ინტერვიუები

9:49 | 22.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

მალხაზ ასათიანი: “საქართველოში ყველაზე გამოჩენილი ადამიანი პატრიარქია”

რუსეთში მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელთაგან, მალხაზ ასათიანი ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი რესპოდენტია. ალბათ, იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრების მცველი უარს არასოდეს ამბობს მატჩის შემდეგ კომენტარის გაკეთებაზე, რაც არ უნდა უხასიათოდ იყოს და თავს არც ხანგრძლივ საუბარს არიდებს. არადა, თავად აღიარებს, რომ მოსკოვში ყოფნის 8 წლის განმავლობაში, რუსულად საუბარი ვერ გააუმჯობესა და ზოგჯერ, ტელე-კამერების წინ ნათქვამზე თავად ეცინება. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ასათიანმა ყოველკვირეულ გამოცემა futbol-ს მისცა.  
- საფეხბურთო კარიერის დასაწყისში, რა გხიბლავდათ და რისკენ მიისწრაფვოდით?
- ბავშვობაში ყოველთვის ოცნებობ ვინმეს დაემსგავსო. მე “მილანს” ვგულშემატკივრობდი და ძალიან მომწონდა იტალიური ფეხბურთი. რატომ? ვერ გეტყვით. მაშინ, საქართველოს ეროვნული ნაკრები არც მსოფლიოს და არც ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში არ თამაშობდა. ამიტომ, ყოველთვის მქონდა არჩევანი ვისთვის მექომაგა და მხარს იტალიელებს ვუჭერდი. როდესაც კახა კალაძე “მილანში” გადავიდა, იტალიელების მიმართ მეტი სიმპათია გამოჩნდა.
-კახასთან ურთიერთობა გაქვთ?
- ეროვნულ ნაკრებში ვურთიერთობთ, სხვა დროს იშვიათად.
- იტალიის ნაკრების წინააღმდეგ თამაში თავადაც მოგიწიათ...
- ამ მხრივ გამიმართლა, რადგან იტალიელები შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად ხშირად ხვდებიან. მათ მოედანზე ოთხჯერ დავუპირისპირდი. ახლა, თითქმის “ნათესავები” ვართ, ერთმანეთს ისე კარგად ვიცნობთ.
- ამჟამად, საქართველოს ნაკრებს ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ჰყავს...
- მასთან ერთად საქართველოს ნაკრებში მითამაშია. ის კარიერას ამთავრებდა და რამდენიმე შეხვედრა ჩავატარეთ. კარგია, რომ ქართველი მწვრთნელი გვყავს. მან ჩვენი მენტალიტეტი უკეთესად იცის. ის ძალიან მონდომებულია. როდესაც თამაშობდა, ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. როგორც მწვრთნელი, ქეცბაია ძალიან ემოციურია. ფეხბურთელებმაც ვუთხარით, რომ მასთან ერთად, როგორც ვარჯიშის, ასევე თამაშის დროს, ბოლომდე დავიხარჯებით. რა გამოვა მომავალში, გამოჩნდება.
- გამოდის, რომ საქართველოს ნაკრებს, სწორედ ქართველი თავკაცი სჭირდება?
- არ ვამბობ, რომ ის აუცილებლად ქართველი უნდა იყოს. თუმცა ამჟამად, ეს ყველაზე სწორი არჩევანია. ჩვენ ხომ უკვე გამოვცადეთ სხვადასხვა მწვრთნელები, მათ შორის, უცხოელებიც.  
- მომავალში, მწვრთნელობას არ აპირებთ?
- არა, ეს ჩემი საქმე არაა. თუმცა, ასე ბევრი ამბობს, მერე კი მწვრთნელები ხდებიან. შესაძლოა, ჩემს შემთხვევაშიც იგივე განმეორდეს. მწვრთნელი რომ იყო, ძალიან მტკიცე ნერვები უნდა გქონდეს.
- რუსულში ვინ გამეცადინებთ? პროგრესი შესამჩნევია.
