ინტერვიუები

18:18 | 25.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

“მაკაბის” ქართველები ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადებიან

 

ისრაელის ჩემპიონისადმი ქართველთა ინტერესი არც ახალი სეზონიდან მოიკლებს. სამწვრთნელო PRO-ლიცენზიის მქონე 42 წლის სპეციალისტი გიორგი დარასელია, ამჯერადაც ჰაიფას ”მაკაბის” თავკაცის, ელიშა ლევის მთავარი დამხმარეა. დარასელიას რამდენიმე სერიოზული შემოთავაზება, მის ხელში გუნდის მეორედ გაჩემპიონების შემდეგაც ჰქონდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორედ მოხვედრა, როგორც ჩანს, მარტო ამბიციური ფეხბურთელისთვის არაა მიმზიდველი გამოწვევა. გუნდშია და ევროტურნირზე სათამაშოდ ემზადება, ეროვნული ნაკრების ფორვარდი ვლადიმერ დვალიშვილიც. ბევრს საუბრობდნენ კლუბიდან მის გასხვისებაზე, მაგრამ იმ ცვლილებათა ფონზე, რაც ”მაკაბიში” მოხდა, ალბათ მასაც ჰაიფაში მოუწევს სეზონის დაწყება. 
”მსოფლიო სპორტი” ჰაიფელთა ქართველ მწვრთნელს ისრაელში დაუკავშირდა. ”მაკაბი” კვირას ავსტრიულ შეკრებაზე მიემგზავრება, სადაც ბოსნიურ ”ბორაცთან” ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასამართ მატჩამდე მოემზადება.
- ბატონო გიორგი, ”მაკაბი” ჩემპიონი გახდა და პრაქტიკულად ახალი გუნდის ჩამოყალიბება გიწევთ.
- ასეთი რამ მწვრთნელისთვის მოულოდნელი არ უნდა იყოს. მით უფრო, როცა ფეხბურთში კომერციამ უმაღლეს დონეზე მოიკიდა ფეხი. მეპატრონე საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს და როცა დანახარჯის საუკეთესო ამონაგების მიღების შანსი უჩნდება, ისიც მაშინ იღებს მოთამაშის გაყიდვის გადაწყვეტილებას.
ისე არ გაიგოთ, თითქოს ამის შესახებ იაკოვ შახარი მწვრთნელებს არაფერს გვეკითხება. მოგეხსენებათ, შეუცვლელი დღეს არავინაა. როცა რომელიმე ფეხბურთელზე სარფიან წინადადებას მიიღებს, პრეზიდენტი დაგვიძახებს და ჯერ მისი სრულფასოვანი შემცვლელის კანდიდატურებს განვიხილავთ. თუ ასეთი მოიძებნება, გაყიდვაც მაშინ გადაწყდება.
- ”მაკაბი” შეელია 13 გოლის გამტან ტომერ ჰემედს და ლიორ რაფაელოვს, რომელიც ისრაელში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
- რას იზამ, მათმა აგენტებმა კარგად იმუშავეს, როგორც ფეხბურთელისთვის, ისე კლუბისთვის და ისინი სხვაგან გააგრძელებენ კარიერას. ჰემედი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში წავიდა და ”მალიორკაში” ჩაირიცხა, რაფაელოვი კი, ბელგიურ ”ბრიუგეში” ითამაშებს.
- მოსალოდნელი იყო, რომ გუნდიდან ვლადიმერ დვალიშვილიც უნდა წასულიყო. ახლა კი, როცა გოლის გამტანი პრაქტიკულად არავინ დარჩა, მას ასე იოლად ვეღარ შეელევით.
- ლადოს კიდევ ერთი წელი დარჩა სათამაშო. მართალს ბრძანებთ, რომ მთელი დატვირთვა მასზე გადმოვა, თუმცა ეს არც მას აშინებს და არც ჩვენ - მწვრთნელებს. მას მეწყვილე აუცილებლად ეყოლება. ისეთ ახალგაზრდებს დავაწინაურებთ, რომლებიც, გვჯერა, რომ გაამართლებენ.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარიერა დაასრულა ”მაკაბის” ყველაზე გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა არიკ ბენადომ.
