ჭიდაობა

23:40 | 11.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ ცხადაიას ვერცხლის ექსპერიმენტი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბელგრადული ევროპის ჩემპიონატი ერთი მედლით ჩაამთავრა. კვარცხლბეკზე ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი მანუჩარ ცხადაია ავიდა, ოღონდ არა მშობლიურ წონით კატეგორიაში - 66 კილოგრამში, არამედ ერთი წონით მაღლა – 74-ში. ექსპერიმენტმა აშკარად გაამართლა, თუმც აქედანვე გადაწყვეტილია, რომ ოლიმპიადაზე ცხადაია ისევ თავის წონას დაუბრუნდება.
საქართველოს 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენი სერბულ ხალიჩაზე სულ ხუთჯერ გავიდა. გერმანელი ფაბიან იანიკე, ავსტრიელი ფლორიან მარშალი, ფრანგი კრისტოფ რენე მარსელ ჟენო და ლიტველი ალექსანდრ კაზაკევიჩი ორ-ორ სეტში ჩამოიცილა. ფინალში კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, რუს რომან ვლასოვთან დამარცხდა. ეს შეხვედრაც ორი სეტი გაგრძელდა. პირველში ვლასოვმა 7:2 მოიგო, ხოლო მეორე კვლავ მისთვის სასურველი ანგარიშით (1:1) დასრულდა და მანუჩარ ცხადაია ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ასევე მშობლიურზე ერთი წონით მაღლა (66 კილოგრამში) მოსინჯა ძალა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა რევაზ ლაშხმაც, მაგრამ ცხადაიასგან განსხვავებით, ამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა – ქართველი მოჭიდავე პირველივე წრიდან გამოეთიშა ევროპირველობას, ხორვატ დომინიკ ეტლინგერთან წაგებით.
დღესვე საქმეში ვლადიმერ გეგეშიძეც (84 კგ) ჩაერთო, მაგრამ სამეულს ვერც ის შეწვდა. ფრანგი მელონინ ნუმონვისა (3:1 6:0) და ჩეხეთის სახელით მოჭიდავე არტურ ომაროვის (3:0 3:3) ძლევის შემდეგ, ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, ბულგარელ ხრისტო დიანოვ მარინოვთან მარცხით. რეპეშაჟში გადართულმა კი სამსეტიან დაძაბულ შეხვედრაში უნგრელ ვიქტორ ლორინცთან წააგო და საბოლოოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა.

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ევროპის ჩემპიონატი
ბელგრადი

10 მარტი

55 კგ

1 ელჩინ ალიევი (აზერბაიჯანი)
2 პეტერ მოდოში (უნგრეთი)
3 ალექსანდრ კოსტადინოვი (ბულგარეთი)
3 პატიჰ უჩუნჩუ (თურქეთი)

60 კგ
1 იშტვან ლევაი (სლოვაკეთი)
2 ივო სერაფიმოვ ანგელოვი (ბულგარეთი)
3 არსლან აბდულინი (რუსეთი)
3 დავორ შტეფანეკი (სერბეთი)

96 კგ
1 არტურ ალექსანიანი (სომხეთი)
2 მინდაუგას ეზერსკისი (ლიტვა)
3 სერგეი რუტენკო (უკრაინა)
3 შალვა გადაბაძე (აზერბაიჯანი)

120 კგ
1 რიზა კაიაალპი (თურქეთი)
2 ჰასან ბაროევი (რუსეთი)
3 ევგენი ორლოვი (უკრაინა)
3 იური პატრიკეევი (სომხეთი)

11 მარტი

66 კგ

1 ფრენკ სტაბლერი (გერმანია)
2 გეორგიან კარპენი (რუმინეთი)
3 ისლამ-ბეკა ალბიევი (რუსეთი)
3 ოვე მატიას გუნტერი (შვედეთი)

74 კგ
1 რომან ვლასოვი (რუსეთი)
2 მანუჩარ ცხადაია (საქართველო)
3 ალექსანდრ კაზაკევიჩი (ლიტვა)
3 არსენ ჯულფალაკიანი (სომხეთი)

84 კგ
1 ხრისტო დიანოვ მარინოვი (ბულგარეთი)
2 დამიან იანიკოვსკი (პოლონეთი)
3 ჟან ბელეზნიუკი (უკრაინა)
3 ვიქტორ ლორინცი (უნგრეთი)

 

გუნდური ჩათვლა
1 რუსეთი               45
2 უკრაინა               36
3 აზერბაიჯანი       34
4 ბულგარეთი        30
5 სომხეთი             27
6 უნგრეთი             26
6 ლიტვა                 26
8 თურქეთი             23
9 საქართველო    19
10 ბელარუსი          18

სულ მონაწილეობდა 41 ქვეყანა



ოთარ მაღლაკელიძე

0.090515