ხორვატულ გამოცემა Jutarnji-ში მარინ სკენდერის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ის "დილაზე" საუბრობს და მიიჩნევს, რომ "ჰაიდუკის" მთავარი უპირატესობა "ტორსიდა" (ფანები) იქნება. როგორც იცით, სკენდერი 2012 წელს იდგა გორის "დილას" კარში და საკმაოდ კარგადაც წარმოაჩინა თავი, წლეულს კი დანიის "სონდერისკეში" გადავიდა.
"როდესაც "დილაში" მივედი, კლუბი არაფერს წარმოადგენდა და უმაღლესში დარჩენა-არდარჩენაზე ჰქონდა საქმე. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, რათა კლუბი ლიდერებში გარეულიყო: "დილა" აღმოჩნდა შინაგან საქმეთა მინისტრის, ფაქტობრივად, სახელმწიფოში მეორე კაცის განკარგულებაში. შემდეგ კი იყიდეს კარგი ფეხბურთელები რუსეთისა და უკრაინის ლიგებიდან. ჩემი "დილაში" მისვლისას გუნდი მე-11 ადგილზე იყო, მაგრამ გაზაფხულზე თასი მოვიგეთ, ხოლო გასულ სეზონში თბილისის "დინამოს" ვუწევდით კონკურენციას ჩემპიონატში. თუმცა, შემდეგ პოლიტიკური ცვლილებები მოხდა, ფული გათავდა და ვისაც დაბალი ხელფასზე თამაში არ სურდა, გუნდიდან წავიდა. ასე მოვიქეცი მეც. ახლა "დილაში" 5-6 ფეხბურთელია, რომელსაც ვიცნობ".
სკენდერს დანიაში "დილას" ფეხბურთელები უნახავს და "ოლბორგთან" თამაშზეც უყვება ხორვატებს:
"როცა "დილაში" ვთამაშობდით, დანიის "ორჰუსი" და კვიპროსის "ანორთოსისი" გამოვთიშეთ. პლეი ოფში კი პორტუგალიის "მარიტიმუსთან" წავაგეთ. რაც შეეხება "ოლბორგთან" თამაშს, "დილამ" 4 დარტყმიდან 3 გოლად აქცია, ხოლო "ოლბორგმა" დანიაში 30-ჯერ დაარტყა და ერთიც ვერ შეაგდო. ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელი "დილა" განსაკუთრებული გუნდია, თუმცა "ჰაიდუკი" ფრთხილად უნდა იყოს და მეტოქე დააფასოს".
აშკარად აჭარბებს ხორვატი მეკარე...
აი ასე ახასიათებს სკენდერი ქართველ ფეხბურთელებს:
"მათ არ აქვთ პროფესიონალური მიდგომა. პრობლემა მენტალიტეტშია. ზოგიერთები ზარმაცები არიან. ქართველებს ჰყავდათ კალაძე, არველაძე, ქეცბაია, მაგრამ ბოლო წლებში არავინაა გამორჩეული. 20 წლის წინანდელ დონეზე დარჩნენ. ძალა, გამძლეობა, დისციპლინა - ამ ყველაფერში ჩავარდნა აქვთ. ქართულ კლუბებს ფიზმომზადების მწვრთნელები ყოფილი იუგოსლავიიდან და ჩეხეთიდან მოჰყავთ".
რაც შეეხება "სონდერისკეში" გადასვლის ამბავს:
"როგორც კი "დილამ" ხელფასი შემიმცირა, "სონდერისკეს" ვარიანტს დავთანხმდი. თავიდან 6-თვიანი ხელშეკრულება გავაფორმე, რადგან კლუბი უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა. მერვეზე გავედით და 2-წლიანი კონტრაქტი გამიფორმეს".









