“ნაპოლის” სლოვაკმა ნახევარმცველმა La Gazzetta Dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომლის გაცნობის შემდეგ მკითხველი მის წინასასეზონო გეგმებსა და იმედს გაეცნობა.
- ბოლო 2 თვის განმავლობაში თქვენ გარშემო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. იტალიასა და მთლიანად ევროპაში ბევრს წერდნენ იმის თაობაზე, რომ დღე-დღეზე ნეაპოლს დაშორდებოდით...
- მართლა? ჩემთვის ეს სიახლეა. სლოვაკეთში გახლდით, სადაც გულიანად დავისვენე. მეგობარ გოგონასთან მარტინასთან და შვილთან კრისტიანთან ერთად ვატარებდი შვებულებისთვის განკუთვნილ დროს და თუ დამიჯერებთ, ინტერნეტში ერთხელაც არ შევსულვარ.
- ამას წინათ, იტალიის პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ნეაპოლს სტუმრობდა, პლებიშიტოს მოედანზე მიტინგი ჩაატარა და გულშემატკივრებს დაპირდა, ჰამშიკს “მილანში” გადაყვანას არ ვფიქრობ, რადგან მარეკი თქვენთვის დაახლოებით იგივეა, რაც თავის დროზე დიეგო მარადონა იყოო...
- ამგვარი შედარება, ცხადია, ძალიან მახარებს, მაგრამ იმასაც კარგად ვხვდები, გაზვიადებული რომაა. ისე კი, “ნაპოლის” გულშემატკივართა სიყვარული უზომოდ მსიამოვნებს. როდესაც ისინი საკუთარ კერპად მთვლიან, წვრთნისა და თამაშის გაცილებით მეტი მოტივაცია მეძლევა.
- გულწრფელად გვიპასუხეთ, “მილანაში” გადასვლაზე არასდროს გიოცნებიათ?
- იცით, ამჟამად ყველაზე მეტად რაზე ვოცნებობ? როდესა ნეაპოლის “სან პაოლოზე” ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს დაუკრავენ და მეც “ნაპოლის” მაისურით დებიუტი მექნება ამ მეტად პრესტიჟულ ტურნირში. ესაა ჩემი უმთავრესი საზრუნავი და საფიქრალი. თანაც, ამ მეტად მნიშვნელოვან მომენტში “ნაპოლი” რომ მივატოვო, ჩემი მხრიდან ღალატის ტოლფასი იქნება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ჩემთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული და მას ზურგს ვერ შევაქცევ. ამასთან, ძალიან შემიყვარდა ნეაპოლი, მისი მცხოვრებლები და არასდროს მიფიქრია “ნაპოლიდან” აბარგებაზე. ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთო, ყურები კარგად დავიცვა და მონდომებით მოვემზადო ახალი სეზონისთვის.
- ნეაპოლში კიდევ ერთი წლის გატარების შემდეგ, სავარაუდოდ, სათამაშო კლასს კიდევ უფრო აიმაღლებთ და ისეთი კლუბებისგან, როგორებიც “მილანი”, “რეალი” და “ბარსელონაა”, თქვენზე ზეწოლა გაძლიერდება. გრანდები ჰამშიკის გადაბირებას კიდევ უფრო მეტი მონდომებით დააპირებენ. როგორ გგონიათ, შეძლებთ რომელიმე “დიდი გუნდის” ღირსეულ წევრობას?
- სათამაშო კლასის ამაღლებას რაც შეეხება, ფეხბურთელმა ამაზე ყოველსეზონურად უნდა იზრუნოს. ნეაპოლში საამისო ყველა წინაპირობა მაქვს შექმნილი. თუკი, თქვენ მიერ ჩამოთვლილ კლუბთაგან რომელიმე მის რიგებში ასპარეზობას შემომთავაზებს, გარწმუნებთ, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ მივიღებ. ყველაფერი “ნაპოლის” ხელმძღვანელებთან მოთათბირების შემდეგ გაირკვევა.
- ვალტერ მაცარის დამრიგებლობით მუშაობამ და თამაშმა რა მოგცათ?
