5 ფეხბურთელი სამუდამოდ დისკვალიფიცირებულია - ასეთი ვერდიქტი გამოიტანა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა. ამ მოთამაშეებს შორისაა “ვიტ ჯორჯიას” ნახევარმცველი გიგა ბეჭვაიაც. არადა, ვინც ვიტელთა საამსეზონო მატჩებს უყურებდა, ყველა დარწმუნდებოდა, რომ ბეჭვაია უდავოდ საუკეთესო იყო გუნდში... ორმაგად საწყენია, როცა მსგავსი რამ ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს ემართება.
“ვიტ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი მალხაზ კაკაურიძე “მსოფლიო სპორტთან” საუბარში აღნიშნავს, რომ აღმასკომმა ზედმეტად მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო...
- რა უნდა ვთქვა... უმკაცრესი გადაწყვეტილება იყო. განსაკუთრებით იმ ფეხბურთელთა მიმართ, რომლებიც ჯერ ახალგაზრდები არიან და მთელი კარიერა წინ ჰქონდათ. კი, საშინელი დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ მიეცათ 3-4 წლიანი დისკვალიფიკაცია. არ იკმარებდა? მთელი კარიერა დაუნგრიეს ბიჭებს. აღმასკომზე ხმები ცხრა-რვაზე გაიყო, ცხრა წევრმა დაუჭირა მხარი სამუდამო დისკვალიფიკაციას და მაინტერესებს, მათ ოჯახი არ ჰყავთ? რაღაცის პატიება ხომ შეიძლება.
- თუმცა, გასაჩივრება შეიძლება.
- ეს უკვე ფეხბურთელის გადასაწყვეტია. კლუბი ვერ ჩაერევა. აღმასკომმა ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ეგებ, ამართლებს გამოძიება ბეჭვაიას? 23-24 წლის ფეხბურთელს რომ საყვარელ საქმეს ჩამოაშორებ, ამით ხომ ღუპავ.
- “ვიტ ჯორჯია”-“სპარტაკის” ორი მატჩი უეფა-მ საეჭვოდ მიიჩნია და ფედერაციას აცნობა, რათა შეისწავლონ. რას იტყვით ამ შეხვედრებზე?
- ჩვენ ვნახეთ ამ მატჩის ვიდეოები და წუთობრივად შევისწავლეთ. “ვიტ ჯორჯიას” მსგავს მაქინაციებში მონაწილეობა გამორიცხულია. მე ვნახე ფედერაციაში გამოგზავნილი წერილი და ეს არის რეკომენდაცია, რათა შეისწავლონ. კი, ბატონო, აქაა დისკები, აქ არიან ფეხბურთელები და თუ შეუძლიათ, დაგვიმტკიცონ. “სპარტაკს” რამდენიმე დღის წინ ვეთამაშეთ და უშეღავათო ბრძოლა იყო ისევე, როგორც იმ ორ შეხვედრაში. ჩხუბიც იყო, ყვითელი ბარათებიც... ისე კი, სჯობს, ის ხალხი ეძებონ, რომლებიც ასე წუთობრივად გადასცემენ ტოტალიზატორებში ინფორმაციებს კუთხურებზე, აუტებზე და ასე შემდეგ.
- ვინ არის ეს ხალხი?
- ითქვა, ჩინელები არიანო, მაგრამ არავითარი ჩინელები – ქართველები არიან. ერთ, ან ორ ადამიანზე არაა საუბარი, აქ მთელი ჯგუფია.
ილია ნანობაშვილი









