ედუ ჟორჟე ერთ-ერთი იმ ბედნიერ ბრაზილიელ მუშათაგანი იყო, რომელსაც განგებამ ”მარაკანას“ რეკონსტრუქციაზე მუშაობის უდიდესი სიხარული აღირსა. ორ წელიწადში ჟორჟეს ქვეყანაში მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება და მთელ ბრაზილიაში მოძველებული და ჩამოქცევის პირას მისული სტადიონების აღდგენა დაიწყეს.
ედუ ჟორჟემ ყურებს არ დაუჯერა, როდესაც ტელეფონზე ნაცნობმა სამშენებლო საქმეთა მწარმოებელმა, ანუ “პრარაბმა“ დაურეკა და “მარაკანაზე“ მუშაობა შესთავაზა. ანაზღაურება განსაკუთრებულად დიდი სულაც არ იყო, მაგრამ ხუთთვიანი უმუშევრობის შემდეგ დასაქმებას ეხუმრებით?! თან, იმასაც ხომ გააჩნია, სად დასაქმდები...
ედუ ჟორჟე ბავშვობიდან ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია და მილიონობით ბრაზილიელის მსგავსად, “მარაკანა“ მისთვისაც საფეხბურთო “წმინდა ტაძრის“ აღმნიშვნელი სიტყვაა. დააბიჯებს სამშენებლო მასალებით გადაძეძგილი სტადიონის მინდორზე და სულ ტანში აჟრიალებს. როგორი საქმეა, დილიდან საღამომდე მიდი-მოდიოდე იქ, სადაც ათწლეულების განმავლობაში პელე, გარინჩა, ჯალმა და ნილტონ სანტოსები, რომარიო, ლეონიდასი და ასეთი ხალხი თამაშობდნენ; სადაც მოხვედრაზე ბრაზილიის პროვინციულ თუ არაპროვინციულ ქალაქებში მცხოვრები ყველა ბავშვი და მოზარდი ოცნებობდა და სადაც მარადიულად ისმოდა ბრაზილიელ გულშემატკივართა ომახიანი სიმღერა...
დადის ედუ ჟორჟე “მარაკანაზე“ და თავი ფიქრებით აქვს გამოტენილი: “აი ეს ის ადგილია, პელემ 4 კოლუმბიელი რომ მოატყუა და კარისკენ გაიჭრა“, “აი, აქედან გაუტანა ლუის რონალდომ გოლი არგენტინელებს“, “ჩემს ბავშვობაში, სტადიონის მესერის ამ კუთხიდან ვიპარებოდით ბიჭები სტადიონზე“ – მუშაობს და ფიქრობს ჟორჟე. სხვა მუშებიც თითქოს მართლა ტაძარში იყვნენ - “მარაკანაზე“ მუშაობისას სულ ჩურჩულით საუბრობენ და ყველას სახეზე აწერია ბედნიერება, რაც ამ სტადიონზე მუშაობას ახლავს თან.
სამუშაო რთულია და ძალიან დამღლელი. ედუ ჟორჟეს მოვალეობაში ძველი ტრიბუნების დემონტაჟის დროს დარჩენილი საშენი მასალების სატვირთო ავტომობილის ძარაზე დატვირთვის ხელმძღვანელობა შედის. “ხელმძღვანელობა“ ამ შემთხვევაში ფიზიკურად მუშაობასაც ნიშნავს, რადგან ამწე, რისი მეშვეობითაც დიდ ბეტონის ლოდებს ავტომობილზე ტვირთავენ, შედარებით პატარა ზომის ბეტონის ნატეხებს კაუჭს ვერ უსადაგებს და სწორედ ამ დროს დგება ჟორჟესა და მისი მეგობრების მძიმე სამუშაოს დროც. მუშები დიდ რკინის ჯაჭვებს აბავენ ბეტონის ლოდებს და წვალებ-წვალებით, ააქვთ სატვირთო მანქანის ძარაზე.
