რომელი გუნდია მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენა? ძალიან მიამიტური შეკითხვაა, რადგან პასუხი ყველამ იცის – მარტვილის “მერანი”. უმაღლესი ლიგის დებიუტანტი 18 ტურის შემდეგ მე-5 ადგილზეა და 8 საუკეთესოში გასვლის საკითხიც მოხსნა. “მერანი” მხოლოდ ერთხელ დამარცხდა მარტვილში, სადაც ნებისმიერი მეტოქისთვის რთულია თამაში და ეს თბილისის “დინამომაც” იწვნია საკუთარ თავზე.
“მსოფლიო სპორტი” “მერანის” მწვრთნელ მალხაზ ჟვანიას დაუკავშირდა, რომელიც უკვე 4 წელიწადია, ამ გუნდს თავკაცობს და კარგ შედეგსაც იმკის:
- უხერხული გამოვა, რომ გკითხოთ, რამდენად კმაყოფილი ხართ უმაღლესში “მერანის” თამაშითა და შედეგით...
- შესაძლოა, თავიდან არც ჩვენ ველოდით ასეთ შედეგს, მაგრამ რამდენიმე ტურის გასვლის შემდეგ, გუნდმა თავდაჯერება იგრძნო და როგორც იტყვიან, ყველაფერი დავდეთ, მაქსიმალურად გამოვწურეთ ჩვენი შესაძლებლობები. არადა, ზამთარში ჭირს “მარტვილის” საქმეები – არც სტადიონი, არც არაფერი...
- სტადიონზე გკითხავთ. მარტვილის “ცენტრალური” მართლაც ცუდ მდგომარეობაშია და თებერვლიდანაც მანდ ითამაშებთ?
- ჯერჯერობით, სიახლე არაფერია. ალბათ, მაინც მიიღებს ეს სტადიონი ლიცენზიას. ახალი მოედნის მშენებლობაზე კი არაფერი ისმის. ვნახოთ, დაველოდოთ ფედერაციასთან მოლაპარაკებას.
- რამდენიმე ქალაქში სტადიონი კეთდება და მარტვილზე არაფერი ისმის? რაც უნდა იყოს, შედეგი სხვებზე უკეთესი გაქვთ...
- სწორედ ამაშია საქმე, რომ არაფერია სიახლე. ჯერ არ ვიცი, როდის შეხვდება ფრიდონ ინჯია (“მერანის” მფლობელი) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას. ეს ის საკითხია, რომელიც ძალიან მაინტერესებს. ისე, ფედერაცია გურიაში თუ დაიწყებს სტადიონის მშენებლობას, მეეჭვება, ჩვენთანაც მალე დაიწყონ.
- სად ვარჯიშობთ?
- მარტვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფლებში. თუმცა, ზამთარში და გვიან შემოდგომაზეც, იქ სავარჯიშოდ გაუსაძლისი პირობებია. მარტვილში ხელოვნურსაფარიანი მოედანიცაა და იქაც ვვარჯიშობთ.
- ხელოვნურსაფარიანზე ვერ ჩაატარებთ მატჩებს?
- ზომით პატარაა, ესაა პრობლემა. თან გადავყევით ამ მოედანს. მგონი, მთავარ სტადიონს არ ვუვლით იმდენს, რამდენსაც ხელოვნურსაფარიანს. მოკლედ, რბილად რომ ვთქვათ, ზამთარში ძალიან გვიჭირს ამ მხრივ.
- შეკრებას სად გაივლით?
- პირველი შეკრება 8-14 იანვარს მარტვილში გვექნება. 16-26 იანვრამდე ურეკში ვიქნებით, მერე კი, არ ვიცი, ჯერ არ გადაწყვეტილა.
- გასაგებია. რის ხარჯზე აღწევს “მერანი” ასეთ შედეგს?
