ოსტრავას “ბანიკი” (ქართულად “მაღაროელი”) 1922 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად “სლეზსკა” ერქვა. მას შემდეგ, კლუბმა სახელი რამდენიმეჯერ შეიცვალა და “ბანიკად” 1995 წლიდან იწოდება. ოსტრაველებმა, ყოფილი ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონატში 3-ჯერ (1976, 1980 და 1981 წლებში) გაიმარჯვეს და ამდენჯერვე (1973, 1978 და 1991) ქვეყნის თასს დაეუფლენ. ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ, “ბანიკმა” 2004 წელს ჩეხეთის ჩემპიონატი მოიგო და 2-ჯერ (1994, 2008), ქვეყნის პირველობაზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. 2005 წელს კი, ქვეყნის თასი მოიპოვა. 2004 და 2006 წლებში “ბანიკი” თასის ფინალში დამარცხდა. გასულ სეზონში, გამბრინუს ლიგაში გუნდმა მე-3 ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგაზე ასპარეზობის უფლება მიიღო.
ჩემპიონთა თასზე და ჩემპიონთა ლიგაში ოსტრაველებმა 4-ჯერ ითამაშეს – საუკეთესო მიღწევა 1980-81 წლების სეზონში 1/4-ფინალში გასვლაა, სადაც მიუნხენის “ბაიერნთან” დამარცხდნენ. მათ 3-ჯერ იასპარეზეს თასების მფლობელთა თასზე და აწ უკვე ისტორიას ჩაბარებულ ტურნიზე, 1978-79 წლების სეზონში 1/2-ფინალამდე მიაღწიეს, სადაც დიუსელდორფის “ფორტუნას” ბარიერი ვერ დასძლიეს. უეფას თასზე “ბანიკმა” 9-ჯერ მიიღო მონაწილეობა და საუკეთესო შედეგი 1974-1975 წლების სეზონში აჩვენა, როდესაც 1/4-ფინალში გავიდა, მაგრამ ბრძოლას მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” გამოეთიშა.
“ბანიკი” ჩეხეთში ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ კლუბად ითვლება, რომელმაც ეროვნულ ნაკრებს არაერთი მოთამაშე აღუზარდა. სხვათა შორის, ოსტრაველებისთვის არც ძვირადღირებული ტრანსფერების განხორციელებაა უცხო. 2002 წელს, სწორედ “ბანიკიდან” გადავიდა 4,5 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ მილან ბაროში ინგლისის “ლივერპულში”. გასულ წელს კი, ოსტრაველებმა, 1,8 მილიონ გირვანქად, ფრანგულ “სოშოში” ვაცლავ სვერკოში გაყიდეს. მათ გარდა, სხვადასხვა დროს, “ბანიკში” ისეთი ცნობილი მოთამაშეები გამოდიოდნენ, როგორებიც იან ლაშტუვკა, მარეკ ჩეხი, მარეკ იანკულოვსკი და ტომაშ გალაშეკი არიან. “მაღაროელთა” ამჟამინდელ შემადგენლობაში მხოლოდ ორი ლეგიონერი ირიცხება – მცველი ფერნანდო ნევესი, რომელიც კაბო ვერდედანაა და სამხრეთკორეელი თავდამსხმელი ლი ჰიანგ-სანგი. გუნდის მთავარი მწვრთნელი 58 წლის მიროსლავ კოუბეკია, რომელიც ოსტრაველებს სათავეში 2009 წლიდან უდგას. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ფორმაციის ჩეხეთის ნაკრებში, “ბანიკიდან” არავინ გამოდის.
“ბანიკი” საშინაო შეხვედრებს სტადიონ “ბაზალიზე” ატარებს, რომელიც 17372 გულშემატკივარს იტევს. ჩეხეთის გამბრინუსლიგაში, ხსენებული არენა ერთ-ერთი ყველაზე მაღალდასწრებადია. ოსტრაველთა გულშემატკივრები, საკუთარი კლუბისადმი სიყვარულით, ჩეხეთის მასშტაბით ცნობილნი არიან. მათ “ჩაჩარის” უწოდებენ, რაც ადგილობრივ დიალექტზე “ცუდ ბიჭებს” ნიშნავს. მათი ჰიმნია “ბანიკ, ჩვენ შენთან ვართ”, რომელსაც ყოველ თამაშზე აჟღერებენ. “ბანიკის” მიერ ჩატარებულ მატჩებზე, კლუბის “ფანების” მიერ არც მაშხალების ანთებაა უცხო.
ლაშა თაბაგარი









