საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ამირან პაპინაშვილი რუსეთის ქალაქ ტიუმენში მიმდინარე მსოფლიოს მასტერსზე ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ყაზახ იელდოს სმეტოვს დაეჭიდა და მეხუთე წუთზე შებოჭვაზე მოჰყვა.
რეპეშაჟის ნახევარფინალში პაპინაშვილი მონღოლი ძიუდოისტების, ბოლდბაატარ განბატისა და ამარტუვშინ დაშდავაას წყვილში წაგებულს დაუპირისპირდება.
დღესვე რუსულ ტატამზე შალვა ქარდავა (66 კგ), ზებედა რეხვიაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილიც (ორივე 73 კგ) გავიდნენ, მაგრამ პირველსავე წრეში წააგეს და ტურნირს სამივე უმალ გამოეთიშა.
ქარდავა იაპონელ ტომოფუმი ტაკაიოსთან მესამე წუთზე შებოჭვით დამარცხდა. რეხვიაშვილისა და უზბეკი მირალი შარიპოვის შეხვედრის ბედი ერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა, შარიპოვის სასარგებლოდ. ტატალაშვილი კი ბრაზილიელ ბრუნო მენდონსასთან ვაზარიზე დავარდა და საფინალო სირენამდე მხოლოდ ის მოახერხა, რომ მოწინააღმდეგეს სამი შიდო მიაღებინა.