- ბევრი რამ. სინიორ ვალტერი ნამდვილი მოტივატორია და ფეხბურთელებს ზრდაში ხელს გვიწყობს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მაცარიმ მშვენივრად იცის გუნდის მართვა. თავდაპირველად მხოლოდ საშინაო მატჩებში გამოვდიოდით წარმატებით, შემდეგ კი თანდათან, მთავარი მწვრთნელის წყალობით, საგარეო შეხვედრების მოგებაც ვისწავლეთ. დამრიგებელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მისი მჯერა. მაცარი მეუბნება, რომ თამაშის გაუმჯობესების რეზერვი კიდევ ბლომად მაქვს.
- სეზონისწინა პირველი შეხვედრა “ტრენტინოსთან” ჩაატარეთ და მატჩზე მყოფმა მცირერიცხოვანმა მაყურებელმა არა მარტო ნახევარდაცვაში, მოწინააღმდეგის კარის სიახლოვესაც ხშირად გიხილათ. მაცარი თქვენთვის სათამაშო პოზიციის შეცვლას ხომ არ აპირებს?
- სამოყვარულო, შედარებით სუსტ გუნდთან ვთამაშობდით, ამიტომაც თავს ჩვეულებრივზე უფრო დიდ დიაპაზონზე ასპარეზობის უფლება მივეცი. კარგად მესმის, რომ ოფიციალურ მატჩებში მინდვრის ცენტრში უფრო მეტი სათამაშო დროის გატარება მომიწევს. ამ შემთხვევაში გუნდის საასპარეზო სქემა დაბალანსებული იქნება.
- საქმე არჩევანზე რომ მიდგეს, სკუდეტოს მოგებას არჩევდით თუ ჩემპიონთა ლიგის თასის დაუფლებას?
- იტალიის სერია A-შიც და საერთაშორისო არენაზე წარმატებით გამოსვლით, ერთგული გულშემატკივრის გახარებას შევეცდებით. ცხადია, ჩემპიონთა ლიგის მოგებას არაფერი შეედრება, მაგრამ სკუდეტოს დაუფლებითაც არანაკლებ სიხარულს მივანიჭებთ სან პაოლოელ ქომაგებს.
- ჩემპიონთა ლიგაში კონტინენტის უძლიერეს კლუბებთან მოგიწევთ დაპირისპირება. რომელ გრანდთან ისურვებდით გაჯიბრებას?
- ჩემგან, ალბათ, დაახლოებით ასეთ პასუხს ელით – “ნაპოლი” მზადყოფნაში შეხვდება ტურნირის სტარტს და ნებისმიერ მეტოქეს დიდ წინააღმდეგობას გაუწევს. მაგრამ გულწრფელი პასუხი თუ გაინტერესებთ, წილისყრისას ღმერთს შევთხოვ, რაც შეიძლება სუსტი ოპონენტები გვარგუნოს. ყოველთვის ვოცნებობდი პაველ ნედვედის წინააღმდეგ თამაშზე. ეს ვერ შევძელი, ახლა ფიქრით ლეო მესისა და მის “ბარსელონას” ვუპირისპირდები, ოღონდ, კარგი იქნება, თუ კატალონელებს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის დასკვნით სტადიაზე გადავეყრებით.
- “ნაპოლის” ახალწვეულთაგან თქვენზე ყველაზე მეტად სასიამოვნო შთაბეჭდილება რომელმა მათგანმა დატოვა?
- დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ახალწვეული “ნაპოლის” დიდ სამსახურს გაუწევს. ერთ-ერთ მათგანთან, გოკჰან ინლერთან შეკრებაზე ერთ ოთახში ვცხოვრობ. იგი მაღალი კლასის ფეხბურთელი რომაა, “უდინეზეში” 4-წლიანი გამოსვლით დაამტკიცა. ამასთან, იგი ძალიან კარგი ადამიანია და ჩემი მეგობარიც გაცნობიდან რამდენიმე დღეში გახდა.
გოჩა კაჭარავა









