ფეხბურთი

23:06 | 29.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარცვალაძის კლასი და 11-ქულიანი სხვაობა

11 ქულა უკვე ის ჰანდიკაპია, რომელიც თბილისის “დინამოს” დამშვიდების საშუალებას აძლევს. მხოლოდ 8 ტური დარჩა და ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა ფანტასტიკის სფეროს უფრო ჰგავს – მითუმეტეს, საქართველოში ძნელი წარმოსადგენია, რადგან აქ კონკურენტრუნარიანი გუნდების ნაკლებობა იგრძნობა.

ცხრილიდან გამომდინარე, “ზესტაფონს” ფრე არ აწყობდა, ამიტომაც უფრო ჩქარობდა, უფრო მეტ დროს უთმობდა შეტევებს. ეს პირველ ტაიმზე ითქმის, როცა იმერლებს ბურთის ფლობაში ჰქონდათ უპირატესობა, თუმცა ბურთის ფლობა ერთია, მწვავე შეტევები კი – მეორე. “დინამო” დაცვაში მწყობრად თამაშობდა და საყრდენი ნახევარმცველებიც (გიორგი პაპავა-ირაკლი ძარია) კარგად ასრულებდნენ საქმეს.

საწყის 45 წუთში ერთი საგოლე მომენტიც კი არ შექმნილა. დაძაბული თამაში მიმდინარეობდა და ბურთი მეტწილად მოედნის შუაში ტრიალებდა. ჩისკოს ჰქონდა მცდელობა გატანისა, მაგრამ მცველებმა დაუფარეს, ხოლო “ზესტაფონიდან” ლევან შარიქაძის აცილებულს გამოვარჩევდით.

საინტერესოა, რომ “ზესტაფონი” ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელით (ნიკა საბანაძე) თამაშობდა და თითქოს მოსალოდნელი იყო, რომ გია გეგუჩაძე მეორე ნახევარში დიმიტრი ტატანაშვილს შეუწყვილებდა, თუმცა ტატანაშვილი მხოლოდ 86-ე წუთზე შეიყვანა მინდორზე. გეგუჩაძემ მიზეზი პრესკონფერენციაზე თქვა.

მეორე ტაიმი უკეთესი გამოდგა სანახაობრივად და ეს მიუხედავად იმისა, რომ წვიმა გაძლიერდა. 50-ე წუთზე ირაკლი ძარიამ შორიდან ძლიერი დარტყმით ააცილა, ერთ წუთში კი საბანაძემ ვერ მიიღო საჯარიმოში ბურთი – არადა, რომ მიეღო, ალბათ, იოლად გაიტანდა ახლო მანძილიდან. მალევე, რევაზ გეწაძემ ააცილა შორიდან.

მეორე ნახევრის საწყის 15 წუთში “ზესტაფონი” უპირატესობას ფლობდა, შემდეგ კი დინამოელებმა გამოასწორეს თამაში და ბოლო 30 წუთი აშკარად მეტოქეზე უკეთ ჩაატარეს. გოლს რაც შეეხება, ოთარ მარცვალაძემ, როგორც იტყვიან, შეასრულა: მან საჯარიმოში ზურგით მდგომმა მიიღო ბურთი, უცებ მოასწრო მოტრიალება და მომენტალურად შორეულ კუთხეში გაუტანა პავლოვიჩს – 1:0.

ეს არის მარცვალაძე... თითქოს ოპტიმალური ფორმისგან შორსაა, მაგრამ კლასი აქვს სხვებზე მეტი.

“ზესტაფონს” ერთ წუთში შეეძლო გათანაბრება, როცა მარჯვნიდან ჩაწოდებულ ბურთს ნიკა საბანაძე ერთი შეხებით გზავნიდა კარში, თუმცა გიორგი ლორიამ აიღო. “ზესტაფონს” მეტი შანსი აღარ ჰქონია და საერთოდაც, ბოლო წუთებში ვეღარ შესძლო დიდი ძალებით წინ წასვლა, რადგან დინამოელთა შემტევები ამის საშუალებას არ აძლევდნენ.

