პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი მარჩელო ლიპი სადამრიგებლო მოღვაწეობას ჩინეთში აგრძელებს. გუანჯოუში მას La Gazzetta dello Sport-ის კორესპონდენტი დაუკავშირდა და დიალოგისას გაირკვა, რომ სინიორ მარჩელო ევროპაში მიმდინარე საფეხბურთო ცხოვრებასაც თვალს ყურადღებით ადევნებს.
- პირველ კითხვას ჩინელებზე დაგისვამთ. ისინი არაფრით ჰგვანან ევროპელებს?
- ევროპელებსა და აზიელებს შორის სხვაობა მართლაც დიდია. ჩინელები სწორხაზოვნები არიან. ამის გამო პრობლემები მექმნება. მაგალითისთვის ფეხბურთელებთან ურთიერთობა ავიღოთ. ვარჯიშის დროს მოთამაშეებს რომელიმე ელემენტის ჩემებურად შესრულებას ვთხოვ. ისინი თავს მიკრავენ, მაგრამ ელემენტს მაინც თავისებურად ასრულებენ. თავდაპირველად ამას ლამის მწყობრიდან გამოვყავდი, მაგრამ შემდეგ თანდათან მივეჩვიე.
- მათ საუკეთესო თვისებებზე რას გვეტყოდით?
- ჩინელებს უზომოდ უყვართ სპორტი და სხვადასხვა სახეობების ერთგული მიმდევრებიც არიან. მათ გულშემატკივრობა კარგი იციან. სტადიონზე ხშირად იკრიბება 45 ათასიანი აუდიტორია და თითქმის ყველა ქომაგს საყვარელი გუნდის მაისურა აცვია. ეს მართლაც შთამბეჭდავი სანახავია. ამასთან, ჩინელები ყოველთვის დიდი პატივისცემით ეპყრობიან მოწინააღმდეგეს, არასდროს უსტვენე და არც შეურაცხყოფას აყენებენ. ლიანინეში სტუმრობისას კი ასეთი ფაქტიც მოხდა. იქაურმა ქომაგებმა ცისფერი მაისურები ჩაიცვეს, რითაც ჩემ იტალიელობას მიაგეს პატივი. გუანჯოუში დიდ პატივში ვარ. აქაურები ქუჩაში მცნობენ, ავტოგრაფებს და მათთან ერთან ფოტოს გადაღებას მთხოვენ. მათგან სიყვარულს ვგრძნობ.
- ჩინეთში კარგად ყოფნის მიუხედავად, ოჯახის წევრები არ გენატრებათ?
- მეუღლე ხშირად ჩამოდის გუანჯოუში, შვილები კი კარგა ხანია დამოუკიდებლად ცხოვრობენ და მათ Skype-ის მეშვეობით ხშირად ვუკავშირდები. ისე, ოჯახის წევრები ხშირად ერთ ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ ერთმანეთთან ხშირი მიმოსვლა მაინც არ აქვთ.
- ჩინურად საუბარი თუ დაიწყეთ?
- არა. ფეხბურთელებს რამდენიმე იტალიური ფრაზა და ტერმინი შევასწავლე და ამგვარად ვცდილობ მათთან კომუნიკაციას. ჩინური ენა მეტად რთულია და აქ ყოფნის პერიოდში მხოლოდ ოციოდე სიტყვა ავითვისე, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იეოლიგანია (საფერფლე).
- მაო ცზე დუნის ცხოვრება და მოღვაწეობა და მისი თეორია თუ გაიცანით?
- 1976 წელს გარდაცვლილი ბელადი ჩინეთში დღემდე ძალიან პოპულარულია. ტაქსისტების უმრავლესობას თავიანთ ავტოებში მისი მომცრო ზომის ქანდაკებები აქვთ. კომუნისტური წარსულისა და წყობის მიუხედავად, ჩინეთი დასავლეთს სულ უფრო და უფრო უახლოვდება.
- როგორ თვლით, “იუვენტუსმა” ნიკოლა ანელკას მიწვევით შეცდომა ხომ არ დაუშვა?
- ჩემთვის ამ თემაზე საუბარი ძნელია. იტალიიდან რამდენიმე ათასეული კილომეტრით ვარ მოშორებული და ტურინში ჩემზე გაცილებით უკეთ იციან, რომელი ფეხბურთელი სჭირდებათ. გავიგე, თითქოს ტიფოზები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, მაგრამ ნიკოლა მაღალი კლასის მოთამაშეა და ევროპასაც მეტად მოტივირებული დაუბრუნდა. “იუვენტუსს” რაც შეეხება, გუნდი განსაკუთრებულ ფეხბურთს თამაშობს. მატჩის დროს ფეხბურთელები მაქსიმალურად იტვირთებიან, თავდამსხმელები მოწინააღმდეგეთა მცველებს პრესინგის მარწუხებში ამყოფებენ, უკანა ხაზზეც ხშირად ვხედავთ. კლუბი ყოველთვის სიახლეების ძიებაშია და ანელკას ტრანსფერიც ამას უკავშირდება.
- გაგიკვირდათ, როდესაც შეიტყეთ პეპ გვარდიოლასა და მიუნხენის “ბაიერნის” მიერ ხელმოწერილი კონტრაქტის შესახებ?
- არა, არ გამკვირვებია. გვარდიოლამ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდი შექმნა. მეცინება, როდესაც ამბობენ, “ბარსელონას” წარმატებებში პეპის დამსახურება მხოლოდ 20 პროცენტით განისაზღვრება, დანარჩენი კი ფეხბურთელების მარიფათიაო. ახლა გვარდიოლას მშვენიერი შანსი მიეცა დაამტკიცოს, უმაღლესი რანგის სპეციალისტი რომაა. მიუნხენის “ბაიერნი” უკვეა კარგი გუნდი, კატალონელს კი მისი უფრო მაღლა აყვანა ხელეწიფება.
- მალე 65 წლისა შესრულდებით. ამ ასაკში ახლის სწავლას განაგრძობთ?
- ამას მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვაკეთებ და მომავალშიც გავაგრძელებ. ამიტომაც ახლო წარსულში საინტერესო სამუშაოს ძიებით ვიყავი დაკავებული. ამიტომაც არჩევანი არა იტალიასა და ტოპ-ხუთეულის ჩემპიონატებზე გავაკეთე, არამედ ჩინეთში გავემგზავრე. არადა, ყატარში უფრო სრფიან კონტრაქტებს მთავაზობდნენ.
გოჩა კაჭარავა









