მსოფლიოს თასზე საუკეთესო სამეულისთვის დაწესებულ სოლიდურ პრემიას საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რომ ვერ მიიღებს, კერ კიდევ ქვეჯგუფის შეხვედრების ჩამთავრებამდე გახდა ცნობილი. გუშინ, ქართული შვიდეული მახაჩყალის ხალიჩაზე სამჯერ გავიდა და სამივეჯერ მარცხი იწვნია. ნაკრებმა, რომელიც დაღესტანში წონითი კატეგორიების ლიდერებისა და მთავარი მწვრთნელის, ზაზა თურმანიძის გარეშე ჩავიდა, აზერბაიჯანის, ირანისა და კუბის ნაკრებებთან ერთნაირი ანგარიშით – 2:5 წააგო. გადახალისებული განაცხადი, ეგებ, თავის გასამართლებლად და ხასიათის ოდნავ გამოსაკეთებლად გამომდგარიყო, მაგრამ... მახაჩყალის მსოფლიოს თასზე, თითქმის ყველა გუნდი შესუსტებული შემადგენლობით გამოდის. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: ჭიდაობაში სახელდაგდებული სხვა ქვეყნების რეზერვი, ქართულს აშკარად აღემატება. ლიდერების რეალური შესაძლებლობების სანახავად კი, წინ ევროპის ჩემპიონატი გვაქვს, რომელსაც მარტის ბოლოს დორტმუნდი უმასპინძლებს.
არ გვინდა დღევანდელი წარუმატებლობა უიღბლობას დავაბრალოთ, თუმც არც მთლად უამისობაა – ლამის, ყველა ძლიერი ნაკრები საქართველოს ქვეჯგუფში მოხვდა. ხოლო მეორე ჯგუფში, მასპინძელ რუსებს, გაცილებით სუსტი მეტოქეები ერგოთ, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ბულგარეთისა და უკრაინის სახით. აბა, ასეთ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდნენ, ყველას იოლად სძლიეს და ფინალის საგზური მოიპოვეს. საქართველოს ჯგუფში, ლიდერის ბედი ბოლო ტურში გაირკვევა. დღეს ერთმანეთს კუბელები და ირანელები დაეჭიდებიან. დავით ხურციასა და დავით ოთიაშვილის გაწვრთნილი გუნდი კი, საუკეთესო შემთხვევაში, საბოლოო, მე-7 ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
მახაჩყალაში საქართველოს ნაკრები 8-კაციანი შემადგენლობით ჩავიდა, არადა, თუნდაც რამდენიმე წონაში ორ-ორი მოჭიდავე რომ შეეყვანათ განაცხადში, ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა. ტურნირის მსვლელობისას, მწვრთნელებს ტაქტიკური გადაადგილების საშუალება მიეცემოდათ. მსგავსი ფუფუნება, ქართულ გუნდს მხოლოდ მძიმე წონაში ჰქონდა (გიორგი საკანდელიძე და ლევან ბერიანიძე), სადაც ალბათ, ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა.
66 კილოგრამში, შალვა მუზიაშვილმა პირველსავე ტურში ტრავმა მიიღო. შემცვლელის არარსებობის გამო, დანარჩენ შეხვედრებში, ამ წონით კატეგორიაში საქართველოს პირდაპირ ნული ჩაეწერა.
მუზიაშვილი აზერბაიჯანელ ჰაგან სულეიმანოვთან ჭიდაობისას დაშავდა და ბრძოლა ვადაზე ადრე შეწყვიტა. იქამდე, ხალიჩაზე ბესიკ გოჩაშვილი (55 კგ) და მალხაზ ქურდიანი (60 კგ) გავიდნენ და მათ ტრავმების გარეშე წააგეს. პირველ-სამ წონაში, ქართველებმა ვერც ირანთან და კუბასთან შეძლეს ქულის მოპოვება. აზერბაიჯანთან და კუბასთან დაპირისპირებისას, წაგებულ სამეულს გელა საღირაშვილი (74 კგ) და ბექა ჭელიძეც (84 კგ) დაემატნენ და პრესტიჟის ქულები გუნდს ორჯერვე დავით ქერაშვილმა (96 კგ) და გიორგი საკანდელიძემ (96 კგ) მოუპოვეს. ირანთან შეხვედრისას კი, საღირაშვილმა და ჭელიძემ იმარჯვეს, ხოლო ქერაშვილი და ბერიანიძე დამარცხდნენ.
დღევანდელი დღის პროგრამა მეოთხე ტურის შეხვედრებით გაიხსნება. საქართველოს ნაკრები უნგრეთი-ყაზახეთის გაერთიანებულ გუნდს დაეჭიდება. კუბა – ირანს. შემდეგ კი... ყველა მონაწილეს თითო გადამწყვეტი ბრძოლაღა დარჩება ჩასატარებელი.
შეგახსენებთ, მსოფლიოს თასის საპრიზო ფონდი 240 ათასი დოლარია. აქედან, ჩემპიონს 100 ათასი ერგება, მეორე და მესამე პრიზიორებს – 60 და 40 ათასი.
ბოლოს, ერთი საინტერესო ინფორმაციაც. მსოფლიოს თასის გათამაშების პირველ დღეს, მახაჩყალის ალი ალიევის სახელობის გადაჭედილ დარბაზს საფეხბურთო კლუბ ანჟის სახელოვანი ლეგიონერებიც ესტუმრნენ. მათ შორის იყო გუნდის კაპიტანიც, ბრაზილიელი რობერტო კარლოსი.
ოთარ მაღლაკელიძე