კვების მხრივ, “მარაკანაზე“ მოფუსფუსე და ამის გამო უზომოდ ბედნიერ მუშებს, საწუწუნოდ საქმე ნამდვილად არ აქვთ. მართალია, ყოველდღე შემწვარ-მოხრაკულებს არავინ აჭმევთ, მაგრამ სამუშაო დღის განმავლობაში ორჯერ, ალალად გაისმის ხოლმე სადილის მაუწყებელი საყვირის ხმა და მტვერში ამოგანგლული მუშებიც, სტადიონის სამხრეთ კარიბჭესთან სახელდახელოდ მოწყობილ ე.წ. საველე სასადილოსაკენ გაემართებიან. ფაშფაშა ბოლივიელი მზარეული ქალი, ხან კარგ მსუყე წვნიანებს ახვედრებთ, ხან კი ნახევარფაბრიკატებით უწევთ იოლად გასვლა. მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ საჭმელი არ ყოფნით. ვისაც რამდენი სურს, იმდენს ჭამს და ასეთი კვებითი რეჟიმი ყველას ძალიან მოსწონს. ეს ხომ ბრაზილიაა, ქვეყანა სადაც, ცოტა ხნის წინათ, მრავლისშემძლე ნავთობიც აღმოაჩინეს, მაგრამ მასობრივი გაჭირვება ჯერ კიდევ დაუძლეველია.
სადილის დროს, ედუ ჟორჟე და სხვა მუშები სულ ფეხბურთზე საუბრობენ. “მარაკანას“ არემონტებდე და ფეხბურთზე ორი სიტყვა არ თქვა, სირცხვილი იქნება... ყველას იმედი აქვს, რომ მსოფლიოს თასს “სელესაო“ აღმართავს. საქმეთა მწარმოებელი რობერ კოშტა კი ფინალისტების გამოცნობასაც “ბედავს“. მისი აზრით, აქ, მათ მიერ რეკონსტრუირებულ “მარაკანაზე“ გამართულ ფინალში ერთმანეთს ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებები შეხვდებიან. ფინალს, რა თქმა უნდა, ბრაზილია მოიგებს და თუკი საქმე-საქმეზე მიდგა, კოშტა ამ ფინალის ანგარიშსაც კი გეტყვით. 2:1 – ასე მოიგებს ბრაზილია. მათგან ორივე გოლს რობინიო გაიტანს, არგენტინელებიდან კი, რაღა თქმა უნდა - ლეო მესი. ყველამ იცის, რომ რობინიო რობერ კოშტას უბანშია გაზრდილი და იმიტომაც უყვართ ეს ბიჭი განსაკუთრებით. ისიც გათავისებული აქვთ, რომ დიდი შანსია, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზე მათ შორის არც ერთს ეღირსოს დასწრება, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, ფინალზე დასასწრები ძვირადღირებული ბილეთის ფული, ამ მუშათაგან რომელიმეს ჰქონდეს. მაგრამ, როდესაც ”მარაკანაზე” მუშაობ, საკუთარ თავს ოცნებები არ უნდა აუკრძალო!
საღამოს, ”მარაკანაზე” მოფუსფუსე მუშები, იქვე, სტადიონთან ახლოს დადგმულ ძველ ვაგონებში ნაწილდებიან და დაღლილები ელვის უსწრაფესად იძინებენ. მხოლოდ ედუ ჟორჟეს უჭირს დაძინება. მას კიდევ არ სჯერა, რომ ”მარაკანაზე” მუშაობს და მის აშენებულ სტადიონზე მალე მსოფლიოს ყველაზე დიდი ფეხბურთელები ითამაშებენ!
P.S. ამ სვეტს, 3 თვის წინათ, სტადიონ ”მარაკანას” რეკონსტრუქციის დროს დაღუპული 2 ბრაზილიელი მუშის ხსოვნას ვუძღვნი. ერთ-ერთს სახელად ედუ ჟორჟე ერქვა.
ლევან სეფისკვერაძე









