სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:28 | 20.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარიო ბალოტელი: “არავისთვის მიმიცია საბაბი, ცუდ ადამიანად ჩავეთვალე”

 მარიო ბალოტელიმ ცოტა ხნის წინ ინტერვიუ საქვეყნოდ ცნობილ ტელეარხ CNN-ს მისცა. ამერიკელ ჟურნალისტთან საუბრისას “ბალომ” მასზე შექმნილი გარკვეული სტერეოტიპის დარღვევა სცადა და “რომასთან” მატჩის დროს ტრიბუნებიდან წამოსროლილი რასისტული გამონათქვამების გამო გამოტანილი სასჯელით უკმაყოფილება გამოთქვა. 

- რამდენიმე თვეა, რაც კვლავ იტალიაში ხართ. რა გრძნობით დაბრუნდით შინ?

- სამშობლოში ყოფნით მართლაც ბედნიერი ვარ, ჩემ გვერდით ხომ ოჯახის წევრები და მეგობრები არიან. როგორც იქნა, პირადი ცხოვრებისთვის დროც მრჩება. ინგლისში თავს მოწყენილად, ეულად ვგრძნობდი.

- პროფესიული კარიერის განმავლობაში რამდენიმე ისეთი საქციელი ჩაიდინეთ, რაც პროფესიონალი ფეხბურთელისთვის არადამახასიათებელია. თქვენი პირადი ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები ხშირად ჩნდება ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდზე. ამით დაღლილი არ ხართ?

- ის რაც ინგლისშე ჩემზე იწერებოდა, მხოლოდ ნაწილობრივაა მართალი, უმრავლესობა კი ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფია. თქვენმა კოლეგებმა გარკვეული იმიჯი შემიქმნეს, რომლისგანაც თავის დახსნა მეტად რთულია. ამასთან მკითხველი ადვილად იჯერებს ათასგვარ სისულელს. შესაძლოა, ამიტომაც გადარეულ ადამიანად მთვლიან, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი. ხშირად საკუთარ თავთან მარტო დარჩენაზე ვოცნებობ. ამ შემთხვევაში არავინ დამისვამს უაზრო კითხვებს და სულშიც რ “ჩამიძვრება”. ისიც კარგად მესმის, ფეხბურთისა და მოთამაშეების პოპულარობიდან გამომდინარე, ამის ასრულება შეუძლებელი რომაა. გინდა-არგინდა ფოტოების გადაღება და ავტოგრაფების დარიგება მოგიწევს. ძალიან ძნელია, ამაზე ბავშვებს უარი უთხრა.

- თვლით, რომ ინგლისში უსამართლოდ გექცეოდნენ?

- დიახ, ასეა, თუმცა, ახლა უსიამოვნო დღეების გახსენება ყველაზე ნაკლებად მსურს. მთავარია, ინგლისში არ ვარ და ეს უკვე ბედნიერებაა. ესაა და ეს.

- ყურადღების ცენტრში მხოლოდ წმინდა საფეხბურთო ისტორიების გამო არ მოხვედრილხართ. წარსულს თვალი რომ გადაავლოთ, არაფერს ნანობთ?

- ქალების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გულისხმობთ? ვთვლი, რომ მათ მიმართ ნორმალურად ვიქცევი. ავტომობილებს თუ გულისხმობთ, სწრაფად ტარება მიყვარს და ეს პრობლემას არ მიქმნის. იყო გარკვეული არასასიამოვნო მომენტებიც, რომლებიც ჟურნალისტების მეშვეობით, მყისიერად საჯარო ხდებოდა ფართო საზოგადოებისთვის. მაგრამ, გარწმუნებთ არაფერი ჩამიდენია ისეთი, ვინმესთვის საბაბი მიმეცა, ცუდ ადამიანად ჩავეთვალე. ნორმალური ადამიანი ვარ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ახლობლებმა მშვენივრად იციან, როგორიც ვარ. ვცდილობ, უცხოებს ჩემზე შექმნილი წარმოდგენა შევუცვალო. ტელევიზიის მეშვეობით ამას მეტ-ნაკლებად ვახერხებ.

- “რომასთან” მატჩის მსვლელობისას დედაქალაქელთა გულშემატკივრებმა თქვენ და კევინ პრინს-ბოატენგს შეურაცხყოფა მოგაყენეს...

- ამგვარი რამ კიდევ ერთხელ რომ განმეორდეს, მინდვრიდან გავალ.

- იტალიის საფეხბურთო ფედერაციამ “რომა” 65 ათასი დოლარით დააჯარიმა. ამ სანქციამ ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი არ დააკმაყოფილა...

- მეც ვთვლი, რომ 65 ათასის ჯარიმის სახით დაკისრება არასათანადოდ საკმარისი სასჯელია. ფედერაციის გადაწყვეტილების თაობაზე სასამართლოში სარჩელის შეტანას ვაპირებ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099225