როგორც იქნა, “მანჩესტერის” ქომაგმა ის ფეხბურთი იხილა, რომელსაც თავისი გუნდისგან ითხოვდა. კიდევ უფრო გაძლიერებულმა “იუნაიტედმა” “ქუინზ პარკ რეინჯერსს” უმასპინძლა და ზედმეტი პრობლემების გარეშე 4:0 გაანადგურა.
ანგარიში 24-ე წუთზე ახალწვეულმა ანხელ დი მარიამ გახსნა საჯარიმო დარტყმით, რასაც 36-ე წუთზე კიდევ ერთი ახალშენაძენის ანდერ ერერას პირველი გოლი მოჰყვა “მანჩესტერის” მაისურით. ტაიმის ბოლოს, ერერამ უკვე საგოლე გადაცემა მიითვალა და უეინ რუნის გაატანინა.
მეორე ტაიმში “ეშმაკებმა” მხოლოდ ერთი ბურთი იკმარეს – დი მარიას დიდებული პასი ხუან მატამ გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4:0.
ლუის ვან გაალმა პირველი გამარჯვება მოიპოვა პრემიერლიგაში და რაც მთავარია, ეს ძალიან კარგი თამაშით მოახერხა მისმა გუნდმა.
აღსანიშნავია, რომ “მანჩესტერის” რიგებში დებიუტი ჰქონდათ: დეილი ბლინდს, მარკოს როხოსა და რადამელ ფალკაოს, ხოლო სხვა კლუბის მაისურით “ოლდ ტრაფორდზე” კიდევ ერთხელ ითამაშა “იუნაიტედის” ლეგენდამ რიო ფერდინანდმა.
მანჩესტერი – ქპრ 4:0 (3:0)
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”
მანჩესტერი: დე ხეა, როხო, ბლეკეტი, ევანსი, რაფაელი (ვალენსია 67), დი მარია (იანუზაი 82), ბლინდი, ერერა, მატა (ფალკაო 67), რუნი, ვან პერსი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
ქპრ: გრინი, კოლკერი, ფერდინანდი, ჰილი (ტრაორე 46), ისლა, ფერი, კრანჩარი, სანდრო (ჰენრი 74), ფილიპსი, ჰოილერი, აუსტინი (ვარგასი 59).
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი
გოლები: 1:0 დი მარია (24), 2:0 ერერა (36), 3:0 რუნი (44), 4:0 მატა (58).
გაფრთხილება: ვან პერსი
მსაჯი: ფილ დაუდი
ბურთის ფლობა: 69%-31%, დარტყმა: 19(9)-9(2), ჯარიმა: 11-8, კუთხური: 3-1, თამაშგარე: 0-2, სეივი: 2-5
ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”) – 7, აგუერო (“სიტი”), ნეისმიტი (“ევერტონი”), დაიერი (“სუონსი”), ჩადლი (“ტოტენჰემი”), შნეიდერლენი, პელე (“საუთჰემპტონი”), ულოა (“ლესტერი”) - 3.
ირაკლი ალიმბარაშვილი









