ესპანეთი მუნდიალის სამაგალითო მასპინძელ-ორგანიზატორები იქნებიან. დამეთანხმებით, ეს ლიტონი სიტყვები რომ არაა. ჩვენ ბრწყინვალე საფეხბურთო ინფრასტრუქტურა გვაქვს, პორტუგალიელებს და ესპანელებს კი სპორტის უპირველესი სახეობა ძალიან უყვართ. თუკი მუნდიალის მასპინძლობა მოგვანდეს, გულშემატკივრებს ნამდვილი “საფეხბურთო ფიესტა” ელით.
- საუბრის ბოლოს ამ კითხვაზეც გაგვეცით პასუხი – როგორ გგონიათ, რომელი ფეხბურთელი გახდება წლის საუკეთესო მოთამაშე?
- ჩემი ფავორიტი ვესლი სნეიდერი და რამდენიმე ესპანელი ფეხბურთელია, რომელთაც სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე იმარჯვეს.  სნეიდერის ტალანტისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, “ოქროს ბურთის” რეალურ მაძიებლებად მსოფლიოს ჩემპიონატის ტრიუმფატორები ხავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და დავიდ ვილია უნდა მივიჩნიოთ.   
გოჩა კაჭარავა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099567