სტატიები

13:10 | 11.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლი ტორონტოდან

ევროპის ჩემპიონატი ჟურნალისტთა ცხოველ ინტერესს რომ იწვევს, გასაკვირი არავისთვისაა. რომელი ქვეყნის მასმედიელს აღარ შეხვდები ხარკოვში, იაპონელსაც კი, რაც გასაკვირი არაა, რადგან “ამომავალი მზის ქვეყანაში” ფეხბურთი ძალიან პოპულარულია. აი, კანადელს თუ გადავაწყდებოდი, ნამდვილად არ მეგონა, რადგან ჰოკეის სამშობლოში ხომ ფეხბურთი, ღმერთმა უწყის, სპორტის ნომერ მერამდენე სახეობაა.

ჰოლანდია-დანიის მატჩის დაწყებამდე შუა ხნის თითქმის ორმეტრიანმა მამაკაცმა პრესლოჟაში საკუთარ ადგილს როგორც იქნა მიაგნო და იქ მჯდომ იტალიელ ჟურნალისტს სხვა სკამზე გადაჯდომა მოუწია, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ადგილი შეშლია.

თამაშის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისასაც, ჩემს გევრდით მჯდომი ჟურნალისტი მესიჯების გაგზავნით ან მათი კითხვით იყო დაკავებული. მოედანს თვალს დროდადრო შეავლებდა, ან თუ რამე გამორჩებოდა, მაგიდაზე დამონტაჟებულ მონიტორზე უყურებდა ეპიზოდის განმეორებას. პირველ ტაიმში, როდესაც რობინ ვან პერსიმ მორიგი სახიფათო მომენტი გააცუდა, მე მკითხა – ვინ ურტყამდაო? დავინტერესდი, საიდან იყო – მიპასუხა, კანადიდან ვარ და მაიკლი მქვიაო. აღმოჩნდა, რომ “ტორონტო სანის” ჟურნალისტი იყო და თავის ოთხ კოლეგასთან ერთად უკრაინა-პოლონეთში ევროპის ჩემპიონატის გასაშუქებლად ჩამოსულა. ამის შემდეგ, “მესიჯობა” გააგრძელა და აღარ გამკვირვებია, რომ მოედანზე მიმდინარე მოვლენებს ზერელედ უყურებდა. აბა, სად კანადა და სად ფეხბურთი.

იტალიური მასმედია ევროპის ჩემპიონატს ფართოდ აშუქებს და აპენინელი ჟურნალისტები თუ ფოტორეპორტიორები ხარკოვშიც მრავლად არიან. ერთ-ერთი მეც გავიცანი, სახელად მასიმო, რომელიც “კორიერე დელო სპორტის” მიმომხილველი აღმოჩნდა. ნოუთბუქის დენის წყაროში შესაერთებლად “შტეფსელი” ვერ იპოვა და დახმარება მთხოვა. მე კი ავუხსენი, სადაც იყო, მაგრამ მაგიდის ქვეშ კარგა ხანი იძრომიალა და ბოლოს ამომძახა: “აბა, სად არისო?” როდესაც ვაპოვნინე, ჩემს აკრედიტაციას დახედა და წამოიძახა: “ჯორჯია”, თან ხელი ჩამომართვა. ბუნებრივია, კახა კალაძე ვუხსენე და ცერა თითი მაღლა აწია – კარგი ფეხბურთელიაო. რის შემდეგაც მკითხა: “პოლიტიკაში წავიდა?” და დადებითი პასუხი მიიღო.

