როგორც უკვე ვწერდით, მამუკა ღონღაძის ვლადიკავკაზის "ალანიაში" გადასვლა ვერ მოხერხდა. არადა, 27 წლის ქართველის ტრანსფერი გადაწყვეტილი ჩანდა. ღონღაძე, რომელმაც დაუგავპილსის "დაუგავაში" ორი მშვენიერი სეზონი გაატარა და ჩემპიონობის გარდა, ყველა ინდივიდუალური პრიზი მოიგო, ერთი კვირის განმავლობაში ახლდა თურქეთში ვალერი გაზაევის გუნდს, ტესტ-მატჩში გოლიც გაიტანა, მაგრამ მაინც არ დაიტოვეს.
"მსოფლიო სპორტი" ღონღაძეს ესაუბრა:
- რატომ არ შედგა ტრანსფერი?
- ყველაფერი გადაწყვეტილი მეგონა და ამ დროს ასეთი უიღბლობა... ყაზახებთან გოლი გავიტანე, ორმხრივ მატჩებში ერთხელ 4:3 მოვიგეთ და დუბლი შევასრულე, მეორეჯერ კი 1:1 დასრულდა და იქაც მე შევაგდე. კმაყოფილები იყვნენ და გადაწყვეტილი იყო, რომ კონტრაქტს მიფორმებდნენ, მაგრამ გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა: "ალანიას" ორი ფორვარდი, სელაია და მაურისიო უნდა გაენათხოვრებინა, მაგრამ ისინი მაღალხელფასიანები იყვნენ და იმ კლუბმა, სადაც იჯარით უნდა გაეშვათ, უარი თქვა მათ დამატებაზე. ანუ, ვერ გაანათხოვრა "ალანიამ". მოვგროვდით 7 თავდამსხმელი და ვალერი გაზაევმა მითხრა, ძალიან გვსურდა შენი დამატება, მაგრამ ასეთი რამ მოხდა და იძულებულნი ვართ, გაგიშვათო.
- "დაუგავა" ძვირს გაფასებთ?
- 100000 ევრო თქვეს, მაგრამ ახლა არ ვიცი. სანამ "ალანიაში"'წავიდოდი, "დაუგავას" პრეზიდენტი მეუბნებოდა, ოფიციალურად კონტრაქტს გთავაზობენ პოლონური და უნგრული კლუბებიო. მე ის ვარიანტები ავირიდე, "ალანიაში" წამოვედი და ამის გამო, პრეზიდენტი განაწყენდა.
- რატომ გსურდათ მაინცდამაინც "ალანია"?
- რუსეთის ჩემპიონატია, თან ვლადიკავკაზი საქართველოსთან ახლოსაა. პირობებიც "ალანიაში" უკეთესია. გარდა ამისა, "ალანია" გადაწყვეტილი მეგონა. ჩემს შესახებ კლუბში ყველა ინფორმაცია ჰქონდათ და თურქეთში, უბრალოდ, შემოწმება იყო საჭირო. რასაც ელოდნენ, იმაზე უკეთ ვითამაშე. უბრალოდ, შეგიძლიათ მამუკა კობახიძესა და გიორგი ჭანტურიას ჰკითხოთ, როგორ ვთამაშობდი. ყველა კმაყოფილი იყო. თავი რომ ვერ წარმომეჩინა, გული არ დამწყდებოდა. ახლაა გულდასაწყვეტი...
- ახლა რას აპირებთ?
- ჯერ ვისვენებ. წყალტუბოში, სახლში ვარ. ფსიქოლოგიურად ისე ვარ, სანამ გამზადებული ვარიანტი არ გამოჩნდება, არსად წავალ.
- საქართველოს ჩემპიონატში თამაშს გამორიცხავთ?
- არა, რატომ. უბრალოდ, გამოჩნდება საქართველოში კლუბი, რომელიც "დაუგავას" თანხას გადაუხდის?
- "დაუგავასთან" კონტრაქტი ხომ ზაფხულამდე გაქვთ? შესაბამისად, მათ უნდა აწყობდეთ, რომ ახლავე გაგიშვან, რათა თანხა აიღონ.
- ასეა, თუმცა კლუბის პრეზიდენტი არც იმ ვარიანტს გამორიცხავს, რომ ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მათამაშოს და მერე გამყიდოს. კონტრაქტი აგვისტომდე მაქვს. "დაუგავაში" დაბრუნება არ მინდა, რადგან ვფიქრობ, იქ ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე. ჩემპიონატ-თასიანად, 77 მატჩში 52 გოლი გავიტანე, ამას დავუმატოთ ევროპის ლიგაზე გოლები. უკეთეს ჩემპიონატში მსურს.
- ლატვიისა და საქართველოს ჩემპიონატის დონეს როგორ შეადარებდით? რა განსხვავებაა თამაშების სპეციფიკაში?
- საქართველოდან 3 წლის წინ წავედი, მაგრამ ბუნებრივია, აქაური ჩემპიონატით ვინტერესდებოდი. ბოლო წლებში საქართველოს კლუბები პროგრესს განიცდიან. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ჩემპიონატი ლატვიისას ინფრასტრუქტურით სჯობს, მაგრამ ფეხბურთს საქართველოში უფრო თამაშობენ. ლატვიაში სულ ბრძოლა და სირბილია. საერთოდ, თამაზ პერტია ძალიან დამეხმარა. თავიდან რომ ჩავედი, ის იყო ჩემი მწვრთნელი და პირდაპირ ვიტყვი, პერტია რომ არა, ამდენ გოლს ვერ გავიტანდი.
- "ალანიას" იმ ამხანაგურ მატჩს, რომელშიც გოლი გაიტანე, თემურ ქეცბაია ხომ არ დასწრებია? ქეცბაია იანვრის შუა რიცხვებში თურქეთში იყო.
- არა. არადა, დიდი იმედი მქონდა, რომ დამაკვირდებოდა.
ღონღაძის საკითხზე დავით ყენიასაც დავუკავშირდით, რომელიც მენეჯერია და გოგა გახოკიძესთან და გიორგი ქინქლაძესთან ერთად მუშაობს. მან ღონღაძეზე ასეთი ამბები გვითხრა:
"ღონღაძე "ალანიაში" წასვლამდე სურდა პოლონურ "ვიძევს". 2-3 დღეში ამ კლუბის ამჟამინდელი პოზიცია მეცოდინება. "ვიძევი" ესპანეთშია შეკრებაზე და ცხადია, მწვრთნელს სურდა, რომ მამუკას მთლიანი შეკრება გაევლო მის გუნდთან ერთად. საქმე ისაა, რომ ლოძელები პირდაპირ კონტრაქტს სთავაზობდნენ, ოღონდ ზაფხულამდე იჯარის სახით და შემდეგ გამოსყიდვის უპირატესი უფლებით. დაველოდოთ, რას იტყვის "ვიძევის" მწვრთნელი. იმედია, დადებითი პასუხი იქნება და ამ შემთხვევაში, ისევ მოგვიწევს "დაუგავას" პრეზიდენტთან საუბარი. ახლაც მაქვს ღონღაძისთვის უკრაინული კლუბს ვარიანტი, მაგრამ მათთვის მიუღებელია ის ფასი, რასაც "დაუგავა" ითხოვს. მოკლედ, რამდენიმე დღეში ყველაფერი ცნობილი გახდება. როგორც ვიცი, ღონღაძის შეძენა ყაზახეთის გუნდებსაც სურთ".
ილია ნანობაშვილი









