მარტვილის “მერანმა” ქართული საფეხბურთო სამყარო პირველად შარშან აალაპარაკა, როცა ყველასთვის მოულოდნელად, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში გავიდა და ერთი ნაბიჯი დააკლდა, რათა თბილისის “ვიტ ჯორჯიას” ბარიერი გადაელახა. გასული სეზონი პირველ ლიგაში მარტვილელებმა სტაბილურად ჩაატარეს და უმაღლესი ლიგის საგზური არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვეს, რაშიც დიდი წვლილი გუნდის მთავარ მწვრთნელ მალხაზ ჟვანიას მიუძღვის. 35 წლის სპეციალისტი, რომელსაც უმაღლეს ლიგაში თავადაც უთამაშია, “მერანს” სათავეში 2007 წელს ჩაუდგა და ჯერჯერობით, სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო შედეგს მიაღწია. “მსოფლიო სპორტი” ჟვანიას დაუკავშირდა და როგორც განვლილ სეზონზე, ასევე სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.
- რამდენად რთული აღმოჩნდა გუნდისთვის უმაღლეს ლიგაში გადასასვლელი გზა?
- ძალიან რთული იყო იმის გააზრება, რომ მარტვილს უმაღლეს ლიგაში გუნდი ეყოლებოდა. სამი წლის განმავლობაში დასახული მიზნისკენ პატარა ნაბიჯებით მივდიოდით. ნელ-ნელა ვამზადებდით ადგილობრივებს და იმ ხალხსაც, ვინც კლუბში ფულს დებს, რომ “მერანს” უმაღლეს ლიგაში უნდა ეთამაშა. განვლილი სეზონის პირველ ეტაპზე, როცა კარგი ამინდები იყო, სავარჯიშო პროცესში შეფერხება არ გვქონია. თუმცა, ზამთარში უამინდობამ მომზადებაში ხელი ძალიან შეგვიშალა და ფაქტობრივად, ვარჯიშების ნახევარი ჩაგვივარდა. უვარჯიშებელი ფეხბურთელი კი, მოედანზეც უმოქმედო იქნება. ასეთი წვალების მიუხედავად, ბიჭებმა მაინც მოინდომეს და მიზანს მივაღწიეთ.
- გადასვლა ერთია, ხოლო ადგილის შენარჩუნება - მეორე. ამისთვის გუნდს მყარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვს?
- შესაძლოა, მილიონები არ გვქონდეს, მაგრამ ფინანსების მხრივ პრობლემა არ შეგვექმნება და ფეხბურთელებიც კმაყოფილები იქნებიან. “მერანი” კერძო კლუბია, ბატონი ფრიდონ ინჯია გვაფინანსებს. შედეგად, ადგილობრივ ბიუჯეტზე არ ვართ დამოკიდებული და იმას არ ველოდებით, ბიუჯეტში ფული როდის ჩაირიცხება, რათა ხელფასები გავისტუმროთ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მარტვილის ცენტრალური სტადიონის გვერდით ხელოვნურსაფარიანი მოედანი კეთდება თავისი ტრიბუნით, რათა ლიცენზირება გავიაროთ და შინ თამაშების ჩატარების უფლება მოგვცენ. თან, ამ მოედანზე ვარჯიშში ხელს უამინდობაც აღარ შეგვიშლის. პარალელურად, “ცენტრალურზეც” იგეგმება საფარის შეცვლა.
- მომავალი სეზონის წინ, შემადგენლობაში რადიკალური ცვლილებები იქნება? უმაღლეს ლიგაში გაძლიერება აუცილებლად დაგჭირდებათ...
- 2-3 ფეხბურთელის დამატებას ვაპირებთ. მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და ვნახოთ, რა იქნება. კარგი მოთამაშის მარტვილში ჩამოყვანა დიდ ფინანსებს უკავშირდება. ამიტომ, საშუალო დონის ფეხბურთელებს მოვიწვევთ. გუნდის ძირითადი ბირთვი შენარჩუნდება. გვყავს ახალგაზრდა, ძალიან მონდომებული მოთამაშეები, რომელთაც კარგი ფეხბურთის თამაში მთელი სულითა და გულით სურთ.
- მარტვილში ადგილობრივი კადრები თუ მოდიან, რომ გუნდი შეავსოთ?
- მარტვილში საფეხბურთო სკოლა ფუნქციონირებს. ბაზის გვერდით არის კერძო სახლი, სადაც 12 მოზარდი ფეხბურთელი ცხოვრობს – ისინი ადგილზე ვარჯიშობენ, იკვებებიან, სკოლაშიც აქვე დადიან. სხვათა შორის, 1994 წელს დაბადებულთა ნიჭიერი თაობა გვყავს. ორი მათგანი ასაკობრივ ნაკრებშიც იყო მიწვეული. 1996-1997 წლებში დაბადებული ფეხბურთელებიც გვყავს. გუნდს სენაკიდან და აბაშიდან ჩამოყვანილი ბავშვებითაც შევავსებთ, რადგან უმაღლეს ლიგაში გადასვლის შემდეგ, “მერანს” დუბლშემადგენლობა უნდა ჰყავდეს და გუნდის გამოყვანა ჭაბუკთა ლიგაშიც მოუწევს. საერთოდ, ჩვენი მიზანია, მომავალში “მერანი” მხოლოდ ადგილობრივი ფეხბურთელებით დაკომპლექტდეს.
- “მერანში” მყოფი კოტდივუარელი ლეგიონერები კლუბში ახალ სეზონშიც დარჩებიან?
- იაკრონ ჯოელი და მაუგნინი ტაპე გუნდში დარჩებიან. მათ ერთი წლის განმავლობაში თამაშს აშკარად მოუმატეს და შანსს კიდევ მივცემთ. ფეხბურთი ძალიან უყვართ და საქმისადმი მათი მიდგომა სხვა მოთამაშეებისთვის ნიმუშად მომყავს ხოლმე – ამათ შეხედეთ, როგორ მუშაობენ-მეთქი.
- საქართველოს ჩემპიონატის განახლებამდე სად მოემზადებით? შეკრების გავლას საზღვარგარეთ ხომ არ აპირებთ?
- გვინდა, პირველ ეტაპზე ბაკურიანში ან სურამში მოვემზადოთ. შემდეგ გარკვეული პერიოდი მარტვილში ვივარჯიშოთ, ხოლო მოსამზადებელი პერიოდის დასკვნითი ეტაპი ურეკში გავიაროთ. ახალი სტადიონის გაკეთებაზე ძალიან დიდი თანხა იხარჯება და ამიტომ, საზღვარგარეთ მოსამზადებლად წასვლა გაგვიჭირდება.
- “მერანის” მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება თუ უფრო მეტზე ფიქრობთ?
- ჩვენი მიზანი, პირველ რვა გუნდში მოხვედრაა, რათა ფეხბურთელები უფრო მეტად დაოსტატდნენ და შეიგრძნონ, თუ როგორია უმაღლეს ლიგაში თამაში. შემდეგ რა იქნება - გამოჩნდება.
ლაშა თაბაგარი









