დასრულდა ქალთა და ვაჟთა გაერთიანებული საერთაშორისო ტურნირი რაპიდში ანუ სწრაფ ჭადრაკში, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქი დუბაი მასპინძლობდა. ასპარეზობამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რომელშიც 78 სპორტსმენი მონაწილეობდა.
წარმატებას მიაღწია ქართველმა საერთაშორისო დიდოსტატმა მაკა ფურცელაძემ, რომელმაც საუდ ახმედ ბონდოკისა (ეგვიპტე) და სემი შოკერისთან (ეგვიპტე) ერთად, 7 შესაძლებლობიდან 6 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილი დაიკავა.
პირველ ადგილზე სერგეი კაიუროვი (უზბეკეთი) გავიდა, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო და ქულათა მაქსიმუმი დააგროვა.







