საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი მალხაზ ასათიანი თავისუფალი აგენტის რანგშია და ახალ შეთავაზებებს ელის. მოსკოვის “ლოკომოტივში” გატარებული 8 სეზონის შემდეგ, ფეხბურთელს კვლავ რუსეთის პრემიერლიგაში თამაშის სურვილი აქვს. განიხილება “ასკას” კიევის “დინამოში” დაბრუნების ვარიანტიც, სადაც მწვრთნელად ისევ იური სიომინი მივიდა. სხვათა შორის, “მსოფლიო სპორტის” დღევანდელ სტუმარს, დღემდე სამ კლუბში (ქუთაისის “ტორპედო”, მოსკოვის “ლოკომოტივი” და კიევის “დინამო”) უთამაშია და სამივეს რიგებში ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
- მალხაზ, ალბათ, ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რომ თქვენს საფეხბურთო კარიერაში “ლოკომოტივის” ეტაპი საბოლოოდ დასრულდა.
- დიახ, “ლოკომოტივიდან უკვე წამოვედი, გამოვემშვიდობე იქაურებს და მადლობაც ვუთხარი ჩვენი ერთობლივი მუშაობის შესახებ.
- გუნდში 8 წელი გაატარეთ და ცოტა რთული იქნებოდა დაშორება.
- გეთანხმებით, ჩემს პროფესიულ ზრდას ყველაზე მეტად “ლოკომოტივში” გატარებულმა წლებმა შეუწყო ხელი. კი, ცუდიც შეიძლება გაიხსენო კაცმა, მაგრამ ვთვლი, რომ კარგი უფრო მეტი იყო. ამიტომაც, ძალიან დიდი სიყვარული დამრჩა ამ გუნდის მიმართ.
- ალბათ, იური სიომინის ფაქტორიც იყო, რომლისთვისაც პრივილეგირებულ ფეხბურთელად ითვლებოდით...
- თამაში, სიომინის გარდა, სხვა მწვრთნელებთანაც მომიწია, მაგრამ ყველაზე კარგი პერიოდი მართლაც მასთან ერთად გატარებულ წლებს უკავშირდება.
- “ლოკომოტივში” სიტუაცია შეიცვალა და იმიტომ წამოხვედით, თუ კიდევ სხვა რამ იყო გუნდიდან წამოსვლის მიზეზი?
- ჩემთვის კლუბს რომ შემოეთავაზებინა გუნდში დარჩენა, ვფიქრობ, გავაგრძელებდი კონტრაქტს. უბრალოდ, მათი მხრიდან არ იყო წინადადება “ლოკომოტივში” ჩემი თამაშის გაგრძელების შესახებ და ამიტომაც დავშორდით ერთმანეთს.
- თუმცა, ის, რომ 29 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის რანგში დარჩით, ახალი გუნდის მოძებნას ბევრად გაგიადვილებთ.
- დიახ, ეს ერთგვარი პლიუსი ნამდვილადაა.
- ახალ გუნდზე შეგიძლიათ რამის თქმა?
- ჯერჯერობით, ამ მხრივ გაურკვევლობაა, რეალური არაფერი ჩანს. ასე რომ, როგორც კი რაიმე გამოჩნდება, არაფერი დაიმალება.
- როგორც ვიცით, მისაღებ რუსულ ვარიანტზე უარის თქმას არ აპირებთ.
- თუ რუსეთიდან იქნება ნორმალური შემოთავაზება, მე იქ თამაში მირჩევნია - შევეჩვიე იქაურობას და ადაპტაციისთვის ზედმეტი დრო არ დამჭირდება. ახალი წლის დღეებია, ხალხი ზეიმობს და ჯერჯერობით, ჩემი ტრანსფერისთვის არ სცალიათ.
- მალხაზ, საუბარია იმ ვარიანტზეც, რომ სიომინს კიევის “დინამოში” კიდევ ერთხელ წაეყვანეთ სათამაშოდ.
- ჯერ ამის თაობაზე არავინ შემომხმიანებია. მასე, ჟურნალისტებს თუ დავუჯერებთ, საფრანგეთში “მონაკოსაც” ჰქონია ჩემს მიმართ ინტერესი, მაგრამ მე პირადად არავინ დამკავშირებია.
- შარშან კვლავ დაუბრუნდით ნაკრების ძირითად შემადგენლობას. ამ მხრივ, პოზიტიური წელიც იყო 2010. როგორ შეაფასებდით მთლიანად გუნდის გამოსვლას.
- მგონი, არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან წარმატებული წელიწადი იყო. ბიჭები ვხუმრობდით, ისეთი სვლა გვქონდა აღებული, ყველა თამაში შარშან რომ ჩატარებულიყო, ალბათ, ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე გავიდოდით.
რეალური სურათი ასეთია - ყველასთვის მოულოდნელად, წელიწადი წაუგებლად ჩავამთავრეთ. თუ ღმერთმა ინება და წელსაც იგივე გავიმეორეთ, ალბათ, ბევრს სერიოზულად ავალაპარაკებთ - არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჯგუფიდან გასვლის რეალური კანდიდატები ვიქნებით.
- კონკრეტულად რისი თქმა შეგიძლიათ ჯგუფიდან გასვლის შანსებზე?
- სუსტი მეტოქე ჩვენს ჯგუფში კი არა, საერთოდ აღარ არსებობს - თამაში ყველამ ისწავლა. ძლიერებს რაც შეეხებათ, ასეთები ჩვენთან ხორვატია, საბერძნეთი და ისრაელია. მათთან ბრძოლაში ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაა საჭირო, რაც იოლი საქმე არაა. ჩვენი ვალია, ყველაფერი გავიღოთ იმისათვის, რომ მიზანს მივაღწიოთ. მთავარია, იმ მონდომებით და შემართებით გავაგრძელოთ თამაში, როგორც ამას შარშან ვაკეთებდით.
- ნაკრებში ახალი კაცი არ ხართ და როგორც ვიცით, მონდომება არც მანამდე გაკლდათ...
- მონდომებით ყველა ყოველთვის ინდომებდა, მაგრამ ალბათ, რაღაც ფაქტორები გვიშლიდა ხელს და ასეთ შედეგს ვერასდროს მივაღწიეთ. თემურ ქეცბაიამაც თავისებურად შეძლო გუნდის შეკვრა და ყველაფერმა ერთად, გაამართლა.
- ქეცბაიამ დაამტკიცა, რომ ნაკრების გასაწვრთნელად აუცილებელი არაა უცხოელ მწვრთნელში იმხელა ფულის გადახდა.
- მართალი ხართ, შედეგი ყველაზე უტყუარი მტკიცებულებაა.
- 10 წელია, რაც ნაკრებში ხართ და ამ პერიოდში 4 უცხოელი მწვრთნელის (შუშაკი, ჟირესი, ტოპმიოლერი, კუპერი) თავკაცობით გითამაშიათ. თუ გაიხსენებდით რაიმე პოზიტიურს მათ მიერ ნაკრების გაწვრთნიდან.
- თუ გავიხსენებთ, ჟირესის დროსაც შესანიშნავი დასაწყისი გვქონდა (თურქეთში 1:1, ალბანეთთან თბილისში 2:0 - ფ.კ.); ტოპმიოლერის დროს ნორმალურ თამაშს ვაჩვენებდით, მაგრამ შედეგი არ იყო; კუპერის დრო რომ გავიხსენო - ისე არ მინდა გამომივიდეს, მე არ ვთამაშობდი და იმიტომ ვამბობ, - ერთი თამაში ვერ მოვიგეთ. ეს კაცი ისეთ კლუბებშია ნამუშევარი, მის კვალიფიკაციაში ეჭვი როგორ უნდა შეიტანო, მაგრამ ნაკრებში არაფერი გამოუვიდა - ფეხბურთელებთან საერთო ენა ვერ გამონახა. თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით შეიძლება რაიმე განსაკუთრებული თამაში ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი გვაქვს.
- ეტყობა, რომ მწვრთნელმა ნაკრების შენება დაცვაში თამაშის დალაგებით დაიწყო.
- ქეცბაია კი არა, მთელი მსოფლიო დაცვიდან თამაშობს. რაღა შორს წავიდეთ, მოურინიომ დაცვითი თამაშით მოიგო ჩემპიონთა ლიგა და დააშავა რამე? მე ცნობილ ფრაზას გადავაკეთებდი და ასე ვიტყოდი - ყველაზე კარგი თავდასხმა, დაცვაა. ჩვენ გრანდების კატეგორიას არ ვეკუთვნით და რატომ უნდა გაუკვირდეს ვინმეს, თუ ჯერ იმას შევეცდებით, რომ მეტოქეს გოლი არ გავატანინოთ, მერე კი იქით გატანაზე ვიზრუნოთ.
- ბოლოს, ისევ რუსეთს მივუბრუნდეთ. ალბათ, იმიტომაც მიგიწევთ იქით სათამაშოდ გული, რომ მოსკოვში საკუთარი ბინაც გაქვთ და იქაურობას გაუშინაურდით.
- სადაც 8 წელი გიცხოვრია კაცს, ეჭვგარეშეა, იქაურობას შეგუებული ხარ. მნიშვნელობა არ აქვს - ნაქირავებში ცხოვრობ, თუ საკუთარში. ნაქირავებსაც ხომ კლუბი ანაზღაურებს.
- რუსეთის პრემიერლიგაში ქართველი ფეხბურთელების შარშანდელ გამოსვლას როგორ შეაფასებდით.
- ვიდრე სხვაზე ვიტყვი, ჩემზეც ვთქვათ. ბევრი თამაშის გამოტოვება მომიწია და ამით უკმაყოფილო ვარ. ჯანო ანანიძე პრაქტიკულად სკამზე იჯდა და ვთვლი, რომ მისი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელს ყველაფერი საუკეთესო წინ აქვს. ალბათ, საუკეთესოები იყვნენ ნალჩიკის “სპარტაკის” ქართველები: გოგოტა გოგუა და დავით სირაძე. სანამ თურქეთში წავიდოდა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო ალეკო ამისულაშვილი.
- “ვოლგაში” ჩამჯდარი ქართველებიც ემატებიან პრემიერლიგას და იქ რომ თქვენი ადგილი აღმოჩნდეს, თქვენც მათ ხომ არ შეუერთდებით - ცოტას მიიწევ-მოიწევიან...
- ჯერ ვერაფერს ვიტყვი, როგორც კი რაიმე გაირკვევა - არაფერს დაგიმალავთ.
ფრიდონ კერვალიშვილი









