ინტერვიუები

21:36 | 14.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

მალხაზ გარსევანიშვილი - კიდევ ერთი ქართველი უკრაინაში

მორიგი ქართველი, რომელიც უცხოეთშია და იქ აპირებს საფეხბურთო ასპარეზზე საკუთარი თავის დამკვიდრებას, 17 წლის მალხაზ გარსევანიშვილია. იგი 2009 წელს გაემგზავრა უკრაინაში და როგორც თავად ამბობს, კიევის “დინამოში”, შესაბამისი ასაკის ფეხბურთელთა სინჯებზე მოხვდა. 400-მდე 1994-იანიდან 20 შეარჩიეს და მათ შორის “მსოფლიო სპორტის” დღევანდელი სტუმარი იყო.
- მალხაზ, საქართველოში სად ვარჯიშობდი და ვისი ინიციატივა იყო უკრაინაში შენი გამგზავრება?
- ვარჯიში “ირაოში” დავიწყე, სადაც ბუბა ტყავაძე მავარჯიშებდა. შემდეგ თბილისის “ოლიმპში” გადავედი და იქ ჩემი პირველი მწვრთნელი ჯონი ჯანელიძე იყო. უკრაინაში წამოსვლამდე, ე.ი. 2009 წლამდე, გიორგი ცეცაძესთან ვვარჯიშობდი.
კიევში ახალი ჩამოსული ვიყავი, რომ კიევის “დინამოში” მოვხვდი სინჯებზე. მწვრთნელებმა ჩემი ასაკის ფეხბურთელებიდან მეც შემარჩიეს და ამ გუნდში 5 თვის განმავლობაში ვვარჯიშობდი. იქ 1994 წელს დაბადებულთა შორის ოფიციალურ მატჩში თამაშის უფლება არ მქონდა და ვარჩიე, კიევის #15 ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში გადავსულიყავი, სადაც დღემდე ვთამაშობ.
რამდენიმე დღის წინათ, ჩვენმა გუნდმა კიევის II ლიგის გათამაშება მოიგო, მე კი საუკეთესო ბომბარდირი გავხდი. ქალაქის პირველობას ჩვენი გუნდი ზედიზედ მესამედ იგებს, მაგრამ უკრაინის ჩემპიონატში თამაშის უფლება, იმის გამო, რომ აქაური მოქალაქე არ ვარ, სამწუხაროდ არ მაქვს.
- როგორც ვიცით, უკრაინის მოქალაქეობის მიღება საკმაოდ ჭირს. თან, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაცაა.
- უცხოელის მიერ მოქალაქეობის მიღების ოფიციალური ფასი 8 ათასი დოლარი ღირს. ნაცნობობითაც რომ შეძლო პროცესის დაწყება, ყველაფერი საკმაოდ რთულია. დაახლოებით 4 წლის ჩამოსულმა ერთ-ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა მხოლოდ ახლა მიიღო უკრაინის მოქალაქეობა.
მოგეხსენებათ, როცა აქაური მოქალაქე ხარ, გუნდში მოხვედრა შედარებით იოლია. ყველა გუნდი არ იხდის ლეგიონერისათვის დაწესებულ გადასახადს, რომელიც თვეში 15 ათას გრივნას (დაახლოებით 1700 დოლარი - ფ.კ.) შეადგენს. ეს რომ არ ყოფილიყო, კიევის “არსენალიდან” და “ობოლონიდან” მქონდა შემოთავაზება.
- მაშინ რას აპირებ? თუ მოქალაქეობის მიღება ჭირს და კლუბს ლეგიონერისათვის დაწესებული თანხის გადახდა არ სურს, სრულწლოვანი ასაკის მიღწევის შემდეგ, ალბათ იქ, სადაც ახლა თამაშობ, აღარ გაგაჩერებენ...
- აქ ასაკი შეზღუდული არაა. გუნდში მე ვარ ყველაზე უმცროსი. არიან 21 წლის ფეხბურთელებიც. ჩემთან ერთად კიდევ ერთი ქართველი თამაშობს - 1992 წელს დაბადებული ვაკო ბაჩიაშვილი. გვყავს ასევე მოლდოველი და სერბი ლეგიონერი.
მშობელმა ერთ-ერთ გერმანელ აგენტთან გააფორმა ხელშეკრულება და ჩემი მონაცემები ესპანეთსა და გერმანიაშია გაგზავნილი. “ბილბაოდან” უკვე ჩამოვიდა დადებითი პასუხი და როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა გაიღება, მოწვევას გამომიგზავნიან. რაც შეეხება “შალკეს”, იქიდან ჯერ პასუხი არ ჩამოსულა.
- უკრაინაში მოთამაშე ქართველებიდან ვისთან ურთიერთობ?
- თითქმის ყველასთან. ალბათ იცით, უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში 19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი რომ გახდა თემურ ფარცვანია. აქ 18 ნოემბრიდან მინი-ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირი იწყება. 8 ქვეყნის ნაკრები ორ ქვეჯგუფად დაიყოფა და კვირაში თითო მატჩს ითამაშებს. თუ რამე არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრებში ჩემთან ერთად ირაკლი მესხია, ვაკო ბაჩიაშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, დავით თარგამაძე, თემურ ფარცვანია ითამაშებენ. ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ კიევის ფიზკულტურისა და სპორტის უნივერსიტეტის დარბაზში, ქართველების გარდა, უკრაინის, აზერბაიჯანის, საუდის არაბეთის, ლიბიისა და ლატვიის გუნდებმა ითამაშონ.
- ბოლოს, საქართველოდან თუ შეგხმიანებიან ასაკობრივი ნაკრების წარმომადგენლები?
- ზაფხულში, ქობულეთში ყოფნისას, 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა დამირეკა რამდენჯერმე - სურვილი მაქვს მოგიწვიოო, მაგრამ მეტად ჩვენი ურთიერთობა არ გაგრძელებულა.
დასასრულს, ჩვენგან დავამატებთ მალხაზ გარსევანიშვილის მონაცემებს, რომელთა გაცნობა დაინტერესებულ ქართველ მწვრთნელებს ალბათ არ აწყენთ. ფორვარდს 18 წელი 14 თებერვალს უსრულდება. იგი 179 სმ სიმაღლისაა და 65 კგ-ს იწონის. 30 მეტრს 3,8 წამში, 50-ს კი 6,5 წამში გარბის. ცაციაა, მაგრამ მეტოქის კარის შეტევა მარჯვნიდანაც კარგად შეუძლია და ცენტრიდანაც.   

 

ფრიდონ კერვალიშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165985