თანამედროვე ქართული ჭიდაობის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი წარმომადგენელი, მსოფლიოს 2-გზის და ევროპის 5-გზის ჩემპიონი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლუკა კურტანიძე საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. "წარმომადგენლობითი სახალხო კრება” კი, რომელშიც ცნობილი სპორტსმენებიც შედიან, საპროტესტო წერილს ამზადებს, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაში გასაგზავნად.
26-30 აგვისტოს, ჩერნოგორიის ქალაქი ბუდვა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს პლაჟის ჭიდაობაში. ეს სახეობა ახლა იკიდებს ფეხს. ცხადია, საქართველოსთვისაც ახალი ხილია, მაგრამ ერთმა ქართველმა მოჭიდავემ უკვე საერთაშორისო გამოცდილების მიღებაც მოასწრო და ქვეყანას პირველი მედალიც მოუპოვა - ლუკა კურტანიძემ შარშან, ვარნაში ჩატარებულ მსოფლიოს პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. წლეულს შედეგის გაუმჯობესებას რომ გეგმავდა, არაერთგზის უთქვამს, მაგრამ ახლახან გადაწყდა, რომ ქართული დელეგაცია ჩერნოგორიაში კურტანიძის გარეშე გაემგზავრება.
“ბუდვაში სავარაუდოდ სამკაციანი დელეგაციით ჩავალთ. აჭარის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე რაულ თავართქილაძე ოფიციალურადაა მიწვეული, რათა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დროშა ჩაიბაროს. მომავალ წელს ხომ პლაჟის მსოფლიო პირველობას ბათუმი მასპინძლობს. მე და ბელდუხ გავაშელიშვილი კი ჩვენი ხარჯით გავემგზავრებით და სავარაუდოდ, შეჯიბრშიც მივიღებთ მონაწილეობას” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ და იქვე დასძინა, წინასწარ სიაში კურტანიძეც იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ დაფინანსება არ ხდებოდა, მისი წამოსვლა გამოირიცხაო.
“მსოფლიო სპორტი” ლუკა კურტანიძესაც ესაუბრა:
ლუკა კურტანიძე: ფინანსები გამოგონილი მიზეზია. 3-კაციანი დელეგაციის გამგზავრებაც კარგა ხნის წინ გადაწყდა და არაფერი სავარაუდო ამაში აღარაა. ჩერნოგორიაში საკუთარი ხარჯით არავინ მიდის. დამიჯერეთ, სინამდვილეში დიდ სიბინძურეს აქვს ადგილი. განაცხადში ჩემი დაყენება არ სურთ, იმის გამო, რომ მათი პოლიტიკის მომხრე არ ვარ.
- საიდან გამოიტანეთ ეს დასკვნა?
- შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის შემდეგ საქართველოს საპლაჟო ჭიდაობის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ამირჩიეს და ხელფასიც დამენიშნა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ოპოზიციურ პარტიაში (დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო – რედ.) გავწევრიანდი, მწვრთნელობასაც ჩამომაშორეს და ცოტა ხანში ეს შტატი საერთოდ გააუქმეს. წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებაშიც თუ შემიშლიდნენ ხელს, მაინც არ მეგონა, მაგრამ... გამომიცხადეს, რომ საკმარისი დაფინანსება არ იყო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ წავიდოდი. მაშინვე მივხვდი, ხელს მიშლიდნენ. “წარმომადგენლობითი სახალხო კრების” მიერ სპორტის სამინისტროსა და ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში წარდგენილმა საპროტესტო წერილმა პატარა შედეგი გამოიღო - დამიბარეს და საჭირო საბუთები მიმატანინეს. ბუდვაში წამსვლელ დელეგაციაში ოთხნი უნდა ვყოფილიყავით. ახლახან ფედერაციაში მივედი და გაოგნებული დავრჩი. დელეგაციის სამ წევრს მთელი რიგი საკითხები უკვე მოგვარებული ჰქონდა, მე კი ეს ჩემით უნდა გამეკეთებინა. სავიზო და სამგზავრო დეტალებზეც პირადად უნდა მეზრუნა და მთავარი “სიურპრიზი” - ყველა ხარჯი თავად უნდა გამეწია.
- მაინც აპირებთ ჩერნოგორიაში გამგზავრებას?
- ქართულ გუნდს ჩამომაცილეს, კეთროვანივით გამრიყეს და მარტო წასვლა კიდევ ერთი დიდი შეურაცხყოფა იქნებოდა ჩემთვის. სიმართლე გითხრათ, აღარც განწყობა მაქვს. არადა, ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, როგორი მონდომებით ვემზადებოდი ამ ჩემპიონატისთვის. სამწუხაროდ, ყველაფრის ხალისი დამიკარგეს. ამას ნამდვილად არ ვიმსახურებ. 30 წელი სულით და გულით ვემსახურე ჩემს ქვეყანას. მილიონებზე არ გავცვალე, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მაცდუნებელი შემოთავაზება მივიღე. უამრავი ტკივილი გამოვიარე, ისე, რომ არავისთვის დამიმადლებია. ღმერთმა დამიფაროს, ასეთი რამ ჩავიდინო, მაგრამ ხანდახან დავფიქრდები ხოლმე, ხომ არ ჯობდა, სხვაგვარად მოვქცეულიყავი, რათა ახლა ასეთ დღეში არ აღმოვჩენილიყავი.
- შევიტყვეთ, რომ სახალხო კრება საპროტესტო წერილს ამზადებს, ფილაში გასაგზავნად...
- არ მინდოდა საქმე აქამდე მისულიყო, მაგრამ სამწუხაროდ სხვა გამოსავალს ვეღარ ვხედავ. აქამდე ვიკავებდი თავს, რადგან კიდევ მქონდა იმედი, რომ ასეთ უაზრო გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ. წერილს ფილას გარდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსაც მივაწვდით. ვაცნობებთ, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონზე დისკრიმინაციას აქვს ადგილი. დარწმუნებული ვარ, ამ ფაქტს საერთაშორისო სპორტული საზოგადოების მხრიდან ადექვატური რეაგირება მოყვება. საქართველოს საზღვრებს გარეთ მე ჩემი ქვეყნის სახელს და ღირსებას ვიცავ და იქ არავის არ აინტერესებს, რა პარტიული მოსაზრება მაქვს. სამწუხაროდ, ჩვენთან სულ სხვანაირად ფიქრობენ და მუშაობენ. აქ განსხვავებული აზრი დანაშაულია და ბოლომდე ვიბრძოლებ ამ სტერეოტიპის დასანგრევად.
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ პლაჟის ჭიდაობაში 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქად ბათუმი უკვე ოფიციალურად გამოაცხადა. ამ საქმეს წერტილი ვერაფრით დაესმებოდა, რომ არა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გარანტია, რომ ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩატარდება. როდესაც ამხელა პასუხისმგებლობას იღებ, სპორტისგან განყენებული თემები გვერდზე უნდა გადადო და მხოლოდ საქმეზე იფიქრო. და ბოლოს, ვიდრე უმაღლესი რანგის შეჯიბრის მასპინძლობას მოვინდომებთ, მინიმუმ, ეროვნული ნაკრები მაინც უნდა ჩამოვაყალიბოთ. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციისთვის პლაჟის ჭიდაობის გუნდის დასაკომპლექტებელი თანხის გამონახვა აშკარად პრობლემაა. ჩერნოგორიაში ერთი სპორტსმენის ჩაყვანის ხარჯი (ყველა დეტალის გათვალისწინებით) ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს.
ოთარ მაღლაკელიძე







