მთელი მსოფლიო მოიარა ფოტომ, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ ესალმება დიეგო მარადონა ცხინვალის არაღიარებული რესპუბლიკის არაღიარებულსავე პრეზიდენტს და დიეგოს ფოტოზე ისეთი გამომეტყველება აქვს, ალბათ, დაზუსტებულად არც იცის, ვინ არის ეს კოკოითი და რა უნდა მისგან. ამ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, ქართულ პრესაში ერთი ამბავია ატეხილი. მიდის მარადონას წყევლა-კრულვა და შიგადაშიგ იმასაც მოისმენთ, რომ მარადონას და არგენტინის ნაკრების ქომაგობა დღეის შემდეგ, ქართველისათვის სასირცხვილო გახდა. მართალია, მარადონა უკვე აღარ არის არგენტინის ნაკრების მესაჭე, მაგრამ გვინდა თუ არა, ეს კაცი ყოველთვის არგენტინასთან და არგენტინულ ფეხბურთთან იცნება ასოცირებული და რამდენიც უნდა ვაქილიკოთ, ვერაფერი შებღალავს ამ ადამიანის საოცარ ნიჭს, რომელიც მან ფეხბურთელობისას გადმოაფრქვია.
მე მაინც ვფიქრობ, რომ დიეგო მარადონას და ცხინვალის ფსევდოპრეზიდენტის შეხვედრა იყო მეტად სპონტანური მოვლენა, რომელიც ერთი კაცის – ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესის ტვინში დაიბადა. ჩავესს იმდენად სძულს შეერთებული შტატები და მისი ყველა მოკავშირე ქვეყანა, რომ კოკოითის დარ კომიკურ ფიგურებსაც კი ტაშ-ფანდურით ხვდება. მარადონა კი, როგორც კომუნისტი და როგორც ჩავესის მეგობარი, მხოლოდ შირმა იყო და სხვა არაფერი - აქაოდა, კაცი მარადონას როდესაც ხვდება, უკვე სერიოზული პოლიტიკური ფიგურააო. შეგახსენებთ, რომ მარადონას, კოკოითზე ბევრად ნამუსგარეცხილი ადამიანებიც შეხვედრიან. თუ სადმე ვინმე შეერთებულ შტატებს აგინებს, ყველა თავს მოვალედ რაცხს, დიეგოსთან, მინიმუმ, ფოტო მაინც გადაიღოს, რომ შემდგომ მარადონას თანამოაზრეობით იტრაბახოს. ამიტომ, არაფერია იმაში გასაოცარი, რომ ერთი რუსეთუმე კაცი ვენესუელას ეწვია, სადაც მავან კომუნისტს ხელი ჩამოართვა და თავის “ცაფირუზხმელეთოვან” სამშობლოშიც მიიწვია. მე, უფრო მეტად, ქართველების რეაქცია მიკვირს, რომლებმაც ეს ფაქტი, ლამის გლოვის მიზეზად ვაქციეთ. ჩემი ერთი მეგობარი იმასაც კი მეუბნებოდა, რომ არგენტინის ნაკრების ქართველმა ქომაგებმა მარადონას წერილი მივწეროთ და ვუთხრათ, რომ უსინდისოდ მოიქცაო. მომიტევეთ და, მართლა არ მესმის, რატომ და ვის წინაშე არის ვალდებული ყოფილი ფეხბურთელი და ახლა უკვე შოუმენი მარადონა მოვალე, რომ თუნდაც კოკოითს არ შეხვდეს? მორალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად მოიქცა, მაგრამ ჩვენ ხომ მარადონაზე ვსაუბრობთ, კაცზე, რომელაც დღემდე ჩე გევარა ახატია სხეულზე?! კაცზე, რომელიც ტვინდაბინდულ უგო ჩავესთან მეგობრობს?..
მინდა გითხრათ, რომ პლანეტაზე ერთ-ერთი იმ “ბედნიერთაგანი” ვარ, ვისაც დიეგო მარადონაცა და ედუარდ კოკოითიც “ცოცხლად” მინახავს, ოღონდ, რა თქმა უნდა, სულ სხვადასხვა ვითარებაში. მარადონა ორიოდე წლის წინ, “ბორის პაიჭაძეზე” ბურთის პარალელურად მგორავი ვიხილე, კოკოითი კი, ჯერ კიდევ მაშინ ვნახე, როდესაც ყბადაღებული ერგნეთის ბაზრობა ფუნქციონირებდა. მაშინ, კოკოითი სეპარატისტული მთავრობის ოდენ რიგითი წევრი იყო, ბაზრობის ერთ კუთხეში მანქანა გაეჩერებინა, კუთხეში მძღოლთან ერთად მიმდგარიყო და ღვეზელს შეექცეოდა. იმ დროს, რა თქმა უნდა, ყველაფერზე ვფიქრობდი, გარდა ფეხბურთსა და ამერიკა-ვენესუელას ურთიერთობებზე, მაგრამ დღეს, ამ ორმა ადამიანმა სოციალური მდგომარეობა და თანამდებობები რომც გაცვალონ, ანუ მარადონა ცხინვალის ფსევდოპრეზიდენტი იყოს და კოკოითი არგენტინის ნაკრების დამღუპველი მწვრთნელი, დამერწმუნეთ, ამით დიდად არაფერი შეიცვლება. ახალგაზრდა მარადონასი არ იყოს, არც ახალგაზრდა კოკოითი იყო ისეთი რეგვენი, ახლა როგორსაც ვხედავთ. მართალია, დიეგოს მსგავსად მსოფლიოს სტადიონები არ აუხმაურებია, მაგრამ ერთი საშუალო დონის მოჭიდავე ბიჭი იყო და ქართველებთანაც მშვენივრად მეგობრობდა. ასეთ ადამიანებს, საერთო, ძირითადად ის აქვთ, რომ გულშემატკივრები და მხარდამჭერები თვალსა და ხელს შუა ეფანტებიან და რაკი ნათლად გრძნობენ პოლიტიკური, თუ სპორტული კარიერის აღსასრულის მოახლოვებას, ბევრ ცუდ რამეზე არიან წამსვლელები. როგორც ჩანს, მარადონა ყველაზე კარგად გრძნობდა, არგენტინის ნაკრების მწვრთნელის სკამი მთლად მისი სარგო რომ არ იყო. განა, ეგეთი უტვინოც არის, ამას რომ ვერ მიმხვდარიყო...
გაივლის დრო და ყველას დაავიწყდება ეს ავადსახსნებელი ფოტო, რომელზეც უკვე ამდენი ვილაპარაკეთ. არგენტინაში აუცილებლად გამოჩნდებიან მარადონაზე კარგი ფეხბურთელები და დიდი იმედი მაქვს, რომ სამაჩაბლოც საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდება, რაც ავტომატურად წაშლის კოკოითის სახსენებელს, მაგრამ არასოდეს დაილევიან უცნაური ადამიანები, რომლებიც ხელის ჩამორთმევას, თვით უკანასკნელ ნაძირალასაც კი არ დაზარდებიან...
ლევან სეფისკვერაძე