ერთ-ერთი უკრაინული გამოცემის ჟურნალისტი ქართული ფეხბურთის მდგომარეობით დაინტერესდა და შემდეგ, ზოგადად თავის ქვეყანაში სპორტში არსებულ მდგომარეობაზე მესაუბრა. მისი თქმით, “ნარინჯისფერ” რევოლუციამდე ხელისუფლება ადგილობრივ სპორტსმენებს ყველა პირობას უქმნიდა, ხოლო ბიზნესმენებს, ვინც ფეხბურთში ფულს დებდა, მცირე, მაგრამ შეღავათი მაინც ჰქონდა. რევოლუციის შემდეგ, როგორც კოლეგამ განმიმარტა, იულია ტიმოშენკოს მთავრობა სპორტს ყურადღებას აღარ აქცევდა და ბევრმა ადგილობრივმა სპორტსმენმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ამის გარდა, საფეხბურთო კლუბებსაც შეღავათები გაუუქმეს. თუმცა, იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების მერე, ამ უკრაინელი ჟურნალისტის განცხადებით, სახელმწიფო სპორტსმენებს ყურადღებას ისევ აქცევს. რაც შეეხება უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგას, მის სიტყვებს თუ დავუჯერებთ, ჩემპიონატი ფაქტობრივად დონეცკის “შახტარისა” და დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” პრეზიდენტების – რინატ ახმეტოვისა და იგორ კოლომოისკის შიდა პირველობაა. ერთადერთი, ვინც ცალკე დგას, ეს ხარკოვის “მეტალისტის” პრეზიდენტი ალექსანდრ იაროსლავსკია. მან ამიხსნა, რომ ახმეტოვს “შახტარის” გარდა, დონეცკის “მეტალურგი”, მარიუპოლის “ილიჩივეცი”, ლუგანსკის “ზორია” და პირველი ლიგის “სევასტოპოლი” ეკუთვნის. მართალია, ხსნებულ კლუბებს ოფიციალურად სხვა პრეზიდენტები ჰყავთ, მაგრამ მთავარი დამფინანსებელი სწორედ უკრაინის უმდიდრესი ადამიანია. რაც შეეხება კოლომოისკის, მისი საკუთრება “დნიპროს” გარდა, კიევის “დინამო”, კრივოი როგის “კრივბასი”, ლუცკის “ვოლინი”, კიევის “არსენალი” და პირველი ლიგის ზაპოროჟიეს “მეტალურგი” ყოფილა. მართალი გითხრათ, “დინამოს” ხსენებამ გამაკვირვა, მაგრამ დამარწმუნა – ეგრეა, ეგრეო. სხვა რა დამრჩენოდა, უნდა დამეჯერებინა.

გვერდს ვერ ავუვლი ჰოლანდია-დანიის მატჩისას რუსეთის ნაკრების გულშემატკივრების ქცევაზე. მათ მოულოდნელად დაიწყეს სკანდირება: “როსია, როსია”. ბუნებრივია, უკრანელები ამას ისე ვერ “გაატარებდნენ” და საპასუხოდ “უკრაინა, უკრაინა” დასჭექეს. ასე რომ, თამაშის მსვლელობისას პერიოდულად ერთბაშად ოთხი ქვეყნის სახელს სკანდირებდნენ.

ზემოთ ფოტორეპორტიორები ვახსენე და მატჩამდე ერთი მეტად საინტერესო ეპიზოდი დავაფიქსირე. ერთ-ერთი ტანდაბალი ფოტოგრაფი სტადიონზე ზურგზე გადაკიდებული იმხელა ობიექტივით შემოვიდა, რომ მის ქვეშ მოქცეული არც ჩანდა. “მსოფლიო სპორტის” ფოტოგრაფები გამახსენდა, რომელთაც ასეთი ობიექტივების ფასი ძალიან კარგად იციან და ამ თემაზე მსურველს ლექციასაც წაუკითხავენ. არადა, რასაც ვაკვირდები, ჩვენი გამოცემის ფოტოგრაფებს პროფესიონალიზმით ნამდვილად არ აღემატებიან. მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი დონის ტურნირზე მოხვედრის შემთხვევაში უკეთეს ფოტოებსაც გადაიღებენ.

 

ლაშა თაბაგარი, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი ხარკოვიდან
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.17134