ბოლო 10 წუთში ჯერ შეცვლაზე შესულებმა, გიორგი პაპუნაშვილმა და დარკო გლიშიჩმა სცადეს შორიდან გატანა – ორივეჯერ ოდნავ არაზუსტი იყო დარტყმა.

და კიდევ, ორივე გუნდის ფან-კლუბმა გაალამაზა მატჩი: მხურვალედ უჭერდნენ მხარს თავიანთ საყვარელ გუნდს, თუმცა ვისურვებდით, რომ ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩს მეტი გულშემატკივარი ეწსრებოდეს.

ჩემპიონატში ეს ვერ ხერხდება, აი, ზუსტად ერთ წელიწადში, გაისად 29 მარტს კი ანშლაგი გარანტირებული იქნება: ევრო-2016-ის შესარჩევი მატჩი, საქართველო-გერმანია.    

მატჩის შემდეგ

გია გეგუჩაძე: “დინამოს” ვულოცავ. როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული მატჩი გამოდგა. ასეთ შეხვედრებში 90 წუთი კონცენტრირებული უნდა იყო, ჩვენ კი მოვდუნდით. გოლის მერე კი, ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვთამაშობდით, თუმცა საგოლე მომენტი გვქონდა. საბოლოო ჯამში გამოჩნდა, რომ ბევრი სამუშაო გვაქვს.

...ჩვენი პროგრამა-მინიმუმი ევროტურნირებზე გასვლაა. ასეთია ამ სეზონში პროგრამა-მაქსიმუმიც. დიმიტრი ტატანაშვილისთვის მცირე დროის დათმობას რაც შეეხება, ვეცადეთ, რომ შუაში რიცხობრივი უპირატესობა გვქონოდა და ამიტომაც, ნახევარდაცვის გაძლიერებაზე გავაკეთეთ აქცენტი.

მალხაზ ჟვანია: “დაძაბული თამაში იყო. “ზესტაფონს’ წლეულს ზედიზედ 6 მატჩი ჰქონდა მოგებული და ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. პირველ ტაიმში მეტოქეს უპირატესობა ჰქონდა ბურთის ფლობაში, მაგრამ ამ ყველაფერს გავუძელით, მეორე ნახევარში შეტევას მეტი დრო დავუთმეთ და გოლიც გავიტანეთ”.

 

29.03. 18:00. თბილისი. “დინამო არენა. 3000 მაყურებელი

დინამო (თბილისი) – ზესტაფონი 1:0 (0:0)

დინამო: ლორია, იანსე, გველესიანი, რეხვიაშვილი, კვირკველია, ძარია, პაპავა, გორგიაშვილი (პაპუნაშვილი 58), მერებაშვილი (გლიშიჩი 77), მარცვალაძე (მოდებაძე 88), ჩისკო.

მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია.

ზესტაფონი: პავლოვიჩი, თემურ ღონღაძე, ჭელიძე, რენე ფერეირა, გურული, ჭანტურიშვილი (ფანცუალაია 76), შარიქაძე, კუხიანიძე (ჭანკოტაძე 66), დოლიძე (ტატანაშვილი 86), გეწაძე, საბანაძე.

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.

გოლი: 1:0 მარცვალაძე (73).

გაფრთხილება: მერებაშვილი (42), ჭელიძე (90), კვირკველია (90+3).

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

 

 

 

მეტალურგი (რუსთავი) – ჩიხურა (საჩხერე) 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 დავით საჯაია (50), 2:0 მერაბ გიგაური (88) 

 

1-6 ადგილებისთვის

 

1      დინამო (თბ)                                                                24           17           3           4          55:17           54       
2 ზესტაფონი             24 13 4 7 32:16 43
3 ჩიხურა            24 11 5 8 41:37 38
4 სიონი          23 10 6 7 29:24 36
5 მეტალურგი   24 10 6 8 28:27 36
6 გურია             23 11 0 12 25:32 33

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090801