გერმანია-პორტუგალიის მატჩის დასრულების შემდეგ გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა ნახევარმცველმა მეჰმეთ შოლმა მარიო გომესის თამაში გააკრიტიკა. დასავლეთპირენელთა კარში გატანილი გოლის ავტორს გერმანელმა ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამოართვა და პირველი კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით დაუსვა.
- მეჰმეთ შოლის მიერ თქვენი მისამართით გამოთქმულმა კრიტიკამ გაგაკვირვათ?
- მიუნხენის “ბაიერნი” ერთი დიდი ოჯახია და მის წევრებს თავისი აზრი აქვთ. გასულ წელს შოლს ოკტობერფესტის ზეიმზე შევხვდი და მაშინ მან მითხრა, რომ კრიტიკა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პროფესიული თვითშეგნების ამაღლებას ემსახურება. მინდა, კიდევ უფრო მაღალ დონეზე რომ ითამაშო, ასეთი სიტყვებით მომმართა მაშინ მეჰმეთმა. ნებისმიერ რჩევას მივიღებ, თუმცა, არ მგონია, რომ საკუთარი თამაშის მანერა უნდა შევცვალო. ბოლო 6 წელია, გერმანული ფეხბურთის ყველაზე წარმატებული თავდამსხმელი ვარ, ჩემპიონთა ლიგაში კი შედეგიანობით მხოლოდ ლიონელ მესის ჩამოვრჩი. თანამედროვე ფეხბურთს ვთამაშობ და არ მესმის, რატომ უნდა შევცვალო სტილი...
- პორტუგალიასთან გატანილ გოლს საკუთარი საერთაშორისო კარიერის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევთ?
- დიახ, ასეა. 2008 წელს ევროპირველობასა და 2010 წლის მუნდიალზე წარუმატებლად ვითამაშე, ამიტომაც, მოხარული ვარ, ამჯერად მწვრთნელის იმედი რომ გავამართლე.
- როგორ შეაფასებთ ხარკოვში შექმნილ ატმოსფეროს? ამ ქალაქში ხომ კიდევ ერთი უკნიშვნელოვანესი შეხვედრის ჩატარება მოგიწევთ, ამჯერად ჰოლანდიასთან...
- ჯერჯერობით ქალაქის გაცნობის შესაძლებლობა არ მომცემია, ამიტომაც კონკრეტულს ვერაფერს მოგახსენებთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ტრიბუნებზე პორტუგალიასთან მატჩისგან განსხვავებული სიტუაცია იქნება. ამჯერად, ჩვენი და “ნარინჯისფერი” გულშემატკივრები თანაბრად გადანაწილდებიან.
- თქვენი აზრით, იოაჰიმ ლიოვი სასტარტო შემადგენლობაში კვლავ დაგაყენებთ?
- ვფიქრობ, ასე იქნება.
- ხომ არ გაგიკვირდათ, როდესაც 80-ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა თქვენი მიროსლავ კლოზეთი შეცვლა გადაწყვიტა?
- იმთავითვე ვიცოდი, კლოზე ადრე თუ გვიან თამაშში რომ ჩაებმებოდა. პორტუგალიელთა შემადგენლობაში ძლიერი მცველები არიან და შეტევათა წარმოება გვიჭირდა. ასპარეზობის მიწურულს დავიღალეთ და ამიტომაც არათუ გასაკვირი, ლოგიკურია, დამრიგებელმა ცვლილებები რომ განახორციელა.
- კლოზესთან როგორი ურთიერთდამოკიდებულება გაქვთ? ერთმანეთის კონკურენტები ხართ...
- ადრეც არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ – მიროსთან მინდორზეც გამოვნახე საერთო ენა, მის ფარგლებს გარეთ კი მეგობრები ვართ. ჯანსაღი კონკურენცია კი ორივე ჩვენთაგანისთვისაცაა კარგი და მთლიანად ბუნდესთიმისთვისაც. ისე კი, მესმის ლიოვის მდგომარეობა. მისთვის ძალიან ძნელია არჩევნის გაკეთება – მირო კლოზე ხომ მსოფლიოს დონის ფორვარდია. ჩვენი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტილებას ყოველი კონკრეტული მატჩის წინ და მისი მსვლელობისას მიიღებს.
- გერმანიის ნაკრების ევრო2012-ის სასტარტო მატჩი მიხაელ ბალაკმა შეაფასა. მისი მტკიცებით, გუნდმა საშუალო დონის ფეხბურთი აჩვენა და საკუთარი პოტენციალის მხოლოდ 50 პროცენტი გამოავლინა. ეთანხმებით ბალაკის თვალსაზრისს?
- ძალიანაც კარგი, თუკი ძალის ნახევარი გამოვამჟღავნეთ და ასე მოვახერხეთ პორტუგალიის ძლიერი ნაკრების ძლევა. არც ჰოლანდიელები იტყოდნენ უარს, “ნახევარი ძალით” დანიელებისთვის მოეგოთ. არ მგონია, ბალაკს ჩვენი გაკრიტიკების სურვილი ჰქონდეს და მის მოსაზრებას ჩვენი თამაშის ნეგატიურ შეფასებად არ ვთვლით.
- იოაჰიმ ლიოვმა ნაკრების მეუღლეებსა და მეგობარ გოგონებს ევროპირველობის მსვლელობისას ფეხბურთელებთან სიახლოვეს ყოფნის ნება დართო. ამ ამბავმა დამატებითი სტიმული მოგცათ?
- პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ ჩემი მეგობარი გოგონა გერმანიაში დაბრუნდა, რადგა, ორშაბათს სამსახურში უნდა წასულიყო. შესაძლოა, ის ქვეჯგუფის მესამე შეხვედრას დაესწროს, ამასთან, თუ მეოთხედფინალში გავედით, იგი ჩემ გვერდით იქნება.
გოჩა კაჭარავა