- ხუმრობთ? ჩემთან ერთად დიმა სენიკოვი რომ ყოფილიყო იტყოდა: “მან რუსული იცის?”. სკოლაში რაც ვისწავლე, ის ვიცი. გეტყვით, რომ “ლოკომოტივში” ყოფნის 8 წლის განმავლობაში, ამ მხრივ არც წინსვლა მაქვს, არც უკუსვლა. თანაგუნდელებს უკვირთ და მეკითხებიან: “როგორ არ შეგიძლია, მერვე წელიწადია, რუსული ისწავლოო?”. ზოგჯერ ისეთი მარტივი რამ მეშლება, თავად მეცინება. საქართველოში რომ ჩავდივარ და შემდეგ უკან ვბრუნდები, ყველაფერი თავიდან იწყება. თანაგუნდელები ხუმრობენ, რომ ჩემი საქართველოში გაშვება არ შეიძლება, რუსული რომ კარგად ვისწავლო. თუმცა, ხალხთან რუსულად საუბრის არ მერიდება. ტელეკამერების წინ კი, ნამდვილად მიჭირს. იქ რას ვამბობ, თავად არ ვიცი. მერე როდესაც ვუყურებ, მეცინება ხოლმე.     
- ქართული ფილმების ყურება გიყვართ?
- დიახ, მხოლოდ ადრინდელის. სამწუხაროა, რომ მათ იშვიათად აჩვენებენ. მათ შორის, საქართველოშიც, სადაც ტელევიზორში მხოლოდ სერიალებია. ახალ ქართულ ფილმებს არ ვუყურებ, არ მაინტერესებს. როდესაც მეკითხებიან, თუ რომელი ფილმი მომწონს, ყველა ელის, რომ “მიმინოს” დავასახელებ. ის მართლაც ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფილმია.     
- საყვარელი კერძი რომელია?
- ხაჭაპური და საცივი მიყვარს. თუმცა, იმერული ხაჭაპური - აჭარული ნაკლებად. საერთოდ, ქართველებს ბევრი კარგი კერძი გვაქვს. თუმცა, ფეხბურთელებისთვის ყველაფრის ჭამა არ შეიძლება, რადგან მეტისმეტად ცხიმიანია.
- საჭმლის მომზადება იცით?
- მგონი, ახალს არაფერს გაიგებთ მამაკაცისგან, თუ გეტყვით, რომ კარტოფილისა ერბოკვერცხის შეწვა ვიცი.  
 - ქართულ ღვინოს ზოგჯერ სვამთ?
- მხოლოდ ნატურალურს, როდესაც საქართველოში ვიმყოფები. სუფრასთან რომ ვზივარ, ცოტას ყოველთვის ვსვამ. ნატურალური ღვინო ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ზომიერად ყველაფერი კარგია.
 - ქართულ ეროვნულ ცეკვასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- ცეკვა ნამდვილად არ ვიცი. როდესაც სხვებს ვუყურებ, ყოველთვის ვფიქრობ – რატომ არ ვისწავლე-მეთქი? მიყვარს, როდესაც მეგობრების ცეკვას თვალს ვადევნებ. საქართველოში, ცეკვის სანახავად საკონცერტო დარბაზებში სიარული საჭირო სულაც არაა, რადგან ოჯახებში არანაკლებად ცეკვავენ.   
 - ფეხბურთის გარდა, რა გაინტერესებთ? თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- ჯერჯერობით, უცოლო ვარ და თავისუფალ დროს, მეტწილად, მეგობრებთან ერთად ვატარებ.  
 - ბიჭი თუ შეგეძინებათ, ფეხბურთზე შეიყვანთ?
- რა დროს ბიჭია! ჯერ ცოლი უნდა მოვიყვანო და ბიჭი მერე უნდა დაიბადოს. შემდეგ უკვე ვნახავთ, რა იქნება და როგორ. რატომაც არ შევიყვან? ამის წინააღმდეგი არ ვარ. მთავარია, რომ მას უნდოდეს.
- ქართველებიდან, ყველაზე გამოჩენილ  ადამიანად ვის თვლით?
- საქართველოში ბევრი გამოჩენილი ადამიანია – მწერლები, სპორტსმენები და სხვა. თუმცა, არავის ეწყინება თუ ვიტყვი, რომ მათ შორის ყველაზე გამოჩენილი, საქართველოს პატრიარქი ილია II-ა.  

მოამზადა ლაშა თაბაგარმა

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.070173