- შრომა, ბრძოლა და სწორად თამაში 90 წუთის განმავლობაში. ესაა მთავარი. და კიდევ, საქმის სიყვარული. დღევანდელი ფეხბურთი რაზეცაა გათვლილი, სწორედ ისეთ თამაშს ვცდილობთ. მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ მთელი გუნდი უტევდეს და მთელი გუნდი თავს იცავდეს და ეს ყველაფერი სისწრაფეში მოხდეს. ფეხბურთი ინტენსიური თამაშია და 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაციაა საჭირო. აქვე ვიტყვი ბრძოლისუნარიანობაზეც: მგონი, გამოჩნდა კიდეც, რომ ეს თვისება გვაქვს. ჩვენ ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კლუბი ვართ უმაღლეს ლიგაში, მაგრამ როგორც ხედავთ, შედეგი გვაქვს. ისე, არაა გამორიცხული, სპონსორებიც გვყავდეს. ჯერ ამაზე ზუსტად ვერ გეტყვით.
- A ლიცენზია არ გაქვთ. ხომ ასეა?
- 2008 წელს ავიღე B ლიცენზია. მას შემდეგ, A ლიცენზია არ გაცემულა და ბუნებრივია, ვერ მოვახერხებდი აღებას.
- “მერანის” სათამაშო რგოლებიც დაგვიხასიათეთ. და რომელს გამოარჩევდით მათგან?
- ნახევარდაცვის ცენტრი მთავარი მამოძრავებელია. სწორედ აქაა ბურთის კონტროლი, ტემპის დარეგულირება, მიმართულებები. ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევ ფლანგელი მცველების სწრაფ ჩართვას შეტევებში, რასაც მშვენივრად აკეთებდა მარცხენა მცველი ანზორ სუხიაშვილი. და რა თქმა უნდა, მეკარის როლი – ღია სივრცე სწორედ მანდ უნდა დაფაროს.
- გიორგი მანწკავას თამაშზე რას იტყვით?
- მანწკავა არის ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. თუმცა, მანწკავას გვერდში რომ არ ჰყავდნენ ელგუჯა გრიგალაშვილი და გივი დიდავა, რა თქმა უნდა, ასე თავისუფლად მოქმედების საშუალება ვერ მიეცემოდა.
- “დინამოსთან” პირველი ტაიმი წააგეთ და მეორეში შემოატრიალეთ მატჩის ბედი – 2:1 მოიგეთ. თუ საიდუმლო არაა, შესვენებაზე რა უთხარით ფეხბურთელებს?
- ბიჭები დაძაბულები იყვნენ პირველ ტაიმში და ამიტომაც, თამაში ვერ დავალაგეთ. მთავარი დაძაბულობის მოხსნა გახლდათ და ეს მოვახერხეთ კიდეც. სწორედ ეს იყო გამარჯვების მთავარი ფაქტორი.
- თებერვლიდან რას პირდებით გულშემატკივრებს?
- მანამდე ფეხბურთელთა ბირთვი უნდა შევინარჩუნოთ. სასწაულების დაპირება არ მიყვარს, მაგრამ არაა გამორიცხული, სიურპრიზები კიდევ არაერთხელ იხილოთ ჩვენგან. რაც მთავარია, წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება გვსურს.
- რომელმა მოთამაშეებმა დატოვეს გუნდი?
- შალიკაშვილმა, ჭაფოძემ, ქამუშაძემ, სამადაშვილმა და კოტ დივუარელმა ჯოელმა.
- ჯერე არავინ დაგიმატებიათ?
- ჯერჯერობით, ერთი ფეხბურთელი გვყავდა გასინჯვაზე და იანვრიდან კიდევ დავაკვირდებით. ეს დავით მამედოვია, 22 წლის ტექნიკური ნახევარმცველია. უმაღლეს ლიგაში ნათამაშები აქვს ცხინვალის “სპარტაკის” შემადგენლობაში, ბოლოს კი, თურქეთის ერთ-ერთ გუნდში იყო.
ილია ნანობაშვილი