- იგი ჩვენთან შარშან დაბრუნდა ”ბეითარიდან”. პრეზიდენტთან შეთანხმებით, მას ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ეთამაშა და შემდეგ ალონ ხარაზის მსგავსად, მასაც პატივით გააცილებდნენ. სამწუხაროდ, სეზონისწინა სამედიცინო შემოწმებამ, ბენადოს გულის პრობლემები გამოუვლინა. აქაური ცნობილი პროფესორებიც ჩაერივნენ საქმეში, მაგრამ 37 წლის ფეხბურთელისთვის სამწუხარო დასკვნა დაიდო - ის დიდ დატვირთვებს ვერ გაუძლებს. 
- როგორც ვიცით, გუნდს 2 ლეგიონერი დაემატა.
- ერთია სერბეთის ნაკრების სათადარიგო მეკარე, 22 წლის ბოიან შარანოვი, მეორე კი, ხორვატიის ნაკრების 24 წლის ცენტრალური მცველი იურიცა ბულიატი.
- მათი ჩათვლით, ”მაკაბის” 6 ლეგიონერი ჰყავს, უცხოური პასპორტის მქონეთა ლიმიტი კი ისრაელში ხუთია.
- გუნდს ალბათ დატოვებს სამხეთაფრიკელი პიტერ მასილელა. ის ინგლისურ ”ლიდსს” სურს და ფეხბურთელის აგენტი მხარეებთან ბოლო დეტალებს ათანხმებს.
- აგენტი ვახსენეთ და შემოდგომაზე გიორგი დარასელია ფიფას ლიცენზირებული აგენტი გახდება.
- კი, მაგრამ ჩემში არ აგერიოთ. საზარდულის ტრავმის გამო, ჩემმა ვაჟმა აქტიური ფეხბურთისთვის თავის დანებება გადაწყვიტა. მან შესაბამისი კურსები უკვე გაიარა და სექტემბერში, ფიფას აგენტის ოფიციალური სტატუსიც მიენიჭება.
- ავსტრიული შეკრების შესახებაც გვითხარით. იქ, ტრადიციულ ტურნირში მონაწილეობას წელსაც აპირებთ?
- ავსტრიაში კვირას მივემგზავრებით და ძირითად ყურადღებას ბურთთან კონტაქტს მივაქცევთ. გუნდმა მზადება 14 ივნისიდან დაიწყო და ფეხბურთელთა ფუნქციონალური მონაცემები ბოლომდე შესწავლილი გვაქვს. 
ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა და ”ზალცბურგის თასის” გათამაშებაში ჩავერთვებით. ტურნირზე 3 მატჩის გამართვა მოგვიწევს: 27 ივნისს - ვენის ”რაპიდთან”, 29-ში - დონეცკის ”შახტართან”, 2 ივლისს კი - ბუქარესტის ”რაპიდთან”. წამოსვლამდე კიდევ ერთ ტესტ-მატჩს ვითამაშებთ. სავარაუდოდ, 4 ივლისს ჩეხეთის ”პლზენი” გვესპარინგება.
ისრაელში 6-ში დავბრუნდებით, სადაც მზადებას განვაგრძობთ და 12 ივლისს, ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონ ბანია ლუკას ”ბორაცს” ჩვენ მოედანზე ვეთამაშებით.
- მეტოქე კარგად გეყოლებათ შესწავლილი.
- საკმაოდ. ევროპის ლიგაზე ჩვენს შარშანდელ მეტოქე მინსკის ”დინამოს” ბევრად სჯობს. გუნდი მთელი ყურადღებითაა კონცენტრირებული ბოსნიელებზე და თუ ბოლომდე შეასრულეს მწვრთნელთა დავალებები, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისაკენ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ.
 
 
 
ფრიდონ კერვალიშვილი
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097408