ლონდონის “ჩელსის” ახალწვეულს, 18 წლის რომელუ ლუკაკუს Don Balon-ი გაესაუბრა. ბელგიელმა ფეხბურთელმა საკმაოდ საინტერესო საკითხებზე ისაუბრა - თუ სად გაატარა არდადეგები, რა მოსწონს “ჩელსიში”, რა საერთო აქვს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან. გარდა ამისა, ლუკაკუმ ბელგიაში გატარებული პერიოდიც გაიხსენა.
- მოდით, “არასერიოზული” შეკითხვით დავიწყოთ – როგორ გაატარეთ არდადეგები?
- მას შემდეგ, რაც პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდი, არდადეგები არ მქონია. როდესაც ფეხბურთს არ ვთამაშობდი, სკოლაში დავდიოდი. ახლა, სკოლა დავამთავრე და კარგადაც დავისვენე.
- და რას აკეთებდით?
- უწინარესად, რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად, მაიამიში ვაპირებდი წასვლას. შემდეგ გავიგეთ, რომ ჩემი ასაკის გამო ბევრ ადგილას არ შემიშვებდნენ. ამიტომ, სახლში დარჩენა და ახალი სეზონისთვის მომზადება ვამჯობინე.
- სწავლა-განათლება ხელს ხომ არ გიშლიდათ იმაში, რომ როგორც ფეხბურთელს, პროგრესირება გაგეგრძელებინათ?
- არა, ასე არასდროს მიფიქრია. ხანდახან, სწავლის მიტოვება მინდოდა, მაგრამ იმის დამტკიცებაც მსურდა, რომ სწავლისა და ფეხბურთის შეთავსება შესაძლებელია. რთულია იმეცადინო, როცა შენი მეგობრები ისვენებენ. მქონია დღეები, როდესაც წიგნების ფანჯრიდან გადაყრა მინდოდა.
- თქვენ ყოველთვის ოცნებობდით დიდი ფეხბურთის თამაშზე...
- დიახ, მითხრეს, რომ პატარაობისას დედისთვის მითქვამს: “16 წლის ასაკში ფეხბურთელი გავხდები, ბევრ ფულს ვიშოვი და შენ ამდენი მუშაობა აღარ დაგჭირდება”. მაშინ დედაჩემს გაეღიმა, მაგრამ როგორც ხედავთ, ნამდვილად ასე მოხდა.
- ბელგიის ჩემპიონატში დებიუტი 16 წლის ასაკში გქონდათ...
- დიახ, “სტანდარტის” წინააღმდეგ. ის თამაში კარგად ჩავატარე. როდესაც ასეთი მატჩების გემოს იგებ, უფრო მეტის სურვილი გიჩნდება. შემდეგ წელს ჩემი გუნდი ჩემპიონი გახდა, მე – ბომბარდირი. გარდა ამისა, რამდენიმე კარგი მატჩი ჩავატარეთ ევროპის ლიგაზე. მაგალითად, “აიაქსთან” და “ატლეტიკოსთან”. მოკლედ, ყველაფერი კარგად მიდიოდა.
- მაგრამ გასულ სეზონში ყველაფერი არც ისე კარგად იყო. რატომ?
- ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი გვქონდა, მაგრამ ბელგრადის “პარტიზანმა” პენალტის გატანით დიდი დარტყმა მოგვაყენა. ამის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები წავაგეთ “აიაქსთან” და “სტანდარტთან”.
- ზამთრის შესვენების დროს, თქვენ ინტერვიუებს არ იძლეოდით. რატომ?
- მამაჩემი მეუბნებოდა, რომ ხალხი ჩემზე იტყოდა: “ის მთელი დღე ინტერვიუებს არიგებს. რა თქმა უნდა, ვარჯიშისთვის არ სცალია”. ჩავარდნა რომ მქონოდა, ხალხი ყველაფერს ჩემს “უსაქმურობას” დააბრალებდა.
- ასე ნამდვილად ამბობდნენ?
- დიახ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებში ეს ნორმალურია, ბელგიაში საკუთარი თავის რეკლამირებას ცუდად უყურებენ. ნეიმარი და მესი ხშირად საუბრობენ ჟურნალისტებთან, მაგრამ ეს მათ თამაშს ხელს არ უშლის.
- რამდენიმე თვის წინათ, თქვენს სახელს სხვადასხვა გუნდებს უკავშირებდნენ. საბოლოო ჯამში, “ჩელსიში” აღმოჩნდით. ყველაზე მეტად, რა მოგწონთ ინგლისურ ფეხბურთში?
- ცეცხლი, შიში, გულშემატკივრები... ფეხბურთელები მოედანზე 90 წუთს ატარებენ და 110%-ით იხარჯებიან.
- საიდან მოდის თქვენი “ჩელსისადმი” სიმპათია?
- ჩემი საყვარელი ფერი – ლურჯია. გარდა ამისა, მე “ჩელსის” თამაშის სტილი მოურინიოს დროს მომწონდა. “არისტოკრატები” უმაღლეს ტემპში თამაშობდნენ. განსაკუთრებით, დიდიე დროგბა მომწონს. ის ჩემი კუმირია.
- თქვენს კუმირად კიდევ ვის დაასახელებდით?
- კრიშტიანუ რონალდუ მაოცებს. ის ერთმანეთს შესანიშნავად უთავსებს ფეხბურთსა და პირად ცხოვრებას. ის არასდროს გაურბის ჟურნალისტებს. რონალდუ ბრწყინვალე ფეხბურთელია. მიკვირს იმ ფეხბურთელების, რომლებიც ტიტულების მოგების შემდეგ, მოტივაციას კარგავენ. მე სხვანაირი ვარ - გამარჯვებებით არასდროს დავიღლები.
მოამზადა ირაკლი ჯაფარიძემ









