უეფაში რამდენიც არ უნდა ამტკიცონ - ევროპულ ფეხბურთში ყველაფერი “აჟურშიაო”, ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრასთან დაკავშირებულ სკანდალზე, მიშელ პლატინისაც და მთელს მის გუნდს, ძალიან მწვავე კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა.
როგორც იცით, 20 დეკემბრამდე, ანუ ლიგის მერვედფინალური წყვილების გამოვლენამდე 1 დღით ადრე, ინტერნეტში, youtube-ზე დაიდო ვიდეო, სადაც ლიგის კენჭისყრის ერთგვარ ”რეპეტიციას” ვხედავთ და ჰოი საოცრებავ! - მერვედფინალური ეტაპის რვავე წყვილი ემთხვევა იმ მოცემულობას, რაც ერთი დღის შემდეგ, კენჭისყრის დროს გაირკვა.
რა ვქნათ ახლა ჩვენ? ვისხდეთ შტერებივით და გვჯეროდეს, რომ საფეხბურთო მაფია არ არსებობს? იქნებ საკუთარ თვალებსაც არ ვენდოთ? იქნებ ყველაფერი 2012 წლის დაანონსებული აპოკალიფსის შიშების ბრალია? ნოსტრადამუსი და ბულგარელი ვანგა ამქვეყნად აღარ არიან. მაშ ვინ შეძლო “სასწაული” და ვინ გამოიცნო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები კენჭისყრამდე ერთი დღის ადრე? ვინ? ვინ?..
მოცემული რეალობა, ფეხბურთის ევროპელ ქომაგებს გვაძლევს იმის სრულ უფლებას, რომ ევროკავშირის და უპირველესად შვეიცარიის ძალოვან ორგანოებს, ამ ფაქტზე გამოძიების დაწყება და თვით მიშელ პლატინის დაკითხვა მოვთხოვოთ. თუკი ეს სკანდალი სხვა ამბების მსგავსად ჩაიფარცხა და სათანადო რეაგირება არ მოჰყვა, გამოდის, რომ ჩვენი კონტინენტი მართლაც “ჩალით ყოფილა დახურული” და საერთოდ აღარ ღირს ფეხბურთის ცქერა ან გულშემატკივრობა.
საინტერესოა, როგორ იმართლებენ თავს, ევროპული ფეხბურთის ბოსები... თუ იტყვიან, რომ ეს ყველაფერი დამთხვევა იყოო, ესე იგი მილიონობით გულშემატკივარს შტერებად გვთვლიან და ასეთ უტიფარ ტყუილსაც იმიტომ ბედავენ. თუ იტყვიან, რომ გარკვეულ “გადაცდომებს” ჰქონდა ადგილი, რის შესახებაც მაღალჩინოსნებმა არაფერი ვიცოდითო, არც ამას დაიჯერებს ვინმე, რადგან ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, რომ ეს რამდენიმე ნაგიჟარი მაფიოზის გაკეთებული ნამდვილად არ არის და უფრო სერიოზულ ძალებთან გვაქვს საქმე. თუკი დანაშაულს სრულად აღიარებენ, მაშინ შვეიცარიის პოლიციას, პროკურატურას და ინტერპოლს, პრაქტიკულად უეფას ყველა მაღალჩინოსნის დაკავება მოუწევთ. ეს თუ მოხდა, ამბები თქვენ მერე უნდა ნახოთ!
ალბათ გახსოვთ, ორი კვირის წინათ მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ უეფას გოლის დასაფიქსირებელი დეტექტორებისთვის საჭირო 50 მილიონი ევრო არ ემეტებაო, რამაც ბევრი ქომაგი გაანაწყენა. მაშინაც დავწერეთ ამაზე და იმედი გამოვთქვით, რომ პლატინი მასთან დაკავშირებულ ეჭვებს გააქარწყლებდა და დაამტკიცებდა, რომ მისი მმართველობის ქვეშ მყოფ ორგანიზაციას მაფიასთან კავშირი არა აქვს. მაგრამ, ეს ახალი სკანდალი უკვე ის შემთხვევაა, როდესაც ყველა გამოვფხიზლდით და დავინახეთ, რომ ფეხბურთის მაფია შეიძლება მართლაც უკვდავია და აქამდე ყველას თუ არა, გულშემატკივართა უმრავლესობას მაინც, თვალებზე “ლიბრი” გვქონდა გადაკრული.
სკანდალურ სიუჟეტს აწერია, რომ მომზადებულია, ბრიტანული “სქაი სპორტის” მიერ. მაგრამ, ამ მედიაორგანიზაციის ვებ-გვერდზე, მსგავსი სიუჟეტი არ დევს. არადა, ფაქტი ჯიუტია, რომ ეს ვიდეო კენჭისყრამდე 1 დღით ადრეა დადებული. არ ვიცი, რას შეიძლება დაეყრდნონ უეფას მაღალჩინოსნები, როდესაც თავის მართლებას დაიწყებენ... თავის დასაძვრენად, შეიძლება ისიც კი თქვან, სიუჟეტის გამავრცელებლებმა youtube-ს ხელმძღვანელები მოქრთამეს და კადრები წინა დღის რიცხვით დაადებინესო. ასეთი რამ ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ youtube ის ორგანიზაცია არაა, მსგავსი ბრალდებები გულისგარეთ რომ გაატაროს. მით უმეტეს, ისეთ კადრებზეა საუბარი, რომელთა გამო სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.
და ისევ დამთხვევაზე... რასაკვირველია, არსებობს მიზერულზე მიზერული შანსი, რომ ყველაფერი უბრალოდ დამთხვევა იყო და “ვიღაცის” გამჭრიახმა გონებამ წინასწარ გათვალა მერვედფინალებში რომელი კლუბი ვის გადაეყრებოდა. მაგრამ, უეფა იმდენად სახელგატეხილი ორგანიზაციაა, ეს საწაული რომც მომხდარიყო, მაინც არავინ დაიჯერებს. მართლაც... აბა მოდი და დაიჯერე თუ ბიჭი ხარ!..
http://www.youtube.com/watch?v=uisidQxyo6Q&feature=player_embedded
ლევან სეფისკვერაძე









