ჭიდაობა

10:02 | 10.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ ცხადაია: "საქართველოს ჩემპიონატამდე ფორმის აღდგენას ვერ მოვასწრებ"

2009 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი, მანუჩარ ცხადაია ახალი სეზონისთვის მზადებას ახალი წლის დღეებშივე შეუდგა. ბერძნულ-რომაული სტილის მიმდევრები წლე¬ულს, ტრადიციულად, საქართველოს ჩემპიონატით გახსნიან, რომელსაც 23-24 იანვარს, ქუთაისი უმასპინძლებს. ცხადაია კი ხალიჩაზე, სავარაუდოდ, შედარებით გვიან, რომელიმე საერთაშორისო ტურნირზე გავა. ევროპის ბრინჯაოსა და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი სრული დატვირთვით ჯერ ვერ ვარჯიშობს. სპორტის დეპარტამენტის, სპორტის სამინისტროსა და სპორტულ ჟურნალისტთა რჩეული “მსოფლიო სპორტს” გუშინ ესაუბრა.

- წინასაახალწლო აღიარებების შემდეგ, ხომ არ გაგიჭირდა ძველებურ რითმში დაბრუნება?
- საახალწლოდ მხოლოდ 3 დღით დავისვენე. ოჯახში 31 დეკემბერს ჩავედი და სამ იანვარს უკვე თბილისში ვიყავი.
- სავარჯიშო პროცესიც მხოლოდ იმ 3 დღით შეწყვიტე?
- რა თქმა უნდა. ბოლო დროს ხომ ისედაც საკმაოდ ბევრი გამიცდა. მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, ერთ-ერთი თბილისური ვარჯიშისას მუხლი ვიტკინე და დაახლოებით თვენახევარი, იძულებული ვიყავი უქმად ვმჯდარიყავი.
- ამჟამად პრობლემა უკვე ბოლომდე მოგვარებულია?
- ტრავმა თითქმის აღარ მაწუხებს, მაგრამ ერთბაშად დატვირთვა მაინც რისკთან იყო დაკავშირებული. ორი კვირის წინათ, მცირე დატვირთვები დავიწყე და ნელ-ნელა ვუმატებ.
- სასურველ ფორმაში ჩასადგომად რა დრო დაგჭირდება?
- ჩემი აზრით, სულ ცოტა, ერთი თვე უნდა ვივარჯიშო, ფორმა რომ აღვიდგინო.
- გამოდის, რომ 23-24 იანვარს, ქუთაისში ჩასატარებელ საქართველოს ჩემპიონატზე არ იჭიდავებ?
- ჩემპიონატამდე არათუ ფორმის აღდგენას, მთელი დატვირთვით ვარჯიშის დაწყებასაც ვერაფრით მოვასწრებ. მირჩევნია, მაშინ დავიწყო, როცა მზად ვიქნები. მაგრამ თუ მწვრთნელები ჩათვლიან, რომ აუცილებლად უნდა გავიდე ხალიჩაზე, მაშინ ვიჭიდავებ.
- საქართველოს ჩემპიონი არასოდეს გამხდარხარ. არადა ბოლო წლებში, მიზანთან მუდმივად ახლოს ტრიალებდი. მაინც რა გაკლდებოდა ოქროს მედლამდე?
- პირველყოვლისა, თავდაჯერებულობა. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჭიდაობამ ამ მხრივ დიდი დახმარება გამიწია. გამოცდილებაც შემმატა და ეს შიდა კონკურენციაში აუცილებლად წამადგება, მაგრამ ახლა უკვე სხვა პრობლემა გამოჩნდა. ეს რომ არა, საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლის მოსაგებად აუცილებლად ვიბრძოლებდი.
- ზედმეტი წონის პრობლემასაც ხომ არ უჩივი?
- არა, ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა.
- წარმატებული 2009 წლის შემდეგ, 2010-ში რა შედეგი დაგაკმაყოფილებს?
- ამ სეზონში უმთავრესი ტურნირები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებია და მათზე გამარჯვებები მართლაც საუკეთესო შედეგი იქნება. თუმცა, იქამდე, ნაკრებში თავიდან უნდა დავმკვიდრდე. ასე რომ, წინ საკმაოდ დიდი სამუშაოა. მით უმეტეს, რომ შარშანდელი სეზონის ბოლოს მიღებულმა პრიზებმა სტიმული შემმატა.
- მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გვითხარი, რომ 66 კილოგრამში ყველაზე ძლიერ კონკურენტებად რუსეთის სახელით მოჭიდავე ამბაკო ვაჩაძეს და აზერბაიჯანელ ფარიდ მანსუროვს მიიჩნევდი. ახლაც იგივეს ფიქრობ?
- ამჟამად, ჩემს წონაში რამდენიმე მეტნაკლებად თანაბარი ძალის სპორტსმენია. მათ შორის ვაჩაძეს, მანსუროვს, კუბელ პედრო მულენსა და ფრანგ სტივ ჟენოს გამოვარჩევდი.
- შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის უსამართლობის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად მანსუროვთან ჭიდაობას ელოდები...
- რა თქმა უნდა. რევანში მაქვს ასაღები. საუკეთესო ვარიანტი კი ის იქნება, თუკი მას ევროპის ჩემპიონატის ფინალში შევხვდები და მოვუგებ. თან ევროპირველობას წლეულს ბაქო მასპინძლობს.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